reportiori.ge - 3:1 ოსკარისა და ნეიმარის შესრულებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:38
სპორტი
3:1 ოსკარისა და ნეიმარის შესრულებით
13 ივნისი, 2014. 13:10



ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, დაიწყო ღამისთევა, ვნებათაღელვა, ფილტვებისა (მწეველებისთვის) და ყელის იოგების (ზედმეტად ემოციურებისთვის) გლეჯა. ჩემთვის, და ალბათ ბევრისთვისაც, გუშინდელი ღამე სამი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი: საზეიმო გახსნა.

 

შეფასება: ისე რა!

 

 რა თქმა უნდა ცუდს ვერ შევკადრებ, მაგრამ დიდად აღსაფრთოვანებელიც არ ეთქმოდა. ყველაზე კარგი ის იყო, რომ მალე დასრულდა. გუნება ვერც ჰიმნმა გამომიკეთა. ოთხი წლის წინანდელი სამხრეთაფრიკული ვაკა-ვაკას ცუდ ვერსიას ჰგავდა, თითქმის იგივე რიტმი და მელოდია. ეგ არის შაკირა უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა, ვიდრე ყველასგან ნაქები სექსსიმბოლო ჯენიფერ ლოპესი, რომელსაც პატივცემული „პიტბული“ და ბრაზილიელი კლაუდია ლეიტი მგონი ხელს უშლიდნენ (ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და აუცილებელი არ არის ვინმემ გაიზიაროს ან გამაკრიტიკოს).

 

მეორე, მთავარი და ყველაზე საინტერესო ნაწილი თავად შეხვედრა გახლდათ.

 

შეფასება: საინტერესო, დაძაბული

 

 

ბოლო  თეორმეტი მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის მატჩებს თუ შევადარებ, გუშინდელი, ყველაზე საინტერესო იყო. მომეჩვენა, რომ ბრაზილიელები ზედმეტად თავდაჯრებულები გამოვიდნენ მოედანზე და კერკეტმა ხორვატებმა ძალიან მალე აგრძნობინეს, რომ იოლი გასეირნება არ ელოდათ. ივიცა ოლიჩის ფლანგიდან დაბალ ჩაწოდებულს იელავაცმა ოდნავ შეუცვალა მიმართულება, მარსელოს და  სეზარს რეაქცია უკვე გაკეთებული ჰქონდათ და მიმართულებაშეცვლილ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლეს 0:1



პირველი 15-20 წუთი ბრაზილია არეულ ფეხბურთს თამაშობდა, ხორვატები სულის ამოთქმის საშუალებას არ აძლევდნენ. ამ დროს არის საჭირო ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერს, თამაშს დაალაგებს და სასურველ კალაპოტში ჩააგდებს. როგორც გამოირკვა, ბრაზილიის ნაკრებში ასეთი ფეხბურთელი არის და მას ოსაკარი ჰქვია. თამამად შემიძლია ვთქვა, ნეიმართან ერთად, ამ ფეხბურთელმა ლომის წილი დაიდო მასპინძელთა გამარჯვებაში; ოსკარი ჭკვიანური, გააზრებული პასებით პირდაპირ „ცხელ“ წერტილებში გზავნიდა თანაგუნდელებს, და ხორვატთა საჯარიმოს მისადგომებთან აშკარად „ჩამოცხა“. ამას დაუმატეთ ბალკანელთათვის არადამახასიათებელი და გაუმართლებელი ბურთის „თრევა“. ჯერ ოლიჩმა მოაწყო „მინი კონცერტი“ და კინაღამ ოსკარმა გაიტანა, მერე მოდრიჩმა და რაკიტიჩმა მოინდომეს მოედნის ცენტრში „მატაობა“ და... ნეიმარმა ხორვატები დასაჯა 1:1.

