reportiori.ge - ნინი წიკლაური: კონკურსანტი არ ვიყავი და პრიზები ისედაც არ უნდა მიმეღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:31
ინტერვიუ
ნინი წიკლაური: კონკურსანტი არ ვიყავი და პრიზები ისედაც არ უნდა მიმეღო
09 ივნისი, 2014. 15:45


მომღერალი ნინი წიკლაური ცოტა ხნის წინ პროექტ „ორ ვარსკვლავში" ლევან ჯავახიშვილს უწევდა პარტნიორობას. კონკურსის ფინალმა, სადაც მეორე ადგილზე გასულმა ნინიმ და ლევანმა უმნიშვნელო პრიზები მიიღეს, მაყურებელში პროტესტი გამოიწვია. საბოლოოდ, წყვილი ეკა ხოფერიას თოქ-შოუში დაჯილდოვდა.

მომღერალი როგორც „რეპორტიორთან" ინტერვიუში ამბობს, პროექტის დასრულების შემდეგაც აგრძელებს აქტიური რეჟიმით ცხოვრებას. ნინი კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.


__ ნინი, პროექტი დასრულდა, თუმცა დარწმუნებული ვარ,  ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ  ხართ.


_ დიახ, პროექტი დასრულდა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა ის ემოცია, რაც ამ პროექტმა და ზოგადად, ჩემმა გამოსვლებმა მომცა. ვისურვებდი, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, რადგან ნამდვილად დიდ სიამოვნებას ვიღებდი თითოეულ ტურში. მიხარია რომ ფინალში ვიდექი.


__ რა მოგცათ ამ პროექტმა?


_  ვისაც ეს გზა გამოუვლია, ყველა დამეთანხმება, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება დიდი გამოცდილებაა. აქ არა მარტო ტურიდან ტურამდე იზრდები, არამედ იცნობ ადამიანებს და კონტაქტებს აყალიბებ. ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ეს მომცა ამ პროექტმა-ურთიერთობები. ვინაიდან  კონკურსანტი არ ვიყავი, გამოსვლებზე არა თუ დაძაბულობას არ ვგრძნობდი, სიამოვნებას ვიღებდი.

__ მაყურებლისთვის გაუგებარი აღმოჩნდა კონკურსანტების დაჯილდოების პრინციპი. თქვენ რა რეაქცია გქონდათ?


_ რაღაც ეტაპზე გამიკვირდა, ლევანი რატომ დარჩა პრიზის გარეშე. მე  კონკურსანტი არ ვიყავი და პრიზები ისედაც არ უნდა მიმეღო. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრი პრიზი მივიღე. დიდი მადლობა მაღაზიას no name + და „ბუდა ბარს", რომლებმაც არაჩვეულებრივი საჩუქრები მაჩუქეს.


__  გეგმავთ სამომავლოდ რომელიმე პროექტში მონაწილეობის მიღებას?


_ როგორც კონკურსანტი, მონაწილეობას აღარ მივიღებ, რადგან ამ ასაკიდან უკვე გამოვედი. ამ პროექტში მონაწილეობას სწორედ იმიტომ დავთანხმდი, რომ კონკურსანტი არ ვიქნებოდი. საკმაოდ ბევრ კონკურსში ვიყავი და ვფიქრობ, ეს საკმარისია.

 

__ რა გეგმები გაქვთ კარიერასთან დაკავშირებით?


_ კარიერაში „ცხელება" მაქვს ამ ეტაპზე- ვმუშაობ რამდენიმე ახალ სიმღერაზე,  ვგეგმავ ჩემს პირველ ვიდეო რგოლსაც, რომლის მომზადება აქამდე ვერ მოვახერხე, ჩემი მეგობრები  სულ მეხვეწებიან, ერთი კლიპი სამოყვარულო კამერით მაინც გადაიღეო. მაგრამ როგორც ხდება, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ვახერხებდი.


__ როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება მომღერალს განვითარებისთვის?


_ ყველაზე მეტად მომღერალს მუდმივად მეცადინეობა სჭირდება, რომ ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე იყოს. აუცილებელია თუნდაც დღეში ერთხელ გამების მღერა- ამის გარეშე სხვა ქვეყანაში მომღერალი წარმოუდგენელია. ყველა დიდი მომღერალი ყოველდღიურად მეცადინეობს. ასევე აუცილებელია თავდაჯერებულობა-როცა სცენაზე გადიხარ, იმდენად დარწმუნებული უნდა იყო საკუთარ თავში, რომ მაყურებელიც აიყოლიო. ამ ყველაფრისთვის კი სცენაზე გულწრფელობაა საჭირო. სცენა რენტგენივითაა, ყველა შენს შეცდომას აჩვენებს, იქნება ეს ვოკალური თუ არა ვოკალური.  სადაც გეტირება, უნდა იტირო, სადაც გეღიმება, უნდა გაიღიმო და ა.შ.


__ დაგეგმეთ ზაფხული?


_ ჯერჯერობით, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე ვერ ვისვენებ. შაბათ-კვირასაც ვერ ვახერხებ თბილისიდან გასვლას. წელს სავარაუდოდ ნაჩუქარ საგზურებს გამოვიყენებ. ჯერ ყაზბეგში  წავალ, შემდეგ -ბათუმში. 


__ ზაფხულის დადგომასთან ერთად გარდერობი გადაახალისეთ? შეიცვალეთ იმიჯი?


_ გარდერობს ხშირად არ ვცვლი, ვინაიდან სამოსს კარგად ვიყენებ. ვუფრთხილდები და დიდხანს მიმყვება ხოლმე.  ეს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე კარგი არაა, მაგრამ მეორე მხრივ, კაბაზე ერთი დეტალის შეცვლით ის შეიძლება ისე გაახლდეს, ვერავინ მიხვდეს, რომ ძველია.


__ შეყვარებული ხართ? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?


_ პირად ცხოვრებაზე ყველაზე ნაკლებად და გაურკვევლად ვსაუბრობ. უბრალოდ გეტყვით, რომ ის არსებობს. მეტისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა ეს ბევრი ადამიანის განხილვის თემა გახდეს.


__ რას ისურვებდით ქართული შოუ-ბიზნესისთვის?


_ მინდა ყველამ ყველასთან იმეგობროს და შოუ-ბიზნესი ერთი დიდი ოჯახი იყოს. მართალია, ალბათ ცოტა ზღაპრული სურვილია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვაკეთებთ და ერთ სცენაზე ვდგავართ. ამიტომ მინდა ყველა ყველასთან მეგობრობდეს.


ნინი წიკლაური პირველად 2008 წელს, „ჯეოსტარში" გამოჩნდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016