reportiori.ge - კახი კახიშვილი: კვერცხები „ნაცმოძრაობამ“ საკუთარ თავს თვითონ დაუშინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:31
ინტერვიუ
კახი კახიშვილი: კვერცხები „ნაცმოძრაობამ“ საკუთარ თავს თვითონ დაუშინა!
ავტორი:
15 ივნისი, 2014. 00:03



ეს არჩევნები, ალბათ, ყველაზე მძიმე იქნება მათ შორის, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩატარებულა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ერთი საპრეზიდენტო, ან თუნდაც პარტიული სადეპუტატო მანდატისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის იბრძვის. ამიტომ, წინ დაძაბული დღეები გველის... როგორ განვითარდება მოვლენები კენჭისყრისა და შედეგების დათვლის შემდეგ, იქნება თუ არა საპროტესტო აქციები, ან როგორ მოხდება პოლიტიკური ძალების გადანაწილება? – ექსპერტ კახა კახიშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსი ისეა აწყობილი, რომ თუ განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ – ყველა ოლქსა და უბანზე „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

 

 

– არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და წინასაარჩევნო აგრესია მატულობს. ავიღოთ თუნდაც ცაგერის შემთხვევა, როცა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს კვერცხები დაუშინეს. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ფაქტებთან საერთო არაფერი აქვს და, ქვეტექსტებით თუ ვიმსჯელებთ, პროვოკაციების დაგეგმვას „ნაციონალებს“ აბრალებს. ბატონო კახა, არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში, კიდევ რას შეიძლება ველოდოთ?

 

– არ მგონია, კვერცხები „ნაცმოძრაობამ“ საკუთარ თავს თვითონ დაუშინა, თუმცა არსებობს მეორე მომენტი – „ნაცებს“ სურთ, ამ არჩევნებმა ძალადობის ფონზე ჩაიაროს, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებს სალაპარაკო მისცენ. ეს რომ ასე არ მოხდეს, ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ „ნაცმოძრაობამ“ საარჩევნო გარემო არ დაძაბოს. მოდით, ასე ვთქვათ: ხელისუფლებას მართვის ყველა ბერკეტი აქვს და ადექვატური ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა სტაბილურობა შენარჩუნდეს.

 

 

– იქნება თუ არა თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე რთული მათ შწორის, რაც ბოლო წლებში ჩატარებულა?

 

– საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე რთულად ითვლება – თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკრეტული მხარე პრეზიდენტობის ერთი კანდიდატისთვის იბრძვის, საპარლამენტო არჩევნების დროს კი, პარტიული აქტივი – მაჟორიტარისა და პარტიის საერთო წარმატებისთვის, თვითმმართველობის არჩევნების დროს, ყველა საკუთარი თავისთვის იბრძვის. ამ არჩევნებზე ძალიან ბევრადაა დამოკიდებული იმ ადამიანების დასაქმების საკითხი, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობენ და სხვადასხვა პარტიას მხარს უჭერენ. აქედან გამომდინარე, ხშირად ძალადობის ფაქტებამდეც მივდივართ, რადგან ხალხი საკუთარი და ახლობლების მომავლისთვის იბრძვის. მოლოდინი, რომეს არჩევნები საპრეზიდენტოზე უფრო რთული იქნებოდა, თავიდანვე არსებობდა. უფრო მეტს გეტყვით, თუ ხელისუფლება დაუშვებს, რომ ქვეყანაში გაჩნდებიან ადამიანები, ან პოლიტიკური სახეები, რომლებიც კანონზე მაღლა იდგებიან, ეს ხელისუფლებას ძალიან ცუდად მოუბრუნდება. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება შეფასებებში ძალიან ზუსტი და თანმიმდევრული იქნება, მიუხედავად იმისა, თუ ვინაა ეჭვმიტანილი კონკრეტულ სამართალდარღვევასა და დანაშაულში – მისი პარტიისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი.

 

 

– არასაპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ „ოცნება“ თანდათან „ნაცმოძრაობას“ ემსგავსება...

 

– არ ვიცი, ვინ ვის ემსგავსება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ადექვატური ზომები უნდა მიიღოს, რათა ამ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. როცა ახლა დაძაბულობაა, ეს იმის მანიშნებელია, რომ კენჭისყრის დღესა და შედეგების შეჯამების დროს, სიტუაცია აირევა, რასაც ქუჩაში აქციები და დემონსტრაციები მოჰყვება. ამიტომ, როცა კონკრეტულ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ზედმეტი სიმკაცრე და ლოიალობა კი არა, უბრალოდ, კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დღეს ხელისუფლება თვალს იმის შიშით დახუჭავს, რომ ხვალ-ზეგ ამას სპეკულაციები არ მოჰყვეს და არ თქვან, კონკრეტული პარტიის წევრები ზეზოლას ახორციელებენ საარჩევნო ადმინისტრაციაზეო, ეს აუცილებლად ხელისუფლებას მოუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო მძიმე მდგომარეობას მივიღებთ.

 

დღეს თვითონ „ნაცმოძრაობას“ სურს ძალის დემონსტრირება და იმის ჩვენება, რომ ზოგიერთი მისი წევრი უფრო მაღლა დგას, ვიდრე – კანონი. ასეთივე სურვილი აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა ძალადობასაც უნდა ჰქონდეს ადგილი, ხელისუფლების მხრიდან მაინც გამართლებულნი იქნებიან. ამიტომ, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი და ძალის დემონსტრირება რომ არ მივიღოთ, საჭიროა მოვლენების შეფასება და ადექვატური რეაგირება.