 

 



ოსკარზე უკვე მოგახსენეთ, ახლა მთავარ გმირზეც ვთქვათ. ნეიმარმა ორი-სამი წლის წინანდელი მესი გამახსენა, როცა ვერაფრით ვიგებდი რა პოზიციაზე თამაშობდა, რადგან იყო იქ, სადაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა; იგივეს თქმა შემიძლია ნეიმარზეც: თავსაც კარგად იცავდა, ოსკარს ყველაზე ხშირად ეხსნებოდა და პრაქტიკულად ყველა შეტევაში მონაწილეობდა. მოკლედ, ჰალკის და ფრედის საკეთებელიც თავის თავზე აიღო.

 

 

მეორე ტაიმი ისევ ხორვატთა კარნახითა და დომინირებით დაიწყო, შეტევას, შეტევა ცვლიდა და როგორც ჩვენი კომენტატორები ამბობენ: „ბრაზილიელთა კართან გოლი მომწიფდა“. ამ დროს სცენაზე გამოვიდა ერთი მოქმედი პირი, ვინც ბალკანელებს გარჯა წყალში ჩაუყარა, ხოლო სრულიად ბრაზილიის დადუმებული „ტორსიდა“ აღტაცებაში მოიყვანა – ამ კაცს იუიტი ნიშიმურა ჰქვია და ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ.



მსგავსი დარღვევისთვის პენალტი რომ ინიშნებოდეს, ინგლისის ჩემპიონატში, თითო შეხვედრაში სავარაუდოდ 15-20 პენალტი დაიდებოდა.

 

ფრედს ამ მომენტამდე არაფერი გაუკეთებია, თურმე როლში შედიოდა და აკი დიდებულადაც ითამაშა. ისევ ნეიმარი და 2:1. შეხვედრის სურათი კარდინალურად შეიცვალა, ხორვატებმა, მთელი გუნდით შეუტიეს და მოედანზე თავისუფალი სივრცეები გააჩინეს. როგორც წესი, ბრაზილიელები ასეთ რამეს არავის პატიობენ და ოსკარმა სოლო რეიდით შეხვედრას წერტილი დაუსვა.

 

ნაწილი მესამე: ფიქრები შეხვედრის შემდეგ

 

შეფასება: დრო ტყუილად ნამდვილად არ დამიკარგავს.

 

ბრაზლია მსოფლიოს მომავალ ჩემპიონს ჯერ არ ჰგავს, თუმცა პოტენციალი აშკარად დიდია. ჟულიო ცეზარს ჯერ სერიოზული „სამუშაო“ არ გამოსჩენია, ამიტომ შეფასებისგან თავს შევიკავებ. მომეჩვენა, რომ ფლანგის მცველები (ალვეში, მარსელო) ზედმეტად ერთობოდნენ შეტევებში და საყრდენები (პაულინიო, გუსტავო) მათ დაზღვევას ვერ ასწრებდნენ, საერთოდაც ორივე საყრდენი ჩამშლელია და „შემოქმედებაში“ კრეატივი არ ჩანს, ეს კი ბრაზილიურ სათამაშო სტილს არ მიესადაგება, ჩემი აზრით, აქ რამირესი უფრო გამოსადეგი იქნება. საერთოდ არ ჩანდა ჰალკი, ფრედზე უკვე მოგახსენეთ, კაცს თურმე სერიოზული როლი ჰქონია მოსამზადებელი და ფეხბურთის სათამაშოდ სად ეცალა.

 

მსოფლიოს ჩემპიონატი არის ადგილი, სადაც ვარსკვლავად შერაცხულმა ფეხბურთელმა ეს სტატუსი უნდა გაამართლოს, სწორედ მუნდიალის მოგების შემდეგ იქცნენ ლეგენდებად პელე, მარადონა, ზიდანი, ბეკენბაუერი და სხვები. ვინ იქნება ის ბედნიერი, ვინც 13 ივლისს ფიფას თასს აღმართავს და ლეგენდებში ჩაეწერება, ჯერ უცნობია; გუშინდელი თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა – ეს ნეიმარია.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016