reportiori.ge - უცნაური ამბები ზეიმების კვირაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:32
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
უცნაური ამბები ზეიმების კვირაში
ავტორი:
05 ივნისი, 2014. 15:10


გასულ კვირაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე იყო. ოღონდ, ჯერ ვერ დავადგინეთ, დამოუკიდებლობის ათვლა როდიდან უნდა დავიწყოთ, 1918 თუ 1991 წლიდან;  ვერც ის გავარკვიეთ, 26 მაისს უნდა ვიზეიმოთ, თუ 9 აპრილს.

 

არეულობა აფხაზეთში


პრეზიდენტმა  მარგველაშვილმა სპეციალური ბრძანებულებით წლეულს 27 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლება პრემიერ  ღარიბაშვილს გადასცა. ამით პრეზიდენტმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და  სიტუაციიდან „ღირსეულად" გამოსვლა,  ხელისუფლების უმაღლეს წრეებში არსებულ დაპირისპირებებზე   მითქმა-მოთქმების მიჩუმათება  სცადა.


 „გავუსწოროთ" პრეზიდენტს და ჩავთვალოთ, რომ მან ეს მოახერხა კიდეც.  მაგრამ კანონი? - თუ ჩვენს ხელისუფლებას ეს ქვეყანა  გენმოდიფიცირებული ამერიკული სიმინდის ჩალით დახურული არ ჰგონია, უნდა დასაბუთებულად აგვიხსნას, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს პრეზიდენტის ამ ბრძანებულებას? სხვათა შორის, ეს კითხვა არ გაჩნდებოდა, პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილება პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილისთვის რომ გადაებარებინა.


ამასობაში ვითარება აფხაზეთში უკიდურესად დაიძაბა. 27 მაისს ოპოზიციონერები  პრეზიდენტ ანქვაბის რეზიდენციაში შეცვივდნენ. ჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანქვაბი და მისი მთავრობა გადადგა, თუმცა მალე გაირკვა, რომ პრეზიდენტი გუდაუთაში, ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ბაზაზე გადასულა. სწორედ იქ შეხვდა მას პუტინის თანაშემწე სურკოვი. იგი „გადამტრიალებელ" რაულ ხაჯიმბას და მის მხარდამჭერებსაც შეხვდა. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა ანქვაბს მხარდაჭერა გამოუცხადეს.  ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც აფხაზურმა ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე დააყენა, იმ ეთნიკური ქართველების აფხაზეთის ტერიტორიიდან გასახლება იყო, რომელთაც აფხაზური პასპორტები დარღვევებით აქვთ მიღებული. საუბარია გალისა და ოჩამჩირის რაიონების მკვიდრ დაახლოებით 3 000 ეთნიკურ ქართველზე.


უკანონო პასპორტიზაციის სკანდალის შემდეგ, გალისა და ოჩამჩირის მკვიდრ არაერთ ქართველს ე.წ. აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს. ასევე, არ გასცემენ დოკუმენტებს ამ რაიონების სკოლადამთავრებულებზე. ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას პრობლემები ექმნება პენსიებისა და ხელფასების მიღებასთან დაკავშირებითაც.


ვითარება აფხაზეთში ძალიან დაემსგავსა უკრაინულ მინი მაიდანს. თუმცა, 47-მილიონიანი უკრაინისგან განსხვავებით, აფხაზური დაპირისპირება, შესაძლოა, აფხაზი ერის სრული განადგურებით დამთავრდეს. მით უფრო, უკვე დაწყებულია საუბარი აფხაზეთის რუსეთთან „ასოცირებაზე".


კვირის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია ალექსანდრე ანქვაბის გადადგომისა და ძალაუფლების რაულ ხაჯინბას ხელში გადასვლის შესახებ.


დიდი იმედი მაქვს, ჩვენი აფხაზი ძმები საკუთარ ისტორიას პოლიტიკური ინტრიგების სამსხვერპლოზე არ მიიტანენ. მიხვდებიან, რომ დიდ რუსეთს პატარა ეკზოტიკური „უგალოკი" შავი ზღვის პირას დანარჩენი საქართველოს გარეშე ფეხებზე ჰკიდია; რომ ერთადერთი გზა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისკენ ქართველ ძმებთან საუკეთესო ურთიერთობების აღდგენა და მათთან ერთად ბრძოლაა.

