reportiori.ge - აფხაზური გადადგომა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:35
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
აფხაზური გადადგომა
ავტორი:
11 ივნისი, 2014. 16:22

რა ხდებოდა კულისებს მიღმა, რას აიძულებდა ვლადისლავ სურკოვი აფხაზებს და რა ეწერა რუსეთ-აფხაზეთის ასოცირების ხელშეკრულების პროექტში? ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტ"-ში აფხაზეთის მოვლენების შესახებ საინტერესო მასალები გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ოლგა ალენოვას სტატიიდან:

 

 

 აფხაზეთის პარლამენტის წევრი არტურ მიქვაბია ალექსანდრე ანქვაბის ნათესავია, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიციურადაა განწყობილი: - აფხაზეთის ისტორია ციკლურად ვითარდებოდა: ვლადისლავ არძინბას დროს საქართველოსთან ომი მოხდა, იყო ბლოკადა, ამტანობა, გაძლება და დამოუკიდებლობის დაცვა გვჭირდებოდა. სერგეი ბაგაფშის დროს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ხელი მოეწერა სახელმწიფოთაშორისო დოკუმენეტებს, დაიწყო სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ალექსანდრე ანქვაბის წინაშე რეფორმების გატარების აუცილებლობა იდგა, მაგრამ არ შეიძლება კაპიტალისტური ტიპის სახელმწიფოს საბჭოური მეთოდებით მართვა.

 

 

მე ყოველთვის ვეუბნებოდი პრეზიდენტს, რომ რეფორმები ზევიდან ტარდება, რევოლუციები კი ქვემოდან ხდება. არ შეიძლება მუდმივად მეზობელი სახელმწიფოს იმედი გქონდეს.

 

- აბა, მაშ ვინ მოგცემთ ფულს, თუ არა მეზობელი სახელმწიფო?,

 

- ვეკითხები, - თქვენ ხომ საკუთარი ფინანსები არ გაქვთ? ტურისტული სექტორი განუვითარებელია, გადასახადის მსხვილი გადამხდელები არ გყავთ...

 

- ჩვენ საერთოდ არ გვაწყობს ასეთი მოდელი, როცა ერთი სახელმწიფო მეორეს ინახავს, - ამბობს ასლან კობახია, - არ გვინდა სხვის კმაყოფაზე ყოფნა. მოგვეცით სამი მილიარდი დოლარი 15 წლიანი კრედიტით, მცირე პროცენტით და მერე ჩვენ გადავწყვეტთ, რა ვაშენოთ,  როგორ ვაშენოთ და როგორ განვავითაროთ ეკონომიკა. ჩვენ რუსეთს ზურგს არ შევაქცევთ, მაგრამ არც რუსების კმაყოფაზე ცხოვრება არ გვინდა. ნუ შექმნით ჩვენგან ასეთ ადამიანებს. ვიყოთ ნამდვილი მეგობრები. დეპუტატები თვლიან, რომ რუსულ დაფინანსებაზე დამოკიდებულება აფხაზეთს არა მარტო მოქმედებას უზღუდავს, არამედ მის მომავალსაც ემუქრება. რუსეთს რომ ფული გამოელიოს, ამით პირველ რიგში აფხაზეთი დაზარალდება. მართლაც, თუ რუსეთის მიერ ხარ უზრუნველყოფილი, მაშინ შედი რუსეთის შემადგენლობაში! თუ გინდა დამოუკიდებლობა, მაშინ ფულს ნუ აიღებ და შენით იცხოვრე!

 

აი, ეს ყველაზე სერიოზული დილემა დგას აფხაზური საზოგადოების წინაშე.

 

2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით რუსეთმა აფხაზეთს, რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური გეგმის ჩარჩოებში, 10 მილიარდ 800 მილიონი რუბლი გადაურიცხა. კიდევ მილიარდ 800 მილიონი გამოუყო 2013 წელს. გეგმა აფხაზეთსა და რუსეთის მხარეებს შორის შეთანხმებული იყო. გადაწყდა, რომ ფული ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დახარჯულიყო: აშენდა გზები, სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, აუზები, სტადიონები. ალექსანდრე ანქვაბი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება - ეს ერის განვითარებაში ჩადებული ფულია და ადრე თუ გვიან, დაბანდებული ფული შედეგს მოიტანს. ბუნებრივია, ინვესტორი უფრო მოვა, როცა გზები დაგებულია, სკოლები და საბავშვო სახლები აშენებულია... ალექსანდრე ხლოპონინმა [ყუბანის გუბერნატორი], რომელიც ამ თანხების ათვისების პროგრამას კურირებას უწევდა, რამდენჯერმე შეაქო აფხაზეთის ხელისუფლება ხარისხიანი მშენებლობისათვის, რომ ობიექტები 5-წლიანი კი არა, 50-წლიანი გარანტიით შენდება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ სკოლები და საავადმყოფოები ბიუჯეტს არ ავსებს და თვლის, რომ კომპლექსური გეგმა არასწორად ხორციელდება.

