reportiori.ge - პეტრე მამრაძე: ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ორმა ფაქტორმა განაპირობა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:37
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ორმა ფაქტორმა განაპირობა...
11 ივნისი, 2014. 17:50


„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „რეპორტიორთან" ინტერვიუში „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზებსა და პიარზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებას ნამდვილად აკლია.

 

 

-ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა უკმაყოფილება „ქართული ოცნების" მიმართ. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს?

 

 

- ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება ორმა ფაქტორმა განაპირობა - პირველი არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ნამდვილად არ არის ძვრები. პირადად ჩემთან შეხვედრებზე ყოველდღე ადამიანები ჩივიან, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. არადა, „ქართული ოცნების" დაპირება ალბათ ყველას გვახსოვს - დაწყებული ტარიფებით, ენერგეტიკით, ქარხნებით და სხვა მშენებლობებით, პენსიების მომატებით და ასე შემდეგ. მოლოდინი ძალიან დიდი იყო. იმიტომ , რომ კოალიციას სათავეში ედგა უდიდესი ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მანამდე მილიარდები დახარჯა საქართველოსა და ქართველებისთვის. დღეს ძმა არ უკეთებს ძმას იმდენს, რაც ივანიშვილმა თვითოეულ ჩვენგანს გაგვიკეთა. ადამიანებს ამიტომ სჯეროდათ,  ბიძინას თუ მივცემთ ხმას  ქვეყანა აშენდებაო. ასე არ მომხდარა და უფრო მეტიც, ქვეყანაში მონოპოლიებიც კი არ გაუქმებულა - იქნება ეს მონოპოლია საწვავის შემოტანაზე, ფარმაკოლოგიაში და სხვაზე. ახლახანს გაჟღერდა, მგონი ზურაბ ტყემალაძე ამბობდა, რომ მსხვილ მონოპოლისტებს კანონით შეუწყდებათ ის პრივილეგიები, რომელიც მათ ფაქტობრივ მონპოლიას იწვევდაო. ამის გაკეთება ხომ შეიძლებოდა 2012 წლის 31 დეკემბრამდეც?! ამის მიღებას (ორჯერ ვიყავი პარლამენტარი  და ვიცი) სჭირდება მაქსიმუმ ერთი კვირა. სამაგიეროდ, ძალიან დიდი პოლიტიკური ნება გამოიჩინეს პირადი გამდიდრებისთვის . საბიუჯეტო თანხების საკუთარი ინტერესების მიზნით გამოყენებაში გამოიხატა ეს ყველაფერი.

 

 

ყველას გვახსოვს წერილი, რომელიც ცირკულარულად დაუგზავნა მთაწმინდის რესტორნის მენეჯერმა კანცელარიას,  ყოველდღე რომ მოდიან მინისტრები და ქეიფობენ, გვიხარია, მაგრამ ბავშვების შემოსასვლელით გთხოვთ ნუ ისარგებლებენ, პარკინგი გვაქვს და იქიდან შემობრძანდნენო. დღეს მინისტრს ამისთვის უნდა ეცალოს?! პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას", პატარა და უღატაკეს ქვეყანაში წინა ხელისუფლებამ რომ 20 მინისტრი და პრემიერი დატოვა, სწორედ მინისტრთა კაბინეტი უნდა შეემცირებინა. 14 სამინისტრო აქვს ქვეყანას და პრემიერის ჩათვლით უნდა ჰყოლოდა 15 მინისტრი, რატომ არ შეცვალეს მმართველობის სტრუქტურა?! რატომ მოირგეს მაშინვე სავარძლები და გაზარდეს ხელფასები და პრემიები?!

 

 