 

 

ს კარაბლია  ნა  ბალ!

 

ქართველი ძმები კი გასულ კვირაში  ძველებურად მომავალი არჩევნებით ცხოვრობდნენ: მიტინგები და ანტიმიტინგები, აქციები და კონტრაქციები, არგუმენტები და კონტრარგუმენტები, კანდიდატები და მხარდამჭერები, პატრიოტები და სეპარატისტები...


ისევ  აქტუალური იყო ლეიბორისტებისა და „საქართველოს გზის" (აი, იმ გზაზეა საუბარი, რომელზეც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაგვაყენოს) კანდიდატებზე გაუგონარი ფსიქოლოგიური ზეწოლის დაუდასტურებელი ფაქტები; ოქრუაშვილის წინასაარჩევნო კამპანია გორსა და გორის რაიონში; დეპუტატობის კანდიდატების გადარბენა-გადმორბენა-გადაბირებები; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარედ პრემიების განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეული გოგი გახარიას დანიშვნა; ID ბარათების ეშმაკისეულობა; ჩურჩული მოსალოდნელ სახელმწიფო გადატრიალებაზე; ყიჟინა ქვეყნის ნათელ მომავალზე; შალვა ნათელაშვილსა და ლევან ვასაძეს შორის გადარბენილი დიდი შავი კატის ვინაობა და ა. შ.


პრემიერი გასულ კვირაში ანაკლიაშიც ჩავიდა, იქ გამართულ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმს დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. იქიდან ოზურგეთს მიაშურა (31 მაისს), ამომრჩევლებს შეხვდა და დაპირდა, რომ „ქართული ოცნება არც ერთ რეგიონში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას"!


 

სისხლის  მდინარეები  უკრაინაში


გასულ კვირაში პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ ამბავს ოპერატიულად გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სერგეი ლავროვმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს და მის საქმეებში ჩარევას არ ვაპირებთო. ისიც დაუმატა, ამბობენ,  სააკაშვილი ჩვენს სახელმწიფოებს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს და გარწმუნებთ, უკრაინასთან მისი შუამავლობა არ  დაგვჭირდებაო. ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოროშენკოს „სტრატეგიულ მრჩეველთა"  ჯგუფში შედიან ორი ამერიკელი, ორი კანადელი და ერთი, მაგრამ მძიმეწონიანი ქართველი ექსპერტი - კახა ბენდუქიძე. მოკლედ, მოძმე უკრაინის ეკონომიკა და სტრატეგია საიმედო ხელშია.


28 მაისს სააგენტო „რია ნოვოსტიმ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ევროკავშირის თავჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროსაბჭოს თავჯდომარე ჰერმან ვან რომპეის თხოვა გადადოს 27 ივნისის სამიტზე დაგეგმილი ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. პრეზიდენტის განცხადებით, იგი თვითონ დაუბრუნდება ამ საკითხს, როცა საჭიროდ მიიჩნევს. უკრაინისთვის მოცემულ მომენტში იქნებ ასე სჯობდეს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს „მაიდანი"  ზუსტად ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისთვის მოუწყვეს. პოროშენკომ განაცხადა, რომ ივნისის დასაწყისში შეხვდება რუსეთისა და აშშ პრეზიდენტებს. 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ახალბედა პრეზიდენტი კოლეგა ობამას 3 ივნისს შეხვდებოდა. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ კიევის მერი მსოფლიოს უპირველესი დამრტყმელი ვიტალი კლიჩკო გახდა. ამასობაში  აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეობს ბრძოლები ჯავშანტექნიკის, არტილერიისა (მათ შორის, ავადსახსენებელი „გრადების") და ავიაციის მონაწილეობით. 27 მაისის დონეცკის საჰაერო დაბომბვის დროს დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ნახევარი სამოქალაქო პირი იყო. განსაკუთრებით სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა დონეცკის საერთაშორისო აეროპორტისთვის. მომდევნო დღეებში დაახლოებით იგივე განმეორდა ლუგანსკის ოლქში.


გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანად განადგურებულია უკრაინელი სეპარატისტების დასახმარებლად ზარზეიმით გაგზავნილი ჩეჩნური სადესანტო ბატალიონი, დაახლოებით 47 კაცი. ეს სწორედ ის ბატალიონია, რომელიც თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ დონბასში სეპარატისტებმა ათეულობით მძევალი აიყვანეს. პრეზიდენტ პიოტრ (პეტრო) პოროშენკოს თქმით, ის სეპარატისტებთან არავითარ მოლაპარაკებას არ აპირებს.


გასულ კვირაშივე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში სავახშმოდ მიიწვია  უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პრემიერ მინისტრები არსენი იაცენიუკი, იურიე ლიანკე და ირაკლი ღარიბაშვილი.  საუბარი ევროპასთან ინტეგრაციას,  ევროპულ ფასეულობებს, ევროპისაკენ ჩვენი ქვეყნების დაუოკებელ ლტოლვას და უსასრულოდ შორეულ მომავალში ევროპულ ოჯახში ჩვენს სრულუფლებიან გაწევრიანებას შეეხო.


საუბარი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ჩვენი ქვეყნების მესამეხარისხოვან ევროპულ ბაზრად გადაქცევასა და ევროპულ ხელფასებზე. აღსანიშნავია, რომ ამ ვახშმობის პარალელურად, შორეულ ასტანაში რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის პირველი პირების მონაწილეობით სხვა ვახშამიც გაიმართა - იქ ამ სახელმწიფოების მეთაურებმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მოაწერეს ხელი.


ისე, რომ ვიკითხო, რომელი ქვეყანა  გაგვიწევდა უფრო სრულფასოვან პარტნიორობას - ყაზახეთი თუ ჰოლანდია-მეთქი, ვითომ რუსეთის აგენტად გამომაცხადებენ? ყოველ შემთხვევაში, ალბათ სიფრთხილეს თავი არ სტკივა - 28 მაისს თბილისში „ევრაზისტების" მომხრეთა მიტინგი პრეზიდენტის ავლაბრის სასახლესთან  ევროინტეგრაციის მომხრეთა (უფრო პროზაულად - სააკაშვილზე თავდავიწყებით შეყვარებულთა)  თავდასხმით დამთავრდა.


არადა, ის „საზიზღარი სეპარატისტები" რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვდნენ, მეტს არაფერს.


იმ ხალხის გასაგონად, მიშა, ევროპა და სამშობლო ერთიდაგივე რომ ჰგონიათ და ერთნაირად რომ უყვართ: ვინაიდან საერთო საზღვარი არ გვაქვს, ჩვენთვის უმოკლესი გზა ევროპისაკენ გადის თურქეთზე, რომელიც თვითონ ოფიციალურად 1987 წლიდან ელის ევროკავშირში გაწევრიანებას. მოკლედ, სანამ გავევროპელდებოდეთ, მანამ საფუძვლიანად გათურქება მოგვიწევს. აი, ეს პროცესი კი ჩვენი ევრო(პა)მოყვარული ხელისუფლებების წყალობით მართლაც გრიალით მიდის. ვისაც არ გჯერათ, ერთ საღამოს თბილისში, ოდესღაც მშობლიურ „პლეხანოვზე" (ახლა რომ „დ. აღმაშენებელი" ჰქვია) გაისეირნეთ, გნებავთ - ლესელიძეზე (ახლანდელი კოხტა აფხაზის ქუჩა).  თუ თურქული კარგად იცით, დღის საათებში ბათუმში გასეირნებაც კი  შეიძლება (არა, სიღნაღი არა - იქ ჩინურად ლაპარაკობენ).

 

 

... და ვაკის ლიტერატურულ კაფეში


შოკისმომგვრელი სიახლეების გარეშე, ტრადიციულად, არც გასულ კვირას ჩაუვლია - კვირის პირველსავე დღეს კაი ოჯახის შვილმა, კაი ბიჭმა და კარგმა მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა ნამერალ-ნაელჩარ-ნამინისტრალ ზურაბ ჭიაბერაშვილს ვაკის ლიტერატურულ კაფეში თავში ჩაის ჭიქა ჩაარტყა. წამით ადრე კი იქვე მყოფ მსოფლიო პუბლიცისტიკის „სიამაყესა“ და „ნაცგამპრავებელ" ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხა.


გამოძიება დაადგენს, ცხელი ჩაი რეზო თაბუკაშვილმა მეორემ სახლიდან მოიტანა, თუ კაფეში თანამზრახველები ჰყავდა.  ამ „ეროვნულ უბედურებას“ ზედ დაერთო მეორე არანაკლებ დიდი უბედურება - იმავე დღეს, იმავე უბანში ავტობუსი დაეჯახა ქართული ნაციონალური იდეოლოგიის მამამთავარს, „თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორს, ლევან რამიშვილს! სასწრაფო დახმარების მანქანაში ჭიაბერაშვილის მიერ გადაღებულმა  ჭიაბერაშვილის  სისხლდამდინარე და მომღიმარი სახის ფოტომ მსოფლიო ელვის სისწრაფით შემოირბინა. 


ბუნდოვანებითაა მოცული ამ საშინელი დანაშაულის მოტივი. ამიტომ გამოვთქვამ ვარაუდს, იქნებ ძიებას სწორი გზის პოვნაში დავეხმარო - მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღისით-მზისით, შუაგულ თბილისში, ვაკეში მომიტინგე ქალებს რომ საჯაროდ დედა აგინა, გახსოვთ? როგორც ვიცი, რეზო თაბუკაშვილი ერთ-ერთი იმ შეგინებული, სულში ჩაფურთხებული, ნაცმოძრაობის მიერ ჩარეცხილი და არარაობად გამოცხადებული დედის შვილია. არა, შურისძიება აქ არაფერ შუაშია - უბრალოდ, შეუძლებელია ჭიაბერაშვილი და ლადარია ერთად ნახო და ხელი ჩაის ჭიქისკენ არ გაგექცეს!


რაც შეხება ლევან რამიშვილს, მას ალბათ ქუჩაში ავტობუსი გამოეკიდა და მძღოლის უყურადღებობაზე საუბარი ნამდვილად არ ღირს. როგორც გავიგე, ყოფილ ნაცბობოლებზე სერიოზულად ნადირობენ აგრეთვე ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, მეტროს მატარებლები და წართმეულ-ჩამორთმეული ჯიპები. იმ ასიათასობით მოსისხლესაც ნუ დაივიწყებთ, რომელთა შეძენაც ნაცმოძრაობის იდეოლოგებმა და „შემსრულებლებმა" მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში მოახერხეს.

 

 

ზეიმი მიბრძანებია!..


დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, როგორც იმ კარგად დავიწყებულ კომუნისტურ ეპოქაში, ახლაც თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. სასიამოვნოა, რომ ეს არ იყო მტრის თვალის დასაყენებლად მოწყობილი პომპეზური წარმოდგენები - თბილისში, გორში, თელავში თუ სხვაგან, ყველა მსურველს შეეძლო ახლოდან ენახა, ხელით შეხებოდა „ჯადოსნურ" სამხედრო ტექნიკას, რომელსაც, სხვა დროს, როგორც წესი, ტელევიზორში თუ მოჰკრავდა თვალს; გასაუბრებოდა სამხედრო პირებს და სპეციალისტებს. გაიმართა სახალხო სეირნობები და ულამაზესი „ყვავილების დღესასწაულები".


იყო, რასაკვირველია, ამ დღესთან დაკავშირებული კორპორაციული, მეგობრულ-ოჯახური, ოფიციალური, ნახევრად ოფიციალური თუ ინტიმური შეხვედრები ქართული ღვინით, ჩოხებით, ფრაკებით, არქიელით და გუბერნატორით. პრეზიდენტისას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საზეიმო მიღება გამართა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

 

მიხეილ დარახველიძე


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016