reportiori.ge - ზურაბ აბაშიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ექნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:35
ინტერვიუ
ზურაბ აბაშიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ არჩევნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ექნება
13 ივნისი, 2014. 16:45


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღე დარჩა. სტრუქტურულად ყველაზე რთული არჩევნების წინაარჩევნო პერიოდზე, გარემოსა და კონკურენციაზე „რეპორტიორს" პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ესაუბრა:

 

-წინასაარჩევნოდ,   სხვადასხვა  ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნას, სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ  წრეებში  ხელისუფლების  მხრიდან  ზეწოლად აფასებენ. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

-პასუხი არის ძალიან მარტივი. ხელისუფლებამ თავიდანვე დაგმო ნებისმიერი ძალადობა. ვემიჯნებით ამას და არ ვაპირებთ რაიმე სახით ძალადობაზე ავაგოთ წინასაარჩევნო კამპანია, დავაშინოთ ხალხი. ვთქვით, რომ კონკრეტულ ფაქტებს გამოვიძიებთ. უკვე მიემართა პროკურატურას, რომელიც ვალდებულია ასეთი ტიპის დარღვევები (თუ არსებობს) გამოიძიოს.  აღმოჩნდა, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებების 99% სრული სიცრუეა. რასთან გვაქვს საქმე? წინა ხელისუფლება,  პრაქტიკულად, ძალადობაზე იყო აგებული და მისი ბუნება იყო პროვოკაციული ტიპის. მან გააკეთა ყველაფერი, რომ ოპოზიციაშიც ამ ტიპის მეთოდები დაენერგა; დაეშანტაჟებინა ხელისუფლება, წარმოეჩინა ქვეყნის გარეთ ისე,  თითქოს ჩვენ ვძალადობთ ადამიანებზე, ვიყენებთ სახელისუფლებო ბერკეტებს ოპონენტების განადგურებისთვის. ეს ყველაფერი მიმართული იყო არჩევნებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ, რაც წარუმატულ და უნიჭო ნაბიჯად უნდა შეფასდეს  „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. თუ ვინმე არ ენდობა გამოძიებას, ეს მისი პრობლემაა. ადამიანები, რომლებმაც კანდიდატურა წამოაყენეს, თავადვე განაცხადეს, რომ მათ საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოხსნეს კანდიდატურები. მთავარი იყო, რომ წამოეყენებინათ კანდიდატები, შემდგეგ კი მოეხსნათ ეს კანდიდატურები შანტაჟისა და პროვოკაციებისთვის. როდესაც ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში, არამარტო სიტყვიერად, ფიზიკურადაც გვისწორდებოდნენ. ქონებასაც კი ართმევდნენ ზოგს, რომ არჩევნებში არ მიეღოთ მონაწილოება. ძალიან გაბედულად ვიბრძოდით, ვიდექით ბოლომდე, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რაც მივიღეთ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში.

 

-პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, რომ არ არის თანაბარი წინასაარჩევნო გარემო: რესურსები, ფინანსები, სატელევიზიო დრო. თქვენი   შეფასებით, წინასაარჩევნოდ თანაბარი გარემოა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის შექმნილი?


-თანაბარი გარემო ვერ იქნება. რატომ? არსებობს საარჩევნო კოდექსი, რომელიც არეგულირებს რომელ პოლიტიკურ ძალას რა ეკუთვნის. არიან კვალიფიციური და არაკვალიფიციური პოლიტიკური ძალები. ამის განსაზღვრა ხდება წინა არჩევნებიდან გამომდინარე. შედეგების მიხედვით ხდება მათთვის ფინანსების გამოყოფა და საეთერო დროის მიცემაც. ეს არის რეგულაციის სფერო და არა ინდივიდუალური გადაწყვეტილება ხელისუფლებაში მყოფი ძალის მხრიდან. ამას არეგულირებს კანონი და კანონი ვერ მოერგება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და კონკრეტულ პერსონებს. მათ კარგად იციან, რომ ეს ასეა. უბრალოდ, სჭირდებათ, რომ თავიანთი წარუმატებლობა რაღაცას დააბრალონ. გარწმუნებთ, რომ მომავლშიც ასე იქნება. არჩევნები გამოაჩენს ყველაფერს, რომელი ძალა რა პროცენტს მოიპოვებს. ეს შემდეგ გადაითვლება ფინანსურ რესურსში- პოლიტიკური ძალა მიიღებს ფინანსებს ბიუჯეტიდან, შესაბამისად, მიიღებს საეთერო დროსაც, რომელიც იქნება შემდგომი არჩევნებისთვის საჭირო. ეს არის მარტივი ფორმულა და ვერავინ გააკეთებს ინდივიადულარად. რამდენი პოლიტიკური პარტიაც არის ქვეყანაში, ყველას დროს ვერ მისცემ, თუ შედეგი არ აჩვენა წინა არჩევნების დროს.

