reportiori.ge - საქართველო უცხოურ მასმედიაში (2-8 ივნისი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო უცხოურ მასმედიაში (2-8 ივნისი)
ავტორი:
09 ივნისი, 2014. 11:02

რაც უფრო ახლოვდება ნატოს უმაღლესი დონის სამიტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, უელსში უნდა გაიმართოს, უცხოურ მასმედიაში სულ უფრო აქტიურად შუქდება საქართველოს ალიანსში მიღების პრობლემატიკა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, თუმცა საკმაოდ ბევრი მასალაა გამოქვეყნებული საქართველო-უკრაინის ურთიერთობის შესახებაც. კვლავ იბეჭდება მასალები აფხაზეთში არსებული სიტუაციის შესახებ, რომელსაც ბოლო დღეებში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის" სიტუაციაც დაემატა... და ბოლოს, თურქულ მედიაში გამოჩნდა მასალები „თურქი-მესხების" მდგომარეობის შესახებ.


1. ნატო ქართულ ჰორიზონტზე: გაცრუებული იმედები

            ბერლინის „გერმანულ-თურქულ ჟურნალში" გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნატო კავკასიისკენ მიმავალ გზაზე" (ავტორი კასპარ შლიფაკი), რომელშიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაა გაანალიზებული.


            „სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე შეიძლება ამ სამხედრო ბლოკში საქართველოს მიღების საკითხი დადგეს. ნატოს თვალსაზრისით, საქართველო პოლიტიკურად მომგებიანი სახელმწიფო-კანდიდატია, კავკასიაში მისი რუსეთსა და ირანს შორის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით.


საქართველოს დიდი ხანია სურს ნატოს წევრად მიღება. თუ ამ კავკასიურ რესპუბლიკას ალიანსში მიიღებენ, ამით რუსეთის საფრთხე შემცირდება და თვით საქართველოს სამხედრო ძლიერებაც გაიზრდება", - აღნიშნავს ავტორი და იქვე იმოწმებს გერმანიის საგარეო საქმეთ ამინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სიტყვებს საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.


„სამწუხაროდ, ნატოს თავის რიგებში საქართველოს მიღება გათვალისწინებული არ აქვს. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, მართალია, თბილისმა წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელიო. თან კიდევ რაღაც მინიშნებებს აკეთებს - საქართველოს წარმატება ღირსეულად იქნება შეფასებულიო. რას ნისნავს ეს, საქართველოს მაინც მიიღებენ? ისე, უნდა გავიხსენოთ, რომ თბილისს გაწევრიანება ჯერ კიდევ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე აღუთქვეს - განუცხადეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ალიანსის სრულუფლებიანი სუბიექტი გახდებოდა.


ნატოს სრულუფლებიან წევრად მიღება იქით იყოს და საქართველოს „მაპ"-ში ჩართვის ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ დიპლომატების თქმით, ალიანსის მძიმეწონიან ევროპელ წევრებს, მათ შორის გერმანიას, ამ საკითხისადმი მნიშვნელოვანი ეჭვები აქვთ. ეს ქვეყნები ფიქრობენ, რომ ნატოში საქართველოს მიღებით ალიანსი შეიძლება საქართველო-რუსეთის კონფლიქტში იქნეს ჩათრეული, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო.


2008 წლის ზაფხულში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენა სცადეს, მაგრამ რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიიდან კონტრშეტევა განახორციელა და საქართველოს არმია შეავიწროვა და საბოლოო ჯამში დაამარცხა. ცოტა ხნის შემდეგ კი მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამასტან , ნატოს მიაჩნია, რომ ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.


რუსეთის პოზიციის მიხედვით, საქართველოს მიღება ნატოს წევრად ანტირუსული პროვოკაციის ტოლფასი იქნებოდა, რადგან ჯერ ერთი, ეს მოუგვარებელ კონფლიქტებში ალიანსის ჩარევას გამოიწვევს და მეორე - კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვლებოდა, ასევე გაიზრდებოდა შავ ზღვაში ნატოს ყოფნის პოტენციალი", ნათქვმია პუბლიკაციაში.


ბოლოს და ბოლოს, რატომ არ ღებულობენ საქართველოს ნატოში?


რუსული გამოცემის „კასპფაქტორის" საიტზე გამოქვეყნებულია  მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის („მგიმო") მეცნიერ-თანამშრომლის ანდრეი სუშენცოვის სტატია, რომელშიც იგი ცდილობს ამ კითხვას პასუხი გასცეს.

 „საქართველო ამჟამად რეგიონული უსაფრთხოების არცერთ სისტემაში არ მონაწილეობს. თბილისი პირისპირ, ერთი-ერთზე იმყოფება მის მიერვე გამოწვეული საფრთხეების წინაშე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავისებურად, განსაზღვრული სახით აღიქვამს. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია, მაგალითად, ამ საფრთხეს მხოლოდ რუსეთში ხედავდა. ამ მიზეზით მან, დასავლეთის დახმარებით, რამდენიმე წლის განმავლობაში, რეგიონული მასშტაბით საკმაოდ შთამბეჭდავი არმია შექმნა. დასავლეთის აზრით, ეს შეიარაღებული ძალები საქართველოსგან შორს, ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში უნდა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ თბილისი სხვაგვარად ფიქრობდა: მას თავისი არმია სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღსადგენად ჭირდებოდა. მიხეილ სააკაშვილის სამწუხაროდ, ომი, რომლისთვისაც იგი არმიას ამზადებდა, სრულად იქნა წაგებული, ამიტომაც დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე ფაქტიურად არანაირი ისეთი სამხედრო ამოცანები არ დგას, რომლებიც მის არსებობას გაამართლებდა.


თუმცა საქართველო რუსეთის მხრიდან მაინც სერიოზულ საფრთხეს ხედავს. ქართულ საზოგადოებაში ვრცელდება სტერეოტოპული წარმოდგენები, რომ რუსეთი რეგიონულ პოლიტიკაში ისტორიულად ანტიქართულ როლს ასრულებდა და ეს იძულებულს ხდის საქართველოს რუსეთისაგან თავი დაიცვას..


ქართველები თავიანთი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტიას ნატოში გაწევრიანებაში ხედავენ. ამ თვალსაზრისით უკვე მიღწეულია კონსენსუსი ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას  - „ქართულ ოცნებასა" და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შორის. რიგი მარგინალური პარტიები საქართველოს ნეიტრალიტეტის ან პრორუსულ ბლოკებთან მიერთების მოთხოვნით გამოდიან, მაგრამ ზოგადად ასეთი იდეები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრების მეინსტრიმში არ შედის.


რადგანაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანება ერთმხრივი პროცესი არ არის, მას თბილისის სურვილის გარდა, ნატოს თანხმობაც ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, უახლოეს წლებში საქართველოს შესვლა ამ სამხედრო დაჯგუფებაში ჯერ-ჯერობით არარეალურია. დასავლეთ ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც მკაცრად წინააღმდეგნი არიან იმისა, რომ საქართველო ალიანსის სტრუქტურაში მიიღონ და მასზე ნატოს წესდების (ხელშეკრულების) მე-5 მუხლის იურისდიქცია გავრცელდეს. ევროპის მეტწილ ქვეყნებისათვის აშკარა გახდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კონტექსტი, თუ რა მოჰყვება სამომავლოდ მსგავს მოვლენას, საქართველოს ნატოში ყოფნის შემთხვევაში.