მეორე ფაქტორი, რაც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ზრდის, ისაა, რომ სამართლიანობის აღდგენის განცდა ქართველ ხალხს დღემდე არ აქვს. „სამართალმა - ხელი რომ მომაჭრა არ მეტკინებაო",- ძველი ქრთული ანდაზაა, ვაჟა-ფშაველა იყენებს თავის ესსე-ებში. უსამართლოდ რომ ჭრიან ადამიანებს ხელს და მერე ვინც აჭრის ტელევიზიებში გამოდის და საზოგადოებას ჭკუას ასწავლის, როგორ არ უნდა ეტკინოს ადამიანს?! დაპირება, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, არ შესრულდა. ძალიან მცირე ნაწილიც კი არ გაკეთდა იმის, რაც უნდა გაკეთებულიყო. ცხელ კვალზე იყო საჭირო არაერთი საქმის გამოძიება. წელიწადი და რვა თვეა გასული და შედეგი არის ნულთან ახლოს. ეს ადამიანებზე ძალიან ცუდად მოქმედებს. აქვე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას რაც მომხდარა ნაცისტური, სადისტური სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან. თუნდაც ის, რომ ჭიაბერაშვილს და ლადარიას ხელით შეეხნენ. ყველას ახსოვს ალბათ, ბობოხიძე რომ მორბის პარლამენტში ჩემსკენ უწმაწური გინებით და თავში მირტყამს. არც შემიხედავს, გავაგრძელე ჩემი სიტყვა. ეს იყო ჩემი რეაქცია ძალადობაზე. როდესაც ქვეყანაში ჩადენილია სისტემური დანაშაული და ახალი ხელისუფლება ვერაფერს, ან არაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ და გამოსაძიებლად, უკმაყოფილება მატულობს ხელისუფლების წინაშე.

 

 

-კორტებთან ჩაცხრილული 22 წლის ბუტა რობაქიძის მამა, იური ვაზაგაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, ხელისუფლება გვაიძულებს დამნაშავეები ლინჩის წესით გავასამართლოთო. მეტი გზა აღარ დარჩა ქართულ საზოგადოებას?

 

 

- იური ვაზაგაშვილს უნდა გავუგოთ, ემოციურად და არა სამართლებრივად. მისი ვაჟიშვილი ჩაცხრილეს კორტებთან. თუნდაც ეჭვმიტანილები ყოფილიყვნენ, რა უფლება ჰქონდათ?! ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში გამოდიოდა აქციებზე და სამართალს ითხოვდა. მოვიდა ახალი ხელისუფლება და ჯერაც არაფერი შეცვლილა. უახლეს ისტორიაში ხშირია ფაქტები, როდესაც ასეთ შემთხვევებში ოჯახის წევრებს იარაღი აუღიათ ხელში. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოშიც იგივე მოხდეს და თვითონ აასრულონ სამართალი. ვენდეტის და სისხლის აღების დრო უნდა დასრულდეს და სამართალმა პური უნდა ჭამოს. ადამიანები ბევრ რამეს ითმენენ, მაგრამ უჭირთ ასეთი ყბადაღებული უსამართლობა. ისევ ტელევიზიებით გამოდიან ეს ადამიანები, ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო და ნიშნისმოგებით ჭკუას გვარიგებენ. რატომ უნდა შევეგუოთ ამას?! ამ დღეებში გავიგეთ, რომ თემურ ალასანიას ქრთამის სახით მილიონები გადაუხადეს. გავიგეთ ფულის გათეთრების სქემაც, რითაც „ობშიაკში" უნდა შესულიყო „ნაცისტებისთვის" ფული. თითქოს არ ვიცოდით აქამდე, რომ თემურ ასალანიასთვის რომ ფული არ გადაეხადათ, ისე ვერცერთი ბიზნესი ვერ გაიხარებდა! ალბათ ის, რაც მოვისმინეთ ამ დღეებში, წვეთია ზღვაში.

 

 

-„ქართული ოცნების" ხელისუფლებას კარგი პიარი არ აქვს? ხშირად ამბობენ , კი ვაკეთებთ საქმეს, თუმცა ამას საჯაროდ არ ვამბობთო.

 

-დავეთანხმებოდი ნაწილობრივ. დიდი იმედით ვუყურებ ნებისმიერ ეროვნულ ხელისუფლებას და მხოლოდ კარგს ვუსურვებ. დღესაც მზად ვარ იმ ისტორიულ მიღწევებზე ვისაუბრო, რაც სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა მმართველობის პერიოდში. ეს იყო ის, რომ ბიუჯეტი 8-ჯერ გაიზარდა, გაიზარდა ინვესტიციები.

 

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის, რაც გაკეთდა. კარგი ამბები მოდის  ჯანდაცვის სამინისტროდან. სერგეენკოზე კარგის გარდა არაფერი მსმენია. კარგი ამბები მოდის სოფლის მეურნეობაზე. დავით კირვალიძე შესანიშნავი სპეციალისტი იყო. მართალია, სრულიად უსამართლოდ მოექცნენ, მაგრამ სოფლის მეურნეობაში ბევრი რამე კარგისკენ შეიცვალა. ეკონომიკა რომ დაძრულიყო, ადამიანებს რომ ეგრძნოთ ეს საკუთარ თავზე, ამას ზედმეტი პიარი არ დასჭირდებოდა. როცა ქალაქში დადიხარ და მატულობს „ვიტრინების" რაოდენობა, სადაც გაკრულია ირიბად ზოლი წარწერით „ქირავდება", იქ კი უწინ იყო რესტორანი, კაფე, თუ ოფისი, მიანიშნებს იმას, რომ ეკონომიკის მხრივ არაფერი გაუმჯობესებულა.

