reportiori.ge - კობა კობალაძე: ალბათ, არ იყო ჩემი გამოცდილების გამოყენების აუცილებლობა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:35
ინტერვიუ
კობა კობალაძე: ალბათ, არ იყო ჩემი გამოცდილების გამოყენების აუცილებლობა...
09 ივნისი, 2014. 11:08

ამონარიდი კობა კობალაძის ინტერვიუდან - 12. 01. 2010  წელი:


„ჩემი შეგრძნებით და ჩემი არსით,  ვარ აპოლიტიკური ფიგურა. რა საქმეც მიყვარდა და რა საქმეც მეგონა და მგონია, რომ ვიცი - იმ საქმეს ჩემი სურვილით ჩამოვცილდი და აბსოლუტურად არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ რაღაც პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩავერთო. პური - მეპურემ უნდა აცხოს!  და დღესდღეობით , ჩემს ადგილს პოლიტიკურ ასპარეზზე ვერანაირად ვერ ვხედავ, სიმართლე რომ გითხრათ..."


„რეპორტიორი",  კოალიცია „ქართული ოცნების" ავჭალის მაჟორიტარობის კანდიდატს, გენერალ  კობა კობალაძე ესაუბრება:

 

 

-ბატონო კობა, რა შეიცვალა 2010 წლის შემდეგ? რატომ გადაწყვიტეთ „პოლიტიკურ პერიპეტიებში ჩართვა?"

- ვფიქრობ, რომ ქალაქის საკრებულო - პოლიტიკა არ არის. საკრებულო, სამეურნეო მიმდინარეობაა. არც ერთი გენერალი, თავის კარიერას გენერლობით არ იწყებს. ჯერ, ის მორჩილების ეტაპს ივლის, არის ჯარისკაცი, შემდეგ ხდება მეთაური. მე, ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ. შესაძლოა, არ დარჩა ჩემს ქვეყანაში  ჩემი შესაძლებლობების გამოყნების შანსი და სამშობლომ მომიხმო არანაკლები ვალდებულების შესასრულებლად, იმისთვის, რასაც თქვენ პოლიტიკას უწოდებთ.


-  ეს  თქვენი სურვილი იყო?

- მე რა მინდა, ამაზე ხომ არ არის... სურვილს - რეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეს. როცა კონკრეტულ უწყებაში, შენი სურვილის რეალიზების საშუალება არ არის, რა უნდა ქნა?!  ალბათ, არ იყო ჩემი გამოცდილების გამოყენების აუცილებლობა. ჩემი პოტენციალი ამ მიმართულებით დაინახეს, შემომთავაზეს და დავთანხმდი.


-თვლიან, რომ თავდაცვის სამინიტროში ხართ საჭირო. თქვენი სურვილი როგორი იყო?

-ჩემი სურვილია ვემსახურო ქვეყანას და არ აქვს ნიშვნელობა, ეს რა სახით იქნება ეს.


- კოალიცია  „ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან თქვენი კანდიდატურის წაოყენებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. ამ ამბავს ქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავაც გამოეხმაურა, მან თავისს ერთ-ერთ Facebook-განცხადებაში ქვეყნისთვის საფრთხისშემცველ პირად მოგიხსენიათ...

- კაცუნების ისტერიკები აღარ მანაღვლებს. მათი საქციელი კუდამოძუებული ძუკნების სირბილს და წკავწკავს მაგონებს.  მესმის ამ ტიპაჟების ზუილი,  ხვდებიან, წავიდა მათი  დრო და სახრავი ეცლებათ ხელიდან. 


- ქვეყანაში მიმდინარე  ე.წ. სამართლიანობის აღდგენის  პროცესს როგორ აფასებთ? საზოგადოება  უკმაყოფილოა ამ პროცესებით...

- არავის არ უნდა ჩემზე მეტად სამართლიანობის აღდგენა. მაგრამ ჩვენ სამართლიანობაზე უნდა ვისაუბროთ და არა, ანგარიშსწორებაზე.   კომბალი რომ გამოვთალოთ და ადრესატებს დევნა დავუწყოთ, არ გამოგვადგება.  ჯერ წელიწადი და 8 თვეა გასული.


- ხალხს ეჩქრება, ბატონო კობა...

- ხალხს სულ ეჩქარება. მათ შორის მეც, მაგრამ მოჩქარეს მოუგვიანდესო, ესეც ხომ გაგიგიათ? სახელმწიფო მოხელეებს არ აქვთ სიჩქარის უფლება! არის ჟამი ქვების შეგროვებისა და ჟამი ქვის სროლისა.


- რას იტყვით ტენდენციაზე, როცა გახმაურებული საქმები გააქტიურდება და შემდეგ ისევ მიჩუმდება ხოლმე, როგორც ეს ზურაბ ჟვანიას საქმის შემთხვევაში მოხდა, ბოლო დროს...

- დრო სჭირდება ამ ყველაფერის ბოლომდე მიყვანას. ისე კი,  ეჭვიც არ მეპარება, რომ ზურაბ ჟვანია ძალადობის მსხვერპლია. 


- რატომ ხართ დარწმუნებული?

- ერთ-ერთ პრივატულ საუბარში, ზურაბ ჟვანიას მისამართით  პირდაპირი მუქარა მოვისმინე, კონკრეტული პირები ახორციელებდნენ ამ მუქარას. ამ თემაზე, უკვე ჩვენებაც მივეცი. გარკვეულწილად, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა, ეს ფაქტი იყო.  ეს ამბავი, ასე, საჯაროდ, არსად არ გამიჟღერებია. დანარჩენი გამოძიებას  მივანდოთ.


- თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მუშაობას თუ ადევნებთ თვალს, როგორ ართმევს  თავს მინისტრისთვის დაკისრებულ მოვალეობებს?

- ვერ გამოვდგები ირაკლი ალასანია შემფასებლად.  ვიცი, რომ ირაკლი ალასანია მობილიზებული, ორგანიზებული და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანია. მას, აქვს პოტენციალი და შესაბამისად იყენებს. მე, მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016