 

-რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობას", როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვთ  არჩევნებში? ისინი ხშირად აპელირებენ ხელისუფლების შეუსრულებენ დანაპირებზე: სად არის 100 საწარმო და ა.შ. როგორ შეაფასებთ მათ, როგორც კონკურენტებს?

 

-ეს არჩევნები, არ მინდა ვთქვა, რომ მათთვის ბოლო იქნება. არავინ იცის ბოლო იქნება თუ ბოლოს წინა. ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობისთვის" ეს არჩევნების ყველაზე დაბალი მაჩვნებელის მომტანი იქნება. კი, მათ აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება, როგორც პარტიული, ასევე საარჩევნო. აქვთ ადამიანური და ფინანსური რესურსი. 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყვნენ და ეს გამოცდილება მეტყველებს კიდევაც და გარკვეული შედეგი ექნებათ არჩევნებზე, მაგრამ არა მაღალი.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები სტრუქტურად, ძალიან რთული არჩევნებია. ჩვენ მაღალი სტანდარტი დავაწესეთ, როდესაც ვთქვით, რომ ავირჩევთ პირდაპირი წესით ყველა თვითმმართველი ქალაქის მერს და ასევე ყველა რაიონში გამგებელს. ამ არჩევნებში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილოებს, ამიტომ ტემპერატურა საკმაოდ მაღლა იწევს . ჩვენთვის მთავარი ის კი არაა, ვინ რა პროცენტს აიღებს, მთავარია, არჩევნებს მაღალი შეფასება ჰქონდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის მთავარი და „ნაციონალური მოძრაობა" რამდენ პროცენტს მიიღებს, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არანაირი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. არ მგონია, რომ საზოგადოება მხარს უჭერდეს ოპოზიციურ ძალას, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა" და მასში ხედავდეს რაიმე მომავალს.


-გულწრფელად რომ მითხრათ, მმართველი ძალა ვის მიიჩნევს, მაგალითად თბილისში, სახელისუფლებო კანდიდატის ყველაზე ძლიერ კონკურენტად? თუ არის მმართველ გუნდში მერობის რომელიმე კანდიდატზე საუბარი, რომელზეც ფიქრობთ, რომ დავით ნარმანიას ხმათა მნიშვნელოვან რაოდენობას „წაართმევს"?

 

-ვეცდები მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო. არც „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატში, არც ოპოზიციურ კანდიდატში, (რომელიც შეიძლება უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდეს, ვიდრე სხვა),  ვერ ვხედავთ დავით ნარმანიას რეალურ კონკურენტს. თავიდანვე სხვაობა იყო მაღალი. პროცენტულად რომ ყოფილიყო მცირე სხვაობა ჩვენს კანდიდატსა და რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს შორის, რა თქმა უნდა ვიტყოდით, რომ მეორე ტურის ჩატარების ალბათობა დიდია. ამას ვერ დავმალავდით, ბუნებრივია.

 

-პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები. რამდენად ნორმალურია პრემიერის  ასეთი განცხადების გაჟღერება. თქვენ როცა ოპოზიციაში იყავით, როგორ მიიღებდით მთავრობის მეთაურისგან ამგვარ დამოკიდებულებას?

 

-ჩვენ არამარტო განცხადებებს ვისმენდით, დევნის ქვეშ ვიყავით. ამ ტექსტში ვერაფერს ვერ ვხედავ ძალადობრივს და გამანადგურებელს. ეს არის ადამიანის პოზიცია. ნებისმიერ მოქალაქეს, ყოველ მეათე გამვლელს ჰკითხეთ, რა აზრის არის „ნაციონალურ მოძრაობაზე". ზუსტად იგივეს გეტყვით, რასაც ფიქრობს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი საუბრობს იმაზე, რასაც ფიქრობს საზოგადოების უმრავლესობა.


-კახა კუკავა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ კოალიცია „ქართული ოცნება" მალე დაიშლება, გადააყენებენ პრემიერს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. რა ხდება მმართველ გუნდში?

 

-როდესაც ასეთი ტიპის პოლიტიკოსები ამგვარი ხასიათის განცხადებებს აკეთებენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ გამიზნულია ყურადღების მიპყრობისკენ. მსგავსი ინფორმაცია, მას არ გააჩნია და ვერ ექნება, იმიტომ, რომ ასეთი რამ არ ხდება. კოალიციამ აიღო ვალდებულებები ქვეყნის წინაშე და უნდა შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადითაც არის არჩეული. მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ხალხის წინაშე აღებული ვალდებულება,  შესრულდება ბოლომდე. მერე გამოჩნდება რა და როგორ განვითარდება. დღეს კი დაშლაზე საუბარი წარმოუდგენელია და არც მოხდება.

 

P.S. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება. საქართველოს მოსახლეობა საკუთარი ქალაქის და რაიონის მერსა და გამგებელს პირდაპირი წესით პირველად ირჩევს. საკრებულოები კი მაჟორიტარული და პროპორციული წესით დაკომპლექტდება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016