 

 

-არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" ისევ მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება, თუ შესაძლოა პოლიტიკურ სივრცეში რაიმე ცვლილებები მოხდეს? 

 

 

- „ნაციონალური მოძრაობა" არჩვენების შემდეგ დარჩება მხოლოდ პარლამენტში. ახალი ხელისუფლების უნიათობის გამო, მათი დაშლის პროცესი შეჩერდა. ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ციხის სკანდალური ვიდეოკადრები ვრცელდებოდა, მარიკა ვერულაშვილმა თქვა, დღეს უკვე დანაშაულია ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომაო და გაეცალა ნაცებს. კაკო ბობოხიძემ თქვა, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველას მივაგებთო. ცხადია, ამით თავისი თავის  გამოყვანა უნდოდა მდგომარეობიდან. გიგი წერეთელმაც კი თქვა, რომ სავარაუდოდ შეუძლებელია ასეთი ფაქტები მომხდარიყო და ქვეყნის პირველ პირებს არ სცოდნოდათო.

 

 

-რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.

 

 

-ძალიანსამწუხაროა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გამოიჩინა პოლიტიკური „ნება" იმისთვის, რომ დაეფარა სააკაშვილის და მისი თანამზრახველების დანაშაული სამშობლოს ღალატზე. დანაშაულის დაფარვაც დიდი დანაშაულია. როცა პრესაში დოკუმენტები ქვეყნდება ხელმოწერებით, რომ ბიუჯეტი ხმარდებოდა სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსებას, ფავოროტი ქალების საჩუქრებს, თვითონ სააკაშვილის ბოტოქსს და ა.შ. საქართველოს კანონმდებლობით, სამართალდამცვები ვალდებულები იყვნენ აღეძრათ საქმე. ვიღაცამ თუ ეს პროცესი შეაჩერა, ეს არის დიდი დანაშაული.

 

 

დღესაც ვისმენთ, რომ მოწმის სახითაა დაბარებული სააკაშვილი. წარმოდგინეთ სამართალს რომ პური ეჭამა, ყველა ეს საქმე რომ აღძრულიყო, ექს-პრეზიდენტი ძებნილი კი არა, ქვეყნიდან ვერ გავიდოდა. საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხების მიტაცებასთან. როდესაც ქვეყნდება დოკუმენტები, რომ ლობისტურ ფირმებზე უშიშროების საბჭოდან მილიონებია დახარჯული, რომ გიგა ბოკერიას ნაღდი ფულის სახით აქვს აღებული ასობით ათასები, რამე გაგიგიათ ამის გამოძიებაზე? სააკაშვილმა თანამზრახველებთან ერთად პირდაპირ შეასრულა პუტინის ჩეკისტური რეჟმის დავალება და წავიდა ომზე, განახორციელა სამხედრო ავანტიურა, რაც ასე სწადდა პუტინს. გადაშალეთ იმდროინდელი წერილები წამყვან გაზეთებში, სადაც წერია, რომ სააკაშვილმა ითამაშა პუტინის სასარგებლოდ. კოლინ პაუელმა სააკაშვილს ამის გამო ჭკუანაღრძობი უწოდა. რუსეთმა წარმოადგინა 62 ადამიანის სია და ჩვენ მხარეს რამდენი დაიღუპა... სააკაშვილმა თანამზრახველებთან ერთად რაც ჩაიდინა, ესაა ქართველების, ოსებისა და აფხაზების მიმართ უდიდესი დანაშაული. უნდა გავასამართლოთ კანონის უმკაცრესი ფორმებით და არა იმან, ვინც პირადად მას თუ არა, მის გარემოცვას ნამდვილად დაავალა, ვისი დავალებაც შეასრულა სააკაშვილმა.  

 

 

 

P.S.  შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლ15 ივნისსაა დანიშნული. საზოგადოების ნაწილი ამ თარიღს განსაკუთრებულად ელოდება, ნაწილი კი, არასამთავრობოების სახით, გეგმავს ეს თარიღი პერმანენტული აქციების ტრამპლინად აქციოს იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანას კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად მოევლინება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016