 

 

ბევრს მიაჩნია, რომ ალექსანდრე ანქვაბს კომპლექსურ გეგმაში კორექტივები უნდა შეეტანა - დაეფიქსირებინა მასში ქარხნების, ფაბრიკების, ტურისტული ობიექტების აშენების აუცილებლობა. - რუსეთმა აფხაზეთზე უკვე 12 მილიარდი რუბლი დახარჯა, მაგრამ ქარხნები არ აშენებულა. სტადიონი და აუზი კარგია, მაგრამ ბიუჯეტს ხომ შევსება ჭირდება? ეკონომიკა უნდა განვითარებულიყო, - ამბობს არტურ მიქვაბია.

 

 

დეპუტატები საუბარში მაინც ვერ მიხსნიან გასაგებად, თუ რატომ მაინც და მაინც საკურორტო სეზონის წინ მოისურვეს გადატრიალების მოწყობა. მე ვიცი, რომ ბევრი კერძო სასტუმროსა და ტურბაზის მფლობელი ასე ფიქრობს: ყირიმის მიერთების გამო რუსეთს ტურისტების ნაკადის მიმართულების შეცვლა და სოჭში და იალტაში მათი გადამისამართება სურს. ამბობენ, რომ ასეთი ამბები ადრეც მომხდარა ხოლმე - იყო დრო, როცა სოჭში ძალიან ცოტა ტურისტი ჩავიდა, რუსმა მესაზღვრეებმა მდინარე ფსოუზე რემონტი დაიწყეს და გზები გადაკეტეს, აფხაზეთში მომავალი ტურისტები კი სოჭში დარჩნენ. არ ვიცი როგორაა ამ შემთხვევაში, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ ერთი მხრივ, აფხაზურმა ოპოზიციამ სპეციალურად შეარჩია საპროტესტო პერიოდი და ამით ახლობლებისა და ნათესავების ტურისტულ ბიზნესს ზიანი მიაყენა [აფხაზური საზოგადოება ძალიან მცირეა, აქ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული]. მეორე მხრივ, თუ შენ ფულს არაფრის გამო გაძლევენ, ტურისტების გარეშეც შეიძლება ცხოვრება. აფხაზი ბლოგერი ახრა სმირი თვლის, რომ პოლიტიკური კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და ჰაერში „დენთის სუნი" ტრიალებს.

 

 

პოლიტოლოგი ლიანა კვარჩელია მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ანქვაბს საზოგადოებაში კვლავ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ჰყავს: „იგი გლეხებს ასობით ჰექტარის ხილის ბაღების გაშენებაში დაეხმარა, ფერმერები სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადამუშავებაში ჩააბა... მან დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთის სოფლის მეურნეობის განვითარებაში ათწლიანი წისწრებით. გლეხებმა თავიანთი მომავალი დაინახეს". ამასთან, ლიანა კვარჩელია აღნიშნავს, რომ ანქვაბმა ფსონი გლეხებსა და ორიოდე ოლიგარქზე დადო, ამით საშუალო ფენის ჩამოყალიბების პროცესი დაამუხრუჭა. ჰოდა, საშუალო კლასის პროტესტებმაც პრეზიდენტს მმართველობის ვადა შეუმოკლა. არის ანქვაბის გადადგომის კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც ძირითადად მისი მხარდამჭერები ლაპარაკობენ. ეს ვერსია კონსპიროლოგიურია და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის საქმიანობას უკავშირდება, რომელიც აფხაზეთს 2013 წლიდან კურირებს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ნათელა აგრბამ განაცხადა, რომ „ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთში ყოფნის დროს ოპოზიციას უფრო მეტად ხვდება, ვიდრე ხელისუფლებასო". ჰყვებიან იმასაც, რომ კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დსთ-თან თანამშრომლობის საკითხებში მიხეილ მამონოვი ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ გასულა აფხაზეთიდან, სულ სოხუმში იჯდა და ოპოზიციას თითქმის ყოველდღე ხვდებოდა. ეს ფაქტი ალექსანდრე ანქვაბს ძალიან აღიზიანებდა. ერთხელაც მიხეილ მამონოვს თავისთან დაუძახა, მაგრამ სპეციალურად არ მიიღო და საათნახევრის განმავლობაში მისაღებში ალოდინა. „ერთ-ერთ შეხვედრაზე ვლადისლავ სურკოვმა მიხეილ მამონოვი წარმოგვიდგინა და გვითხრა, რომ ეს კაცი აქ რუსეთის ხელისუფლებას წარმოადგენსო, - ამბობს პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი პალატის წევრი ასიდა შაკრილი, - მაგრამ შემდეგ ეს კაცი ჩვენ საერთოდ აღარ გაგვკარებია, დროს სულ ოპოზიციასთან ატარებდა".

