სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ძირითად მიმართულებებს გაეცნენ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მისიების ხელმძღვანელები შეხვედრაზე, რომელიც 5 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლეთან საუბარში მან ყურადღება გაამახვილა პროგრამის ძირითად მიზნებზე, მათ შორის: საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე (განსაკუთრებით ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში), ახალი საწარმოების ამუშავებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე.
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დიდი ინტერესით მოისმინეს წარმოდგენილი ინფორმაცია და საქართველოს მთავრობის ახალი სახელმწიფო პროგრამის მიზნები პოზიტიურად შეაფასეს. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, დაეხმარონ მთავრობას აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისა და საქართველოში მოქმედი სხვა დონორი ორგანიზაციების მისიების ხელმძღვანელი პირები.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.
პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: ფინანსებზე ხელმისაწვდომობას; ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება) ხელმისაწვდომობას; საკონსულტაციო მომსახურებას.
პროგრამის ფარგლებში კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე.
პროგრამის ფარგლებში მოხდება წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც შერჩეულია შემდეგი კრიტერიუმებით: იმპორტის მოცულობა და წარმოების ადგილობრივი პოტენციალი.
პროგრამის ბიუჯეტია 46 მლნ ლარი. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი 16 მლნ ლარი.