თბილისში „სითი პარკისთვის" განკუთვნილ ადგილებს არა კომპანია, არამედ ქალაქის სატრანსპორტო სამსახური განსაზღვრავს, - ასე პასუხობს „სითი პარკის" წარმომადგენელი თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებას. ნარმანიას განცხადებით, „სითი პარკი" საცობების მხრივ ბევრ პრობლემას ქმნის. მისივე განმარტებით, კომპანიას ხშირად პარკირებისთვის დაკავებული აქვს სავალი გზის ნაწილი, რომელიც უნდა გამოთავისუფლდეს.
კომპანიაში კი აცხადებენ, რომ სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები ქალაქში სწავლობენ ადგილებს, შემდეგ კომპანიას აძლევენ სიას, თუ სად შეიძლება გაკეთდეს მონიშვნები და ამკრძალავი ნიშნები, რისი მოწესრიგების შემდეგ კომპანიას იწყებს პარკირების ოპერირებას.
რაც შეეხება საცობებს, commersant.ge-ს კომპანიაში განუმარტეს, რომ გზებზე საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს პარკირებაზე არასწორად გაჩერებული ერთი ავტომობილი, რომელიც ათეულობით ავტომობილს აფერხებს და პრობლემებს უქმნის. მიუხედავად ამისა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით მოსახლეობამ პარკირების წესების დაცვა დაიწყო და ეს ტენდენცია შეინიშნება.
„მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ კომპანიის მიზანი არ არის ავტომობილის დაჯარიმება, ჩვენი საქმეა წესრიგის დაცვის კონტროლი", - განაცხადეს „სითი პარკში".