 

 

„რუსეთის მიერ ყირიმის აღიარებისა და მიერთების შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ ჩვენთან სურკოვის თანაშემწე მამონოვი გამოჩნდა და დაიწყო გამოკითხვა, თუ რა აზრი ჰქონდათ პარტიებს აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებით, - ჰყვებიან საზოგადოებრივი პალატის წევრები, - მას უპასუხეს, რომ ამ საკითხს საერთოდ არავინ არ განიხილავს. მაისის პირველ რიცხვებში მოსკოვიდან სურკოვიც ჩამოვიდა, ორი საათით პრეზიდენტს შეხვდა და ისევ უკან გაბრუნდა. რაზე ილაპარაკეს, არავინ იცის ზუსტად, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე ნაცნობებმა თქვეს, რომ სურკოვმა წინადადება შემოიტანა განხილულიყო რუსეთთან აფხაზეთის ასოცირებული ურთიერთობის საკითხი. 8 მაისს მოსკოვში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელმა ტარას შამბამ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს ერთმანეთთან ასოცირებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთო.

 

 

ამ ინტერვიუს ზოგიერთი აფხაზი ექსპერტი სპეციალურად „შემოგდებულს" უწოდებს. მეორე დღეს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პარლამენტის სპიკერმა თითქმის ერთდროულად განაცხადეს, რომ არავითარ ასოცირებულ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ იქნება. 11 მაისს პარლამენტმაც ანალოგიური განცხადება გააკეთა, იგივე გაიმეორეს პოლიტიკურმა პარტიებმაც. ამის მიუხედავად, ვლადისლავ სურკოვმა ეს თემა მაინც წამოსწია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საზოგადოებრივი პალატის წევრებიც ესწრებოდნენ. ასიდა შაკრილის თქმით, ვლადისლავ სურკოვმა თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, რომ აღნიშნა - რუსეთი ყირიმის მიერთების გამო მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება, მოსკოვის წინაშე დასავლეთიდან ისეთი სერიოზული გამოწვევები დგას, რომ მსგავსი რამ 2008 წელს არ ყოფილაო. ამიტომაც რუსეთი მადლობას უხდის აფხაზებს მხარდამჭერი განცხადების გაკეთების გამო უკრაინასთან დაკავშირებით.

 

 