საქართველო მუდმივად გზავნის თავის შეიარაღებულ ძალებს ნატოს ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, ანუ ამით თბილისს სურს დაამტკიცოს, რომ ის რეგიონში უსაფრთხოების მთავარი დამცველია, მისი მთავარი შემოქმედი, თუმცა სინამდვილეში პირიქითაა - დამცველი და შემოქმედი კი არ არის, არამედ სხვისი დახმარების მომხმარებელი. ნატოს არცერთი ქვეყანა და საერთოდ, მთლიანად ალიანსი არასდროს არ გამოვა საქართველოს უსაფრთხოების გარანტად, რადგან ყველას ესმის - 2008 წელს თბილისი პროვოკატორულად მოიქცა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან კონფრონტაციის წინაშე დააყენა. 


ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში და მით უმეტეს, ნატოს უელსის სამიტზე საქართველო ალიანსში გასაწევრიანებლად სამოქმედო გეგმასაც („მაპ") ვერ მიიღებს, მაგრამ თუ რაღაც მიზეზების გამო თბილისის ოცნების განხორციელებისათვის უცებ რეალური პერსპექტივა გაჩნდება, ეს, ცხადია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მკვეთრ გამწვავებას ნიშნავს. ზოგადად უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მიცემა ეს არა იმდენად საქართველო-ნატოს ურთიერთობის საკითხია, არამედ უფრო ნატო-რუსეთისა, რადგან ამ ფაქტით ევროპული უსაფრთხოების სისტემიდან რუსეთის  განდევნა ხდება. ამ თვალსაზრისით საქართველოს როლი ისევ მაპროვოცირებელია.

კომპრომისი ამ საკითხში დღემდე ასეთი სახით გამოიყურებოდა: ნატოს ქვეყნები საქართველოს კულუარულად ანიშნებდნენ, რომ ის ალიანსის წევრი ვერასოდეს ვერ გახდებოდა, რუსეთს კი უგზავნიდნენ სიგნალებს, რომ მასთან ურთიერთობა მოეგვარებინა და საფრთხის განცდა მოეხსნა. უკრაინის კრიზისმა ევროპულ დედაქალაქებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და სიტუაცია ნეგატიურად შეცვალა. თუ ამ მიმართებით რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება მკვეთრად გამწვავდება და დადგება საკითხი ურთიერთობის სრული გაწყვეტისა, ახალი „ცივი ომისა", მაშინ საქართველოს ნატოში მიღება რეალურ კონტურებს შეიძენს. მაგრამ მანამ, სანამ ეს არ მოხდება, საქართველო ნატოს გარეთ იქნება", - წერს ანდრეი სუშენცოვი.


2. მიხეილ სააკაშვილი - „უკრაინის არაოფიციალური ლიდერი"?

როგორც ყოველთვის, რადიო „ეხო მოსკვის" ეთერში ცნობილმა რუსი ჟურნალისტმა იულია ლატინინამ, რომელსაც პერსონალური გადაცემა „კოდ დოსტუპა" („დაშვების კოდი") მიჰყავს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები გაიხსენა.


იულია ლატინინამ ჯერ, ტრადიციულად, საკუთარი სამშობლოს - რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა: აი, რა ცუდია კრემლი, რა ცუდია რუსეთი, რომელიც ზოგიერთ სახელმწიფოს, განსაკუთრებით მეზობლებს, სულ მცირეოდენ შეცდომას არ პატიობს და მოსკოვი მათ შეცდომებზე ოსტატურად იჭერს. „ასე დავკარგეთ საქართველო, რომელიც რუსული სამყაროს ნაწილი იყო, ასე ვკარგავთ უკრაინას", - ამბობს რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი.   


საინტერესოა, რომ თუ ადრე იულია ლატინინა ქება-დიდებას ასხამდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მოქმედებას, ამჯერად მან ჩვეულებას გარკვეულწილად „უღალატა" და აღნიშნა, რომ „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა მართლაც მცდარი იყო. განსაკუთრებით დიდი სისულელე ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა, როცა მან ის კონტრაბანდული ბაზარი გააუქმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებობდა (იულია ლატინინას, როგორც ჩანს, მხედველობაში აქვს ერგნეთის ბაზრობა). მიხეილ სააკაშვილი თვლიდა, რომ სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ამ ბაზრის წყალობით არსებობდა და თუ მას გააუქმებდა, ცხინვალის ხელისუფლება მასთან მუხლებზე დაჩოქილი მიხოხდებოდა. გაუქმებით კი გააუქმა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება სააკაშვილთან კი არა, რუსეთთან მიხოხდა".


რასაკვირველია, უნდა ვივარაუდოთ, რომ იულია ლატინინა მიხეილ სააკაშვილს საბოლოო ჯამში მაინც არ გაწირავს და ეს მცირე „კრიტიკა" საქართველოს ექს-პრეზიდენტის იმიჯს არ შელახავს. აქსიომაა, რომ აბსოლუტურად იდეალური პრეზიდენტი არ არსებობს და ამიტომ, ობიექტურობის გამო, ცოტა ხომ მაინც უნდა გააკრიტიკო, საყვარელი პრეზიდენტიც კი.


ამასობაში მიხეილ სააკაშვილი კვლავ თავის ამპლუაშია: უკრაინის ტელეკომპანიების ეთერში მისი გამოსვლების სიხშირეს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ იგი უკრაინის არაოფიციალური ლიდერის როლს ასრულებბს.


თვითონ განსაჯეთ: პირველი ივნისს, უკრაინის ტელეკომპანია ინტერის" პროგრამაში  „პოდრობნოსტი ნედელი" საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვით ლოს-ანჟელესიდან (აშშ) ისაუბრა. ბუნებრივია, როგორც ყოველთვის, იგი ამ ტელეხიდის დროსაც კიევ-მოსკოვ-თბილისის ურთიერთობას შეეხო და როგორც მას სჩვევია, რუსეთი და ვლადიმერ პუტინი „ლამაზ-ლამაზი" ეპითეტებით შეამკო.


მიხეილ სააკაშვილმა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ჩეჩნეთი და ჩეჩნეთის ლიდერი: „არიან ადამიანები, რომლებიც ტაშს უკრავენ უკრაინაში კადიროვის მიერ გაგზავნილ ჩეჩენ მკვლელებს. ეს ადამიანები უკრაინის მოღალატეები არიან. დაე, ისინი რუსეთში წავიდნენ, უკრაინის მიწაზე მათი ადგილი არ არის". გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ ძარცვავდა რუსეთის არმია ქართულ ეკლესიებს და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მართლმადიდებელი არ არის: „იმას, რასაც პუტინი გვეუბნება, რომ ჩვენ ყველა სლავები და მართლმადიდებლები ვართო, სიცრუეა. საქართველო მართლმადიდებლობას მეოთხე საუკუნიდან აღიარებს. როცა რუსეთის არმია ჩვენთან შემოიჭრა, ისინი ქართულ ეკლესიებს ძარცვავდენენ და ანგრევდნენ. პუტინი ისეთივე მართლმადიდებელია, როგორც მე თეთრი დათვი... უნდა გავაცნობიეროთ, რომ იგი ჩვენი საერთო მტერია", - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.


მიხეილ სააკაშვილი შეეხო აგრეთვე უკრაინის რეფორმებს და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა თანამდებობებზე ახალგაზრდა კადრები დანიშნოს, „რათა ახალი იანუკოვიჩები არ გაჩნდეს". „გაუშვით ძველი აპარატი და თანამდებობები ახალგაზრდებს მიანდეთ. ახლა თქვენ 25-30 წლის ხალხი გჭირდებათ. სხვაგვარად უკრაინას მომვალი არ ექნება... კორუფცია და ბიუროკრატია უნდა მოსპოთ. სანამ მოქალაქეები გრძელ რიგებში იდგებიან, ეკონომიკას არაფერი ეშველება. თქვენ სხვა ალტერნატივა არ გაქვთ, უკრაინა ნორმალური ევროპულ სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს. ევრაზიული კავშირი უბადრუკი გაერთიანებაა. როგორც კი უკრაინა სახელმწიფოებრივ ფუნდამენტს ააშენებს, რუსეთი თქვენგან ვეღარაფერს მიიღებს", - აღნიშნა მან.


"ინტერის" პროგრამაში გამოსვლიდან ორ-სამ დღესაც არ გაუვლია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა. ამჯერად იგი  უკრაინის „სატელევიზიო ახალ ამბებში" („ტელევიზიონნაია სლუჟბა ნოვოსტეი") გამოვიდა და ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს, ინაუგურაციის შემდეგ, თავისი დახმარება შესთავაზა და თან რჩევა-დარიგებები მიაყოლა. „მე არ შემიძლია მუშაობა, მაგრამ არიან ქართველები, რომლებიც აქ უკვე მუშაობენ - იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებში, კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში და სხვა რეგიონულ სტრუქტურებში. ჩქარა აქ კიდევ ჩამოვა „ქართული ეკონომიკური სასწაულის" მომხდენი სპეციალისტების ჯგუფი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და ხაზგასმულად მიუთითა, რომ პეტრე პოროშენკომ რუსეთს არაფერი არ უნდა დაუთმოს, უნდა გააგრძელოს ანტიტერორისტული ოპერაცია და პროვოკაციებს არ წამოეგოს. ვის-ვის და მიშას ნამდვილად აქვს კრემლთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება, თავის მიერ გადადგმული მართლაც პროვოკაციული ნაბიჯების გამო.


რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგები ყურადღებით აკვირდებიან მიხეილ სააკაშვილისა და პეტრე პოროშენკოს ურთიერთობას. ისინი აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პეტრე პოროშენკოს შეეძლო „სუფთა ფურცლიდან" დაეწყო და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ ოპოზიციასთან საერთო ენა მოენახა, მაგრამ მან მაინც ძალისმიერი პოლიტიკის გატარება და თავის მოქმედებებში გარეშე ძალებს დაყრდნობა არჩია.


როგორც ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი წერს ანალიტიკურ გამოცემა „ნოვაია პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პოროშენკო საქართველოს ექს-პრეზიდენტის კვალზე მიდის", ამ თვალსაზრისით საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება დღევანდელ და საქართველოს 2004-2008 წლების სიტუაციებს შორის, აგრეთვე ბალკანეთის 1990-იანი წლების რეალიებთან მიმართებით.


„2004 წელს, ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, რომელიც აფხაზეთის ომში დამარცხების გამო რამდენჯერმე შეეცადა რევანშის აღებას, საქართველოს ხელისუფლების ოლიმპზე „ვარდების რევოლუციის" შედეგად ახალგაზრდა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ავიდა, რომელიც ადრე ავტონომიებთან დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა. თითქოს ისე ჩანდა, რომ თბილისს ხელში ყველა კოზირი ეჭირა: მოსკოვი იმ დროს მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას. უფრო მეტიც - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ახალი ორმხრივი ხელშეკრულების დადების თაობაზეც.


მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კონფლიქტის მოგვარების გზით წასულიყო, ქართველმა ლიდერმა პირიქით - ისინი „გამოაღვიძა", შეცვალა მათი გადაჭრის პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები, რათა სამშვიდობო პროცესიდან მოსკოვი განდევნილიყო. აქვე სპეციალურად უნდა შევნიშნოთ: თავიდანვე რომ მიეღო მიხეილ სააკაშვილს სიგნალები ამერიკიდან ევროკავშირიდან, რომ მას არ უნდა დაერღვია რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები და რომ მას თავისი დასავლური ინტეგრაციული მისწრაფებების დროს რუსეთის პოზიციები უნდა გაეთვალისწინებინა, საქართველო ბევრ უბედურებას - ადამიანთა მსხვერპლს და უდიდეს ეკონომიკურ ზარალს თავიდან აიცილებდა, არ იქნებოდნენ ახალი ლტოლვილები და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების „დათვური სამსახურმა", რომელიც ზოგჯერ დუმილში, ზოგჯერ კი მოწონების მინიშნებებში გამოიხატა, მიხეილ სააკაშვილს ილუზიები გაუჩინა, რომ თბილისის ყოველი მოქმედება ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხარდაჭერას მიიღებდა. როგორი იყო მისი იმედგაცრუება 2008 წლის აგვისტოში, როცა ცხინვალზე მის შეტევას დასავლეთი საყოველთაო სიხარულით არ შეხვდა...


სხვათა შორის, ის, რაც დონბასში მოხდა, „დეჟა ვიუს" შთაბეჭდილებას ქმნის - თითქოსდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს 1995 წლის სერბსკა კრაინასა და 2004-2008 წლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ ამბებს. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს „მონოპოლიური ძალადობის" განხორციელებას: პირველ შემთხვევაში - ხორვატიის მხრიდან სერბსკა კრაინას წინააღმდეგ და მეორეში - საქართველოს მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით არაპროდუქტიულად გვეჩვენება უკრაინის „თავლების დახუჭვა" საკუთარი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილ ექსცესებზე და ყველაფრის მოსკოვისათვის და „პრორუსული სეპარატისტებისადმი" გადაბრალების პოლიტიკა.


ასეთი ცალმხრივი მიდგომები ახლადარჩეულ პრეზიდენტს ცუდ სამსახურს გაუწევს. დღეს უკვე ცხადი გახდა, რომ პეტრე პოროშენკომ თავის ინაუგურაციამდე ბლიცკრიგის განხორციელება ვერ მოასწრო, მაგრამ თუ იგი სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილის ნაკვალევს გაჰყვება, მაშინ უკვე შეიძლება მის პოლიტიკურ ფინალზე ფიქრი, რუსეთთან რაიმე დაკავშირების გარეშეც კი", - აღნიშნავს სერგეი მარკედოვოვი პუბლიკაციაში.


მიხეილ სააკაშვილის მიერ „გაკვალულ გზაზე" პეტრე პოროშენკოს სიარულს ეხმიანება რუსული „კომსომოლსკაია პრავდას" უკრაინულ გამოშვებაში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რისთვის ჭირდება პეტრე პოროშენკოს ქართველი მრჩევლები?", რომელშიც საუბარია კიევის ხელისუფლების უცხოელი მრჩევლების, მათ შორის კახა ბენდუქიძის შესახებ.

გასულ კვირას უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ახალი ორგანო ჩამოყალიბდა - ეკონომიკური სათათბირო საბჭო, რომლის შემადგენლობაში ხუთი ცნობილი ეკონომისტი იქნება. მათგან ყველაზე საინტერესოა ქართველი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე. 2004-2008 წლებში იგი საქართველოს ეკონომიკური რეფორმების კოორდინაციის მინისტრი იყო, 2008-2009 წლებში კი საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობდა. სწორედ მან განახორციელა საქართველოს რეფორმების უმეტესობა, რომელთა შედეგად ქვეყანამ ბიზნესის წარმოების გაიოლების რეიტინგში 137-ე ადგილიდან მე-11-ზე გადაინაცვლა და თვით გერმანიას და საფრანგეთს გაუსწრო.


კახა ბენდუქიძის გარდა, მრჩეველთა საბჭოს წევრები იქნებიან უკრაინული წარმოშობის ორი კანადელი ეკონომისტი - ტორონტოს უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანამშრომლები ოლეგ გავრილიშინი და ვასილი კალიმონი. საბჭოში შევლენ აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ანდერს ოსლუნდი და დარონ ასემოღლუ მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.


საინტერესოა, რომ ოლეგ გავრილიშინი და ანდერს ოსლუნდი უკრაინას კარგად იცნობენ: პირველი ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო 1992-1993 წლებში, ხოლო მეორე - პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა.


არაა გამორიცხული, რომ უკრაინის ეკონომიკის რეფორმირება ქართული სცენარით მოხდეს. საქართველო ხომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ყველაზე კორუფციულ ქვეყანას წარმოადგენდა, ეკონომიკაც ერთმანეთს საკმაოდ ჰგავს - პოსტსაბჭოურია, ამიტომაც საბჭოში კახა ბენდუქიძის წევრობა არავის გაჰკვირვებია. მისი მინისტრობის დროს საქართველოში კორუფცია რეკორდულად მოკლე დროში დამარცხდა, თუმცა საწყის ეტაპზე  ამის იმედი არავის ჰქონდა. ხელისუფლება მკაცრად და სწრაფად მოქმედებდა - ერთბაშად ათასობით პოლიციელი გაათავისუფლეს და ახლები აიყვანეს, მაგრამ სამჯერ ნაკლები რაოდენობით. ხელფასი მნიშვნელოვნად მოამატეს და თუ ამის შემდეგ ვინმე ქრთამს აიღებდა, მას იჭერდნენ და ციხეში გზავნიდნენ. იგივე მეთოდით განახორციელეს რეფორმა საბაჟო სამსახურშიც. მართალია, ციხეები პატიმრებით გაივსო, მაგრამ სამაგიეროდ პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთმა ყველაზე კორუმპირებულმა ქვეყანამ ამ ბოროტებაზე გამარჯვება მოიპოვა. დღეს საქართველოში ქრთამს არავინ აღარ ღებულობს - არც სადგურის მორიგე, არც საგზაო პატრული და არც რომელიმე ჩინოვნიკი.


მაგრამ რამდენად შესაძლებელია მსგავსი რეფორმის განხორციელება უკრაინაში?


„დავიწყოთ იმით, რომ ერთ კონსულტანტზე ბევრი არაფერია დამოკიდებული, ამიტომაც უკრაინაში ქართული მოდელით სარგებლობა საეჭვოა, - ამბობს საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის დირექტორი ოლეგ უსტენკო, - თანაც საქართველოს ყველა შედეგს დადებითს ვერ ვუწოდებ. დიახ, მათ კორუფციაზე გაიმარჯვეს და საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებზე გადაინაცვლეს, მაგრამ ამით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა და ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. ის, რაც საქართველომ გააკეთა, კარგია, მაგრამ ხომ არის სხვა ქვეყნების გამოცდილებაც? მაგალითად, რეგულიაციურ პოლიტიკაში შეიძლება შვედეთის მაგალითით ვისარგებლოთ, ხოლო რეფორმების სფეროში - პოლონელი ლეშეკ ბალცეროვიჩის გამოცდილებით".

ეს ყველაფერი თითქოს კარგია, მაგრამ არიან ექსპერტთა შორის ისეთები, რომლებიც ასეთ მრჩევლებს ეჭვის თვალით უყურებენ. „ყველა ეს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოები, უბრალოდ, ლაყბობის მოყვარულთა კლუბებს ჰგავნან, - ამბობს ეკონომისტი ალექსანდრე ოხრიმენკო, - უბედურება ისაა, რომ ასეთი მრჩევლუკები ჩვენს პრობლემებს არ იცნობენ, ან მხოლოდ გაგონილი აქვთ. თუ ნამდვილად რეალური რჩევაა საჭირო, მაშინ ამგვარი საბჭოები უკრაინელი ბიზნესმენებით უნდა დააკომპლექტო, რომლებმაც ჩვენი პრობლემები კარგად იციან. მხოლოდ მათ შეუძლიათ სამართლიანი რჩევის მიცემა. უცხოელი მრჩევლები კი იანუკოვიჩსაც ჰყავდა, იუშენკოსაც და კუჩმასაც, მაგრამ მათი კარგი მუშაობის შედეგს რატომღაც ვერ ვხედავთ. თუ შენი ჭკუა არ გაქვს, სხვისი ჭკუით ვერ იცხოვრებ".

3. უკრაინელი „თურქი-მესხების" ბედი

როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი თურქეთი დიდი ინტერესს ამჟღავნებს. გავიხსენოთ, რომ მონღოლ-თათრული სახელმწიფოს - ოქროს ურდოს „ნამსხვრევი" ყირიმის სახანო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის ვასალი იყო.

თურქულ გაზეთ „ენი საფაკ"-ში დაბეჭდილია სტატია სათაურით „თურქი-მესხები", რომელთა ბედი არავის აღელვებს" ე.წ. უკრაინელ თურქ-მესხებზე, რომელთა  მდგომარეობა შედარებულია ყირიმელი თათრების მდგომარეობასთან .

„როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ჩვენი ყურადღება ყირიმელი თათრებისკენ იყო მიპყრობილი. გვაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ამ ხალხის მდგომარეობა, რომლებიც 200 წლის მანძილზე რეპრესიებს განიცდიდნენ და ყირიმის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ. დღეს მათი შთამომავლები თურქეთში ასი ათასობით ცხოვრობენ.

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მრავალი „თურქი-მესხიც" ცხოვრობს. მათი რაოდენობა 9 ათასს აღემატება, 1800-მდე კი დონეცკსა და ახლომდებარე სოფლებში არიან განთავსებულნი, ისინი დღეს შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდენ.

სად მესხეთი და სად დონეცკი? - იკითხავს გაკვირვებული მკითხველი. მესხეთი არდაჰანის ვილაიეთის  მოსაზღვრე პროვინცია იყო. დიახ, „იყო", რადგან 1944 წლიდან საქართველოს რუკაზე ასეთი ოლქი აღარ არსებობს.

ყირიმელ თათრებს და მესხეთელ თურქებს ბევრი რამ აერთიანებთ. ისინი ორივე მუსულმანი ხალხია, რომლებიც 1944 წელს იოსებ სტალინის ბრძანებით თავიანთი სამშობლოდან შორს გაასახლეს. კიდევ რამდენიმე მუსულმანი ხალხი, რომელიც სტალინის ბრძანებით იქნენ დეპორტირებულნი, ჩეჩნები, ჩერქეზები და ბალყარელები იყვნენ... მათ მრავალი განსაცდელი გადაიტანეს და ბოლოს, როცა მიიღეს ნებართვა სამშობლოში დასაბრუნებლად, მათი სახლები სხვებს ჰქონდათ დაკავებული.

თურქი მესხების ბედი უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა. 1999 წელს საქართველომ ევროპის საბჭოს მათი საქართველოში დაბრუნება აღუთქვა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ 15 წელი გავიდა, საქართველომ არ შეასრულა აღებული ვალდებულება. თურქი-მესხების სახლები, კარ-მიდამო და მიწები უკვე სხვებს გადასცეს - ადგილობრივ ქრისტიან ქართველებს და სომხებს. მთელი 70 წლის განმავლობაში ამ რეგიონში არცერთ მუსულმან მესხს ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ასე რომ, თურქი-მესხები სადაც არიან, ისინი „მოქალაქეობის არმქონე" პირების სტატუსით ცხოვრობენ (რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ჩრდ.კავკასიაში).

დღეს თურქი-მესხები თავიანთ ისტორიულ სამშობლოზე - თურქეთზე დიდი იმედებს ამყარებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. ის ოჯახები, რომლებიც გააფთრებული შეტაკებების რაიონში ცხოვრობენ, მესხეთში დაბრუნებას თუ არა, თურქეთის დახმარებას ელოდებიან. ვიმედოვნებთ, მათი ძახილი უპასუხოდ არ დარჩება - თუ თურქეთი არ გაუწვდის ხელს, აბა სხვა ვინ დაიცავს ამ დაჩაგრულ და მრავალჭირგამოვლილ ადამიანებს?", - ნათქვამია პუბლიკაციაში.



4. აფხაზეთი: რა იქნება შემდეგ?

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის" პუბლიკაციაში განხილულია აფხაზეთში ამ რამდენიმე დღის წინ მომხდარი მოვლენები. „მსოფლიოსაგან არაღიარებული ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარმა ხალხმაც მიატოვა. ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც რამდენიმე დღეს თავს რუსეთის სამხედრო ბაზას აფარებდა, თანამდებობიდან გადადგა", - წერს „ეკონომისტი", - მოვლენები ახლა ანქვაბის გარეშე ვითარდება, აფხაზეთს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, დაინიშნა ახალი არჩევნებიც".

რუსეთმა, რომელიც აფხაზეთის მთავარი დამფინასებელი და მფარველია, სწრაფად იმოქმედა:  სიტუაციის დასაწყნარებლად სოხუმში ჩავიდა პუტინის თანაშემწე სურკოვი, მაგრამ პოლიტიკურ ოპოზიციას ისე სძულდა ანქვაბი, რომ დათმობებზე უარი განაცხადა - პრეზიდენტი უნდა გადადგეს, რადგან იგი ავტორიტარია და კორუფციას არ ებრძვისო.

თბილისში ბევრი შიშობდა, რომ რუსეთი აფხაზურ არეულობებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა და მოსკოვი აფხაზეთის ფორმალურ ანექსიას მოახდენდა. ქართველების შეშფოთებას ჰქონდა თავისი საფუძველი, რადგან სულ მალე თბილისმა ხელი უნდა მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ამ ფონზე რუსეთის პროვოკაციები შესაძლებელი იყო, თუმცა ყველაფერი ადგილობრივად მოგვარდა.

ამის მიუხედავად, მაინც დარჩა საშიშროება გალის რაიონის ქართველებისათვის, რომლებიც მრავალი წელია აფხაზეთში მძიმე პირობებში ცხოვრობენ. საქმე იმაშია, რომ ე.წ. „აფხაზურმა ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ" ალექსანდრე ანქვაბი გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისათვის პასპორტების უკანონო გაცემაში დაადანაშაულა. ეს ფაქტი ზოგიერთმა მისმა მოწინააღმდეგემ „აფხაზეთის სუვერენიტეტის საფრთხედ" შეაფასა.

აფხაზეთში მოსახლეობის ეთნიკური ბალანსის დაცვას ხელისუფლების პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. პოლიტიკური ელიტა თითქმის მთლიანად აფხაზურია და ეს იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთში ცხოვრობენ სომხები, ქართველები, რუსები, რომელთა საერთო რაოდენობა მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს. აფხაზური ეთნოსის გამრავლების მიზნით ამჟამად სირიაში მცხოვრები აფხაზების რეპატრიაცია მიმდინარეობს და ეს მაშინ, როცა აფხაზეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობს ასი ათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის დაბრუნებაზე, რომლებიც 1992 წელს აფხაზეთში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტს გამოექცნენ.

მოსკოვი მიესალმა კრიზისის მოგვარებას და აცხადებს, რომ პატივს სცემს აგვისტოში დაგეგმილი საპრეზიდენტოს არჩევნების შედეგებს, თუმცა, აფხაზი რუსოფილები, ალბათ, უკრაინის მოვლენების გავლენით, ძალიან თამამად მოქმედებენ: ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ აუცილებელია უფრო მეტი და ღრმა ინტეგრაცია რუსეთთან, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების ჩათვლითაც კი.

აფხაზეთი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთზე, რადგან სწორედ მოსკოვიდან ხდება საბიუჯეტო სუბსიდიებით სოხუმის ხელისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ რუსი ტურისტებისაგან ღებულობს ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავალს. მიუხედავად ამისა, ბევრი აფხაზი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთგულია. თუ აფხაზთა ამგვარ დამოკიდებულებას  საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან შევადარებთ, აშკარად გასაკვირ კონტრასტს დავინახავთ: ოსების ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ორ ივნისს ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლო მომავალში სამხრეთ ოსეთი უკვე ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდებაო, ანუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, - ნათქვამია „ეკონომისტის" პუბლიკაციაში.

          -----------

რუსულ მასმედიაშიც, ბუნებრივია, საკმაოდ ბევრია აფხაზეთის ამბებთან დაკავშირებით გამოთქმული კომენტარები და პროგნოზები.

"ტასს-ანალიტიკის" კორესპონდენტთან საუბრობს დსთ-ის ქვეყნების ინტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე მიხეილ ალექსანდროვი. პოლიტოლოგის თქმით, „2008 წლის შემდეგ, როცა რუსეთი სოხუმს დიდი ფულით დაეხმარა, აფხაზურ საზოგადოებაში იმედი გაჩნდა, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა. ეს იმედები ჯერ კიდევ სერგეი ბაღაფშის დროს იყო, მაგრამ იგი უდროოდ გარდაიცვალა. ალექსანდრე ანქვაბმა გააგრძელა პოლიტიკა, რომელიც პასიურ კურსს და ნეგატივისადმი შემრიგებლურ დამოკიდებულებას გამოხატავდა, რაც დამახასიათებელია აფხაზეთისათვის. მაგალითად, ახალგაზრდების სხვის კმაყოფაზე ყოფნა, არაპრესტიჟულ სამსახურზე უარისთქმა, „ციური მანანის" მოლოდინი და ასე შემდეგ. მიუხედავად „რკინის ალიკის" მეტსახელისა, ანქვაბმა არ მოისურვა დამნაშავეობასთან უკომპრომისო ბრძოლა, რადგან ამით კლანებს აწყენინებდა. აფხაზეთში კორუფცია ყვაოდა, რუსულ ფულს მმართველი ელიტა აშკარად და ღიად ინაწილებდა... ანუ ალექსქნდრე ანქვაბმა ხელისუფლება კი მიიღო, მაგრამ ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია ხალხისათვის. ამით ისარგებლეს მის მოწინააღმდეგეებმა.

გარდა ამისა, გეოპოლიტიკურმა სიტუაციამაც თავისი გავლენა მოახდინა: უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რომ შეიძლება ლეგიტიმური პრეზიდენტი დაამხო და ამაზე არავინ პასუხს არ მოგთხოვს.

ისე, ობიექტურად რომ ვთქვათ, ალექსანდრე ანქვაბი მაინც და მაინც არც რუსეთს არ ეხატებოდა გულზე. ალბათ, ვლადისლავ სურკოვმა და რაშიდ ნურგალიევმა ჯერ კიდევ სოხუმში ჩასვლამდე იცოდნენ, რომ  მოსკოვი ალექსანდრე ანქვაბს მხარს არ დაუჭერდა. აქსიომაა, რომ კრემლის სოლიდარობის გარეშე აფხაზეთში ვერცერთი მხარე ვერ გაიმარჯვებდა. ანქვაბმა ყველაფერი აწონ-დაწონა: მას უკვე ჰყავდა მტრები, გავლენიანი პირები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ხალხიც კმაყოფილი არ იყო. ამ შემთხვევაში მას შეეძლო მხოლოდ თავის კლანს - თავის ნათესავებსა და ახლობლებს დაყრდნობოდა, მაგრამ ეს უკვე საკმარისი აღარ იყო, საკუთარი ძალებით იგი სიტუაციას ვეღარ შეცვლიდა. ბოლოს, ანქვაბი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

რაც შეეხება ალექსანდრე ანქვაბის საქართველოსთან კავშირებს, ეს ხმები ადრეც ძალიან ხშირად მუსირებდა. დიახ, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ცეკას მდივნობის დროიდან მუშაობდა, მაგრამ მისი საქმიანობა გვაჩვენებს, რომ რაიმე „მოღალატური" საქციელი არ ჩაუდენია. შეიძლება მას უფრო რაღაც კონიუნქტურული მოსაზრებები ჰქონდა. მაგალითად, ფიქრობდა, რომ თუ გალის რაიონის ქართველებს აფხაზურ პასპორტებს დაურიგებდა, ისინი მას სამომავლოდ არჩევნებში ხმას მისცემდნენ. რასაკვირველია, ანქვაბი გრძნობდა, რომ ასეთი მოქმედებით იგი აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ მაინც აკეთებდა. ასე რომ, არავითარი ქართული გეგმა და კულისებსმიღმა მოქმედება ამაში არ ჩანს.

რუსეთთან კიდევ უფრო ღრმა ინტეგრაციის საკითხთან მიმართებით ალექსანდრე ანქვაბს ჰქონდა თავისი მოსაზრებები. ბუნებრივია, რუსეთისათვის, ევრაზიული კავშირის ჩამოყალიბების პროცესში, ყოველი ინტეგრირება ხელსაყრელია, მაგრამ ანქვაბი აფხაზური საზოგადოების თვალსაზრისს სუვერენიტეტთან დაკავშირებით მაინც ითვალისწინებდა. შეიძლება ამიტომაც იგი არასასურველი პრეზიდენტი გახდა.

-----------

„რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს" ვებ-საიტზე, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვის ანალიტიკური სტატია აფხაზეთში მომხდარი მოვლენების შესახებ.

პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია: „აფხაზეთის პრეზიდენტი გადადგა, ანუ ოპოზიციამ წარმატებას მიაღწია. შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ აფხაზური შიდაპოლიტიკური კრიზის დასრულდა? ალბათ, არა, რადგან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, სიტუაცია მხოლოდ არჩევნების შემდეგ იქნება ნათელი, რომელშიც, სხვათა შორის, თეორიულად ყოფილ პრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება.

თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური კრიზისია 2004 წლის შემდეგ. განსხვავება ისაა, რომ 2004 წელს კრიზისი ხელისუფლების გადაცემას უკავშირდებოდა, დღეს კი მიზეზი პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკაა.

ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის ხელისუფლებაში 2011 წელს  წესრიგის დამყარების ლოზუნგით მოვიდა. იგი მილიციაში იყო ნამუშევარი და საზოგადოებაში „რკინის კაცის" სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. მან მკვეთრი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ამით აფხაზური საზოგადოების დაუწერელი კანონები დაარღვია. აფხაზეთი პატარა რესპუბლიკაა, რომელმაც დიდი ომი გადაიტანა და დემოგრაფიული დანაკარგები განიცადა, ამიტომაც საზოგადოება პასიურად ვერ შეხედავდა ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს. ერთ-ერთი „მცდარი" ნაბიჯი ამ თვალსაზრისით იყო გალის რაიონის ქართველები პასპორტიზაცია, რომლის შედეგად ისინი აფხაზეთის მოქალაქეობას ღებულობდნენ. ამასთან, აშკარა იყო, რომ პასპორტების გაცემით მათი ინტეგრირება აფხაზურ საზოგადოებაში ვერ მოხდებოდა, ხელისუფლება კი ამით შესაძლებლობას ღებულობდა არჩევნებში დამატებითი მხარდამჭერი რესურსი ჰქონოდა. აფხაზებმა ანქვაბს დიალოგის დაწყების თხოვნით მიმართეს, მაგრამ იგი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ აფხაზეთი არ გამოირჩევა ნდობის კრედიტის ხანგრძლივობით. მომდევნო პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ ლაპარაკითა და პრაქტიკული პროგრამების გარეშე იგი ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დარჩება, როგორიც არ უნდა მაღალი იყოს მისი საწყისი რეიტინგი.

თუმცა ალექსანდრე ანქვაბის თადარიგში გადაყვანა მაინც ნაადრევი იქნება. სავარაუდოდ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის ან ვინმე მისი გუნდიდან რაღაც განაცხადს გააკეთებს.

ახალმა პრეზიდენტმა ე.წ. „ჭინკებზე ნადირობა" არ უნდა დაიწყოს, ასეთი მოქმედება აფხაზურ ტრადიციებში არ თავსდება. მისი ამოცანაა იყოს მედიატორი და მოდერატორი.

საქართველოსთან მიმართებით ახალი არაფერი მოხდება, რადგან აფხაზური პოლიტიკური ელიტა თვლის, რომ „ქართული გაჩერება უკვე გავლილია".

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, აფხაზეთს საგარეოპოლიტიკური არჩევანი არ აქვს: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პრორუსულადაა განწყობილი. ამასთან, ერთი მხრივ, აფხაზებს რუსეთისაგან დახმარების მიღება კი სურთ, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი მოსკოვის გავლენის გაძლიერებას უფრთხიან.

ბუნებრივია, აფხაზეთში არსებულ სიტუაციას სამხრეთ ოსეთში სერიოზულად აკვირდებიან. ოსებიც მიიჩნევენ, რომ „ქართული გაჩერება" მათაც გაიარეს და უკან დაბრუნება აღარ მოხდება. მაგრამ სადღაც ხომ უნდა იყოს მომდევნო გაჩერება, მომდევნო მიზანი? მხოლოდ იმის ლაპარაკი, რომ „ჩვენ საქართველოს შემადგენლობიდან უკვე გამოვედით", საკმარისი არ არის, საჭიროა წინსვლა, განვითარება, აღდგენა და ახალ პოზიციებზე გასვლა. დღეს ეს საკითხი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის საკვანძო საკითხია".

------------

სომხური გამოცემა „ლრაგირი" კომენტარს უკეთებს აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბღანბას განცხადებას, რომლის თანახმად, აფხაზეთი, შესაძლოა, ევრაზიულ კავშირში შევიდეს.

„პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, ახლა ლაპარაკი მიდის აფხაზეთის მონაწილეობაზე ევრაზიულ კავშირში, საბაჟო კავშირში", - განაცხადა ვალერი ბღანბამ. რას ნიშნავს მისი სიტყვები? გამოდის, რომ მისი წინამორბედი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთს ევრაზიულ კავშირში შესვლაზე უარს ეუბნებოდა? ანქვაბი აფხაზეთის სუვერენიტეტის ერთგული მხარდამჭერი და დამცველი იყო, ახლა კი თითქოს ისე ჩანს, რომ მოსახლეობას დამოუკიდებლობა აღარ სურს და რუსეთთან ინტეგრაციისაკენ მიილტვის? ესე იგი, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება ანქვაბს უფრო უარესად მიაჩნდა, ვიდრე რუსეთთან ინტეგრაცია, ამიტომაც მოსკოვს მისი შეცვლა საჩქაროდ მოუხდა.

რუსეთს არ შეუძლია ევრაზიულ კავშირში „აღიარებული" სახელმწიფოების მიზიდვა და ამიტომ გადაწყვიტა მასში „არაღიარებულები" შეიყვანოს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩართვა ევრაზიულ კავშირში რუსეთს საშუალებას მისცემს რამდენიმე ამოცანა გადაწყვიტოს: პირველი - მოსკოვი მიაღწევს ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ ამ რესპუბლიკების აღიარებას და საქართველოსაგან მათ საბოლოო ჩამოშორებას და მეორე - ფაქტიურად მიიერთებს ახალ ტერიტორიებს ფორმალური დამოუკიდებლობის შენარჩუნებით.

რუსეთი ალბათ მსგავს მანევრს მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპიეთის მიმართაც განახორციელებს, მაგრამ ჯერ მთავარი საკითხი ისაა, შეძლებს თუ არა მოსკოვი აფხაზეთის „გადაყლაპვას", რომელიც, როგორც ჩანს, ევრაზიულ კავშირში სომხეთზე ადრე გაწევრიანდება.

მაგრამ რუსეთს რომ არ შეუძლია ყირიმის „მონელებაც" კი, სადაც მილიარდობით დოლარის ჩაყრა უწევს? ყირიმის შემდეგ მოსკოვმა ვერ გარისკა დონბასის მიერთება, რეფერენდუმიც კი არ უღიარებია და ეს რეგიონი თავის მოლაშქრეებინად ბედის ანაბარა მიატოვა. ახლა რუსეთი რატომღაც აფხაზეთსა და აზერბაიჯანს ეპოტინება.

აფხაზეთი, თავისი „მსუბუქი წონის" მიუხედავად, ევრაზიული კავშირისათვის შეიძლება უმძიმესი ტვირთი აღმოჩნდეს. გავიხსენოთ, რომ ყახაზეთის პრეზიდენტმა ერევანი გააფრთხილა, რომ ევრაზიულ კავშირში სომხეთი მხოლოდ თავის ოფიციალური საზღვრების ფარგლებში გაწევრიანდება, მთიანი ყარაბაღის გარეშე და ასეთი დემარშის ფონზე განა ნურსულთან ნაზარბაევი აფხაზეთის მიღებას დათანხმდება? მაშინ ყაზახეთს და ბელარუსს აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება მოუწევთ... ეს რომ იოლი იყოს, ნაზარბაევი და ლუკაშენკო საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს დიდი ხნის წინ აღიარებდნენ. ესე იგი, ან გადაულახავი ბარიერი არსებობს, ან საქმე საკითხის ფასს ეხება.

ევრაზიული კავშირი თანდათან ემსგავსება იმ მახინჯ არსებას, რომელსახ ხელები და ფეხები არაბუნებრივ ადგილებზე ეზრდება. საკმარისია საქართველოში მეწყერი ჩამოწვეს და აი, სომხეთს „ევრაზიულ კვაშირთან" სახმელეთო კავშირი აღარ აქვს; საკმარისია მთიანმა ყარაბაღმა განაცხადოს, რომ მას არავიტარი ევრაზიული კავშირი არ სჭირდება, რომ აზერბაიჯანის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება.

რუსეთი ცდილობს იმპერია პირველი ათასწლეულის კანონებით აღადგინოს, მაგრამ არ აცნობიერებს იმას, რომ 21-ე საუკუნის მსოფლიოში ყალიბდება არა ტერიტორიული, არამედ ქსელური იმპერიები, რომლებიც შენდებიან ტექნოლოგიებზე და საერთო ფინანსურ სისტემებზე. მოსკოვი ისეთ ფიზიკურ იმპერიას აგებს, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში ინგრევა.

-------------

რუსეთის სომხურ გაზეთ „ერკრამას"-ში გამოქვეყნებულია პოლიტოლოგ ანდრეი ეპიფანცევის თვალსაზრისი ერევან-თბილისი-სოხუმ-სოჭის სარკინიგზო მაგისტრალის სავარაუდო გახსნის თაობაზე.

„საქმე ეხება არა გვარის შეცვლას აფხაზეთის ხელმძღვანელობაში, არამედ სიტუაციას, რომელშიც თვით ქვეყანა იმყოფება. ხომ ცნობილია ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც აფხაზეთი საქართველოსთან დამაკავშირებელ სარკინიგზო მიმოსვლის გახსნაზე არ თანხმდებოდა, ის იყო, რომ მას ეს რკინიგზა არ სჭირდებოდა. აფხაზეთი ზღაპრულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყველაფერს სხვა აკეთებდა მის ნაცვლად - მუშაობა არ სჭირდებოდათ, რადგან ბიუჯეტის 85  პროცენტს რუსეთი აფინასებდა, ხოლო დანარჩენ 15 პროცენტს აფხაზები რუსი ტურისტების ექსპლოატაციით იღებდნენ. აბა, რისთვისღა დაჭირდებოდათ რკინიგზის ამოქმედება, როცა რუსეთი ყველაფერს იხდიდა? ერთ-ერთი მიზეზი პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომისა ის იყო, რომ რუსეთმა დოტაცია 4 მილიარდიდან ერთ მილიარდამდე შეამცირა, ამას დაემატა ტურისტული სეზონის ბუნდოვანი პერსპექტივა...

თუ ადრე რუსეთი თავის ტურისტებს აფხაზეთში აგზავნიდა, ახლა ჩვენ ორი ტურისტული კლასტერი - განახლებული სოჭი და ყირიმი გვაქვს, რომლებიც ქვეყნის სავიზიტო ბარათი უნდა გახდნენ. ამიტომაც რუსეთი მთელი ძალებით მზადაა ტურისტების ნაკადი სოჭისა და ყირიმისაკენ მიმართოს და ასეთ სიტუაციაში რა ბედი ელოდება აფხაზეთს, ეს საკმაოდ რთული საკითხია. ალბათ, აფხაზები მიხვდნენ, რომ ფულის გამომუშავების დრო მოვიდა, ამიტომაც აღარ აწყობდათ ანქვაბის ხელისუფლება, რომელიც მოქმედებდა ფორმულით - რუსეთი-რუბლი-შეჭმა. ახლა აფხაზებმა საინვესტიციო კანონმდებლობა უნდა შეცვალონ, რადგან მათი კანონები ბიზნესს აფრთხობს. მათ თავიანთი ქვეყანა ინვესტიციებისთვის უნდა გახსნან და როცა ეკონომიკაში უცხოური კომპანიები გაჩნდებიან, აი, რკინიგზაც მაშინ დაჭირდებათ.

სოხუმში ხელისუფლების შეცვლა კი არ ახდენს გავლენას ერევან-თბილისი-სოხუმ-სოჭის რკინიგზის გახსნაზე, არამედ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებები და ეს დროც ჩქარა დადგება", - ასეთია ანდრეი ეპიფანცევის თვალსაზრისი.


          5. მდგომარეობა სამხრეთ ოსეთში

ყატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ", ე.წ. „სამხრეთ ოსეთში" გამართული საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეთერში გადასცა რეპორტაჟი საქართველოს ამ სეპარატისტული რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ.

როგორც ვიდეოსიუჟეტიდან ჩანს, რეპორტიორი ნიკოლაი კორჟოვი „სამხრეთ ოსეთში" საქართველო-რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შედეგადაა შესული.

ვიდეომასალაში საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გახსენებას, ცალკეული ადამიანების მოგონებებს ცხინვალის დაბომბვის შესახებ, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტელეგამოსვლებს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ვიდეომასალაში აღნიშნულია, რომ საქართველო-რუსეთის ომიდან უკვე თითქმის 6 წელი გავიდა, თუმცა სამხედრო მოქმედებით გამოწვეული ნგრევა ჯერ კიდევ არაა ლიკვიდირებული. რუსეთმა „სამხრეთ ოსეთს" დიდი ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა ცხინვალისა და მის ახლოს მდებარე სოფლების აღსადგენად, მაგრამ აღდგენა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. აქვე უნდა ითქვას, რომ რეგიონში ამჟამად სტაბილური ვითარებაა. ექსპერტების თქმით, ეს სტაბილურობა ბევრადაა განპირობებული სამხრეთ ოსეთში დილოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზებით. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ისინი ტავს დაცულად გრძნობენ და დარწმუნებულნი არიან, რომ 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდება.

ტელერეპორტიორი ცდილობს ადგილობრივი პოლიტიკოსების პოზიციის გაგებას რუსეთთან შეერთების თაობაზე. როცა იგი სახალხო პარტიის ლიდერს ალექსანდრე პლიევს ეკითხება, შესაძლოა თუ არა სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, იგი პასუხობს: „ეს ყოველი ოსის ოცნებაა".

**************

ასეთია უცხოური მასმედიის გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ქართველი პოლიტიკოსების მოქმედებაზე და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების მდგომარეობაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ კვირას უცხოური მასმედია ყურადღებას დაუთმობს საქართველში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფინალურ სტადიას (15 ივნისი - არჩევნების თარიღია), საქართველო-ნატოს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას (ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის თარიღის მოახლოების გამო), აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" თემატიკას და სხვა საკითხებს.


წყაროები:

1. „დოიჩ-ტურკიშეს ჯურნალ" (გერმანია): http://dtj-online.de/kaukasus-georgien-auf-dem-weg-in-die-nato-29389

2. „კასპფაქტორ" (რუსეთი): http://www.casfactor.com/ru/expanalit/971.html

3. „რადიო „ეხო მოსკვი": http://echo.msk.ru/programs/code/1335414-echo/

4. „ობოზრევატელ" (უკრაინა): http://obozrevatel.com/politics/54730-putin-takoj-zhe-pravoslavnyij-kak-ya-belyij-medved-saakashvili.htm

5. „ტელევიზიონნაია სლუჟბა ნოვოსტეი" (უკრაინა): http://ru.tsn.ua/politika/saakashvili-priznalsya-chto-sobiraetsya-pomogat-poroshenko-s-reformami-i-sovetuet-ne-prekraschat-ato-370290.html

6. „ნოვაია პოლიტიკა" (რუსეთი): http://www.novopol.ru/-poroshenko-idet-po-stopam-saakashvili-text164855.html

7. „კომსომოლსკაია პრავდა - უკრაინა" (უკრაინა): http://kp.ua/economics/455413-zachem-poroshenko-okruzhaet-sebia-ynostrannymy-sovetnykamy

8. „ენი საფაკ" (თურქ ეთი): http://yenisafak.com.tr/yazarlar/AbdullahMuradoglu/sahipsiz-ahiskalilar/54149

9. „ექონომისტ" (დიდი ბრიტანეთი): www.economist.com/blogs/easternapproaches/2014/06/abkhazia

10. „ტასს-ანალიტიკა" (რუსეთი): http://tass-analytics.com/opinions/2381

11. „როსისკიი სოვეტ მეჟდუნაროდნიხ დელ" (რუსეთი): http://russiancouncil.ru/inner/?id_4=3825#top

12. „ლრაგირ" (სომხეთი): http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/36521

13. „ერკრამას" (რუსეთი): http://www.yerkramas.org/2014/06/03/andrej-epifancev-abxaziya-peresmotrit-vopros-ob-otkrytii-zheleznoj-dorogi-cherez-gruziyu-v-armeniyu/

14. ტვ „ალ ჯაზირა" (ყატარი): http://www.aljazeera.com/indepth/features/2014/06/south-ossetia-holds-polls-amid-slow-recovery-20146585421441491.html 

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016