 

 

– ძალის დემონსტრირებას ხელისუფლებაზე მეტად „ნაცმოძრაობა“ ახდენს და ეს მარნეულის ინციდენტის დროსაც გამოჩნდა...

 

– „ნაციონალები“ იმას აკეთებენ, რასაც 2000-2003 წლამდე აკეთებდნენ, როცა „მოქკავშირიდან“ წამოვიდნენ – იჭრებოდნენ სახელისუფლებო შენობებში. თუ „ნაცმოძრაობას“ იმის საშუალება მიეცემა, რომ ძალის დემონსტრირება გააგრძელოს, უფრო აგრესიულიც გახდება.

 

 

– ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ მოქმედებების ადექვატური რატომ არაა?

 

– ხელისუფლებას გარკვეული კომპლექსი აქვს, რას იტყვიან უცხოელებიო. ამიტომ, ამის შიში რომ არ გქონდეს, მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედო. ამავე დროს, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხელისუფლება არაა ერთპარტიული. „ოცნებაში“ ძალიან ბევრი პარტიაა, რომელსაც საკუთარი ინტერესი აქვს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკა, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული არაა. სამწუხაროდ, იმის ნიშნებიც არის, რომ ყველა თავის თამაშს თამაშობს.

 

 

– უფრო კონკრეტულად, ბატონო კახა?

 

– ეს ეკლექტიკური საზოგადოებაა, რომელიც ღირებულებებით კი არა, ერთი ადამიანის მიერაა შეკრებილი. დღეს ამ ერთიანობის შემაკავებელი ფაქტორი ხელისუფლებაში ყოფნაა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც ახლა კოალიციაშია, სურვილი აქვს, ხელისუფლებაში რაც შეიძლება, დიდი ხანი იყოს. სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, შესაძლებელია, ერთმანეთი ძალიანაც არ უყვარდეთ და შიდა კულუარებში აკრიტიკებდნენ კიდეც, მაგრამ ხელისუფლების ხიბლი მოთმენის განცდას აძლევთ. მეტიც, თითოეულმა მათგანმა იცის, დღეს კოალიციიდან რომ წავიდეს, ადგილი შეიძლება, წარმომადგენლობით ოპოზიციაშიც ვეღარ იპოვოს. მოთმენა დროებითია – ვიდრე ძალებს არ მოიკრებენ, ან სიტუაციის მომწიფებას ელიან, როდესლაც საშუალება მიეცემათ, კოალიცია სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად გააკეთონ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმომადგენლობითი ოპოზიციის რანგში გამოვიდნენ.

 

 

– კოალიცია „ქართული ოცნება“ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებამდე დაიშალოს?

 

– შესაძლებელია, ერთიანობა 2016 წლამდე შენარჩუნდეს – ისევ ერთიანი კამპანიით შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოშიდა განხეთქილება მერე მოხდეს.

 

 

– საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ დროა... ისე, კოალიციაში შემავალი ცალკეული პარტიების „ნაციონალებთან“ გარიგებაზე უკვე საუბრობენ...

 

– „ნაციონალებთან“ გარიგებაზე ფაქტები არ მაქვს. ამიტომ ზერელედ ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათი ინტერესები, ადრე თუ გვიან, გადაიკვეთება. შესაძლებელია, დიდი ბლოკი, ან თანამშრომლობის ახალი მოდელი ვიხილოთ.

 

 

– ბევრს საუბრობენ, რომ „ნაცმოძრაობას“ არათუ მთავარი ოპოზიციური ძალის, არამედ, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვს...

 

– ამაზე ხელისუფლებას თავის დროზე უნდა ეფიქრა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ თაროზე ძალიან ბევრი საქმე შემოდო და ყველა საქმე „ნაცმოძრაობის“ ყოფილ მმართველებს უკავშირდება. ასე რომ არ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას მორალს ვეღარ წაუკითხავდა. რეალობა ასეთია: საქმეების დიდი ნაწილი, რაც წამოიწყეს, გამამართლებელი განაჩენით დასრულდა, სხვა საქმეები არ არსებობს და სხვა ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ფანტაზიაა.

 

გამამართლებელი განაჩენები, პროკურატურის უმოქმედობა და სხვადასხვა ფაქტზე არადროული რეაგირება „ნაცმოძრაობას“ ამაგრებს და, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მოლოდინი, წელიწადნახევრის შემდეგ ეს პარტია საერთოდ გაქრებოდა, საზოგადოებას მორალს იმ დარღვევებზე უკითხავს, რომელსაც თვითონაც დიდი სიამოვნებით აკეთებ და დადანაშაულებასაც ჩადიოდა.

 

 

– როგორ ფიქრობთ, 15 ივნისს სიურპრიზებს უნდა ველოდოთ?

 

– შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ხელისუფლების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, საარჩევნო კოდექსი იმ კონფიგურაციის გამოყენების საშუალებას იძლევა, როცა არჩევნების შედეგი მხოლოდ მოტივირებულ ამომრჩეველზეა აგებული. ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტად მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე – სხვა პარტიებს, ვფიქრობ, ამ საარჩევნო კოდექსით, შესაძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ოლქი მოიგოს. ამ საარჩევნო კოდექსით, ნებისმიერი ხელისუფლების გასტუმრება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ არჩევნებზე დიდი რაოდენობით ამომრჩეველი მივა. ასეთ დროს შესაძლებელია მეორე ტური, ხელისუფლების მრაცხი, ან თუნდაც, გაუქმებული შედეგები.

 

ესაუბრა ნათია ვერძეული

 

 

გაზეთი „ქართული სიტყვა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016