სურკოვმა აღნიშნა, რომ სექტემბერში NATO-ს სამიტი უნდა გაიმართოს, მანამდე კი საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას აწერს ხელს და უკრაინის მოვლენების კონტექსტში დასავლეთს შეუძლია საქართველო ყველგან მიიღოსო. და მან გვითხრა, რა საფრთხე ელოდება აფხაზეთს, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროსო. ამიტომაც აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობა კიდევ უნდა განმტკიცდეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენს შორის ისედაც კარგი ურთიერთობაა, მაგრამ რადგანაც ახლა საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარების პერიოდში ვართ, ამიტომ სუვერენიტეტის შენარჩუნება ჩვენთვის აუცილებელია. სურკოვი შემეკითხა: განა რით ემუქრება რუსეთთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთს? მე ვუპასუხე, რომ მოდით, ნუ გვაჩქარებთ ხელმოწერას, შევისწავლოთ და გავერკვიოთ. სურკოვმა კი - მთავარია არ დააგვიანოთო. მეორე დღეს სააგენტო „აფსნიპრესმა" გაავრცელა სურკოვის განცხადება, რომ ასოცირებული ურთიერთობის პირობებში აფხაზეთის სუვერენიტეტი ურყევი იქნება, - აღნიშნა ასიდა შაკრილმა. ორი დღის შემდეგ, როცა ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა, პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ხაზგასმული იყო ახალი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა, „რომელიც აფხაზეთს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გაიყვანს". ამრიგად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსეთს მიანიშნეს, რომ მათთან შეიძლებოდა ლაპარაკი აფხაზეთის რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის საკითხზე. 31 მაისს, გვიან საღამოს აფხაზეთის პარლამენტი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე გამართულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა, ისევ შეიკრიბა საგანგებო სხდომაზე არჩევნების თარიღის დანიშვნის მიზნით. დეპუტატებს მაგიდებზე დახვდათ დოკუმენტი, რომლის სახელწოდება იყო „რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების შესახებ". ეს დოკუმენტი მე ერთ-ერთმა დეპუტატმა მომცა. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის გააქტიურებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ბაზის შესაძლო დაარსების ფონზე", აგრეთვე „მოსახლეობის სოციალური დაცვის სტანდარტების ასამაღლებლად, საბიუჯეტო სფეროს მოსამსახურეებისთვის ხელფასებისა და პენსიების მომატების მიზნით" პარლამენტს წინადადება შემოაქვს შემუშავდეს ახალი ხელშეკრულება აფხაზეთისა და რუსეთის სტრატეგიული კავშირის შესახებ. ამ ხელშეკრულების ჩარჩოებში განზრახულია გამარტივდეს და შემდეგ სრულიად გაუქმდეს საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, ჩამოყალიბდეს „რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე, შეიქმნას ერთიანი სარდლობა სამხედრო მმართველობის ორგანოების, შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების ძალების კოორდინაციისათვის", აგრეთვე „შეიქმნას საერთო ეკონომიკური სივრცე სავაჭრო-ეკონომიკური ბარიერების გაუქმების გზით", „გაიზარდოს აფხაზეთის სოციალური დაცვის სტანდარტები რუსეთის ფედერაციის დონემდე, ხელფასების, პენსიებისა და სამედიცინო დაზღვევის ჩათვლით". დეპუტატებმა უარი თქვეს ამ დოკუმენტის განხილვაზე და განაცხადეს, რომ ახლა ქვეყნის კრიზისზე მსჯელობენ, ხოლო რუსეთთან ურთიერთობა იმდენად კრიტიკული არ არის, რომ ამ საკითხზე ღამის სხდომაზე იმსჯელონ, თუმცა ზოგიერთმა პარლამენტარმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდებოდნენ. მომდევნო დღეს, პირველ ივნისს, ალექსანდრე ანქვაბმა გადადგომა გამოაცხადა. იმავე დღის ბოლოს „აფსნიპრესში" მოსკოვიდან, ვლადისლავ სურკოვის მისაღებიდან დარეკეს და სთხოვეს პრეზიდენტის თანაშემწის განცხადების გავრცელება, რომლის ძირითადი არსი ის იყო, რომ აფხაზეთში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ორ ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება აფხაზეთში ბოლო დღეების მოვლენების, ალექსანდრე ანქვაბის მშვიდობიანი გადადგომის, მისი დამსახურების, ძალის გამოუყენებლობის, მომავალი არჩევნების მზადების და საერთოდ რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც წარმატებით ვითარდებოდა და განვითარდება... მთავრობაში მომუშავე ერთ-ერთ ჩემს ნაცნობს ვთხოვე კომენტარი გაეკეთებინა პარლამენტის ამბებზე, მაგრამ მან მთხოვა,  მისი გვარი არ დამესახელებინა, იმედი მაქვს, რომ მას სამსახურიდან არ მოხსნიან. ჩინოვნიკმა მითხრა, რომ ეს ძალიან გაზვიადებული რთული კომბინაციებია და განა რუსეთი ამდენს იფიქრებს პატარა დანამატის - აფხაზეთის გამო? ოფიციალურად რუსეთის ხელისუფლება ვლადისლავ სურკოვისა და სხვა რუსი ჩინოვნიკების აფხაზეთის მოვლენებში მონაწილეობას კომენტირებას არ უკეთებს. ვერც თვით სურკოვსა და მამონოვს ვერ დავუკავშირდი. პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის საკითხი არ დასმულა.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016