reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: თუ სადმე „ნაციონალს“ ფეხი გადაუტრიალდება, ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ედება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:26
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: თუ სადმე „ნაციონალს“ ფეხი გადაუტრიალდება, ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ედება
ავტორი:
15 ივნისი, 2014. 01:21



წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღეღა დარჩა და, როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას ამბობს, ადრინდელისგან განსხვავებით, ახლანდელი წინასაარჩევნო გარემო სტაბილური იმ კუთხითაა, რომ საარჩევნო სუბიექტებს რეალური საშუალება აქვთ, თავიანთი პროგრამები და იდეები საზოგადოებას გააცნონ. „ნაციონალების“ დროს კი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს ცხვირ-პირს ამტვრევდნენ.

 

 

– ნიკა, „ნაციონალები“ ამტკიცებენ, „ოცნების“ ხელისუფლება ძალადობს და ჩვენს კანდიდატებს აიძულებს, რომ არჩევნებში მონაწილეოშბა არ მიიღონო...

 

– ამას ცინიზმით სავსე ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც არჩევნებს წლების განმავლობაში აყალბებდნენ, თან უტიფრად ადამიანის უფლებებზე საუბრობდნენ.

 

 

ისე, ხელისუფლებას აშშ-მაც მიუთითა, არჩევნების წინ თავპირდასისხლიანებული ადამიანების ხილვა ქართულ დემოკრატიას პრობლემებს შეუქმნისო.

 

– „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კარგა ხანია, თვითგვემაზე გადავიდნენ. სხვანაირად როგორ უნდა შეაფასო პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურის ინციდენტი, რომელიც კამერების წინ ჰყვებოდა, რომ ხუთმა კაცმა მანქანაში ვერ შეტენა და თავდამსხმელებს მხოლოდ იმიტომ ვერ მოერია, რომ ელექტროშოკი გამოიყენეს?! არც ჭიაბერაშვილზე თავდასხმა უნდა შეფასდეს, როგორც საარჩევნო სუბიექტზე თავდასხმა. რა უნდა ვქნათ? – თითო „ნაციონალს“ თითო პოლიციელი ხომ არ გაჰყვება გადაადგილების დროს?

 

 

– ასეა თუ ისე, სახეზეა გარკვეული ინციდენტები, რომლებიც შეიძლება, დარღვევებად ჩაითვალოს...

 

– ხელისუფლებაში მყოფი ძალა ყოველნაირად ცდილობს, დაპირისპირება თავიდან აიცილოს. მაგალითად, როცა რუსთავში საარჩევნო სუბიექტებს აგიტაციის საშუალება არ მიეცათ, „ოცნებამ“ მყისიერად რეაგირება მოახდინა.

 

 

– თუკი მარნეულის ინციდენტს გავიხსენებთ, ვერ ვიტყვით, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები მშვიდად ჩაივლის...

 

– სიმართლე გითხრათ, ფაქტების მიმართ საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება მაკვირვებს – როცა „ნაციონალების“ მხარეს რაღაც დარღვევა ხდება, მყისიერად ალიაქოთს ტეხენ, სხვა შემთხვევაში კი, ჩუმდებიან. მარნეულში მთელი „ნაცელიტა“ – გოგორიშვილი, უგულავა, ნადირაშვილი – ჩაება დარბევაში. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია „ნაციონალების“ კანდიდატის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობდა. კი ბატონო, უკანონო გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამისთვის კაცი ხომ არ უნდა მოვკლათ? ვინ მისცათ ამის უფლება?

 

 

– იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი კოლეგები – არასამთავრობოები ტენდენციურები არიან?

 

– საქართველოში „ნაციონალებთან“ დაკავშირებული „ენჯეოები“ მოქმედებენ, რომლებიც მხოლოდ „ნაციონალების“ უფლებების დარღვევაზე რეაგირებენ. ყველაფერ ამის გამო ისეთი ფონი იქმნება, რომ საქართველოში არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიული გარემო თითქოს არ არსებობს.

 

 

– ყველაფერი ეს რას ემსახურება?

 

– როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოტივირებულია, რომ მეორე ადგილზე გავიდეს და თუკი ამას მიაღწევს, არ გამიკვირდება, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, „ნაციონალებმა“ ძალიან სერიოზული განცხადებები გააკეთონ. შეგნებულად ხდება ფონის დამძიმება. რეგიონებში, გამგებლების სახით, „ნაციონალებს“ სერიოