ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი"-ის წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ოდიშში, რუხსა და ინგირში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს დაათვალიერებენ.
როგორც „რეპორტიორს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" სოფელ რუხის გაზიფიცირებისათვის 41,5 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს ააშენებს. რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 1900 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. ინგირისა და ოდიშის გაზიფიცირებისთვისკი 5-5 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდება და 260 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.სამივე სოფელში ჯამურად , გაზიფიცირების სამუშაოებზე , 3 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა ჯამურად 600-ს ლარს, ხოლო თვიურად 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.