reportiori.ge - „დინამომ“ მიხალ ბილეკი წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:35
ინტერვიუ
„დინამომ“ მიხალ ბილეკი წარადგინა
06 ივნისი, 2014. 22:12



დღეს, თბილისის „დინამოს“ საპრესკონფერენციო დარბაზში კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტებს გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჩეხი მიხალ ბილეკი და „დინამო“ თბილისის ახალი გენერალური დირექტორი ლევან ზუხბაია წარუდგინა. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა კლუბის სპორტული მენეჯერი ირაკლი ვაშაკიძე.

 

რომან ფიფია: „მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მიხალ ბილეკი, რომელიც საკმაოდ ცნობილია ევროპაში. ბევრი რომ არ ვისაუბრო მასზე, ბოლო 4 წელი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი იყო. ასევე მუშაობდა კარგ კლუბებში და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. რამდენიმე მწვრთნელთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და საბოლოოდ, ბილეკზე შევჩერდით. დრო გვიჩვენებს რამდენად სწორად მოვიქეცით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გაამართლებს. მალე დავინახავთ „დინამოს“ წინსვლას. ბილეკს გუნდის კარგად მობილიზება შეუძლია. ხშირად მეკითხებიან, ზამთარში რატომ არ გადმოგვყავს მწვრთნელი რომ მას სათანადო დრო ჰქონდეს ევროასპარეზისთვის. საქმე იმაშია, რომ ზამთარში კარგი მწვრთნელების უმეტესობა დაკავებულია, მათთან მოლაპარაკებების წარმართვა კი ზაფხულში გვიწევს. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ლევან ზუხბაია „დინამოს“ გენერალური დირექტორი გახდა. მას ყველა კარგად იცნობთ, რადგან იგი 10 წელზე მეტია აქ მუშაობს.“

 

- რატომ გაფორმდა მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი? რატომ იცვლის „დინამო“ ასე ხშირად მწვრთნელებს? რატომ გაანთავისუფლეთ გენერალური დირექტორი?  ტრანსფერებზე რას იტყვით? ვიხილავთ თუ არა უცხოეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს?

 

რომან ფიფია: „საუბარია არა ერთ წელზე, არამედ 1+1 კონტრაქტზე. ერთი წელი ალბათ მწვრთნელს მეტ მოტივაციას აძლევს. „დინამოში“ ყველაზე მაღალი დონის მწვრთნელისთვისაც არაა იოლი მუშაობა. თუკი პროგრესი იქნება, ერთს კი არა, სამ წელსაც გავაგრძელებთ. დიდი გზა გვაქვს გასავლელი იქამდე, რომ ყოველწლიურად გავდიოდეთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მწვრთნელების ცვლას რაც შეეხება, დუშანმა თავად მოისურვა წასვლა, თუმცა როგორც ვატყობ ახლა ნანობს, ოღონდ კარგი გაგებით. მალხაზ ჟვანია კი უბრალოდ დროებითი მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. იგი ჩვენი გუნდის წევრია და „დინამოში“ დარჩება. ასევე დროებით მოსული იყო ყოფილი გენერალური დირექტორი მამუკა მახათაძე, რომელიც ახლა თავისი პროფესიული კარიერის მიმართულებით იმუშავებს.

 

რაც შეეხება ტრანსფერებს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. უცხოეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერბზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ვინც მოგვწონს, ჩამოსვლა არ უნდათ, ვინც ჩამოდის - ის ჩვენს მწვრთნელებს არ მოსწონს. საერთოდაც, ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელების გადმოყვანა გვინდა, რომელსაც შეუძლია გუნდს რაიმე შემატოს. არამგონია ეგ ქართველი ფეხბურთელები მასეთი პროფესიონელიზმით გამოირჩეოდნენ. ჩვენი მომავალი აკადემიაზეა დამოკიდებული. ესაა ჩვენი იმედი, რომ იქიდან ამოვა პროფესიონალთა თაობა.“

 

- რომელმა ფეხბურთელებმა დატოვეს გუნდი? საუბარია თოთაძისა და ჩირგაძის ტრანსფერზეც, რამდენად შეესაბამება რეალობას?

 

ირაკლი ვაშაკიძე: „გუნდი დატოვეს დორინ გოგამ, იანსემ, გლიშიჩმა, რეხვიაშვილმა და ტვილდიანმა, რომელთანაც ორმხრივ შეთანხმებას მივაღწიეთ. მან ისეთ კლუბში უნდა ითამაშოს, სადაც მეტი სათამაშო დრო და პრაქტიკა ექნება. სანდრო კობახიძის დამატება გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. მას სხვა მიზნები აქვს და ამიტომაც, მოლაპარაკება შეწყდა. რაც შეეხება ამისულაშვილს, ვერც მას დავიმატებთ. ამ ორი ფეხბურთელის დამატება ვერ ხერხდება.

 

თოთაძემ, თავი გამოიჩინა უკანასკნელ სეზონში. მას კარგი სისწრაფე და ბურთის ფლობა აქვს. ასე რომ, ვთვლი „დინამოს“ გამოადგება. რაც შეეხება ჩირგაძეს, მასზე საუბარიც არ ყოფილა. პირველად მესმის თქვენგან.“

 

მიხალ ბილეკი: „დინამოში“ ყოფნით გახარებული ვარ. ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ გვინდა „დინამო“ ევროტურნირზე გავიყვანოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიდეთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ.“

 

პრესკონფერენციის დროს ჩეხმა სპეციალისტმა რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი.

 

- ევროსეზონამდე ერთი თვე დარჩა. რამდენად მოახერხებთ გუნდის მომზადებას?

 

- გუნდი ძალიან კარგი და ძლიერია. მართალია ცოტა დროა, მაგრამ გუნდს კარგი საფუძველი აქვს ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად.

 

- სავარაუდო მეტოქეთა შორის არის „სპარტაც“, რომელსაც თავად წვრთნიდით. რამდენად ისურვებდით მასთან შეხვედრას და თუა ისეთი კლუბი, რომელთან შეხვედრასაც თავს აარიდებდით?

 

- სპარტა“ ძალიან ძლიერი გუნდია. „დინამოს“ მსგავსად, მასაც დუბლის გაკეთება უნდა და მირჩევნია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვა კლუბს შევხვდეთ.

 

- დუშან უჰრინს თუ ესაუბრეთ?

 

- წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე დუშანს და კონტაქტს ისევ ვინარჩუნებთ. ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ და მომავალშიც გვექნება საუბრები.

 

- ქართველ გულშემატკივარს დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთის ყურება არ უყვარს. რამდენად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს „დინამო“ მომავალში?

 

- წარმატებული თამაში ისაა, როცა გულშემატკივარი მოედნიდან გახარებული მიდის. მათ გასახარებლად უნდა მოიგო, რომ მოიგო უნდა გაიტანო. ვეცდებით, ბევრი გოლი გავიტანოთ.

 

- რა იქნება გუნდის პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი?

 

- მაქსიმუმი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა, მინიმუმი - ევროპის ლიგაზე.

 

- საინტერესოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტებად ვინ მიგაჩნიათ?

 

- ამ ეტაპზე, მე უფრო „დინამოზე“ ვარ ორიენტირებული, მაგრამ ვფიქრობ, ბრაზილიის ნაკრები მოიგებს.

 

ლევან ზუხბაია: „დიდი მადლობა ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ვეცდები კლუბი განვითარების მაღალ საფეხურზე გადავიყვანო. გუნდი რამდენიმე დღეში სტამბულში შეკრებას გაივლის, შემდეგ კი ჰოლანდიაში სპარინგებს. მწვრთნელის გადასაწყვეტია, რომელ გუნდთან ისურვებს ამხანაგურ მატჩებს. შემოთავაზებები საკმარისად გვაქვს.“

 

 

რომან ფიფია: „ძალიან მალე, აკადემიის ცენტრში გაიხსნება ფან-შოპი. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ადგილას გვექნება მაღაზია. უახლოეს მომავალში, საკმაოდ მაღალკვალიფიციური მარკეტოლოგები უნდა დავიქირაოთ და ბევრ სიახლეს გპირდებით.“


 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016