მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები იაპონიის ბიზნესწრეებისა და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლებს ხვდებიან, იაპონელი ბიზნესდელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს ბიზნესგარემოს და საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ჩამოსულია იაპონიის ვაჭრობის ასოციაცია „როტობო", რომელიც 200-მდე კომპანიას აერთიანებს.
კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე სექტორული და თემატური პრეზენტაციები გაიმართება.
„გვინდა, წარვუდგინოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჩამოსულები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა „მიცუბიში მოტორსი", „იტოშუ", „კავასაკი" და ა.შ. ეს არის ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია და ალბათ, საიტერესო დისკუსიები გვექნება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ხვალ დელეგაციის წარმომადგენლები ბათუმში გაემგზავრებიან და აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოს ადგილზე გაეცნობიან. ვიზიტი საქართველოში 6 ივლისამდე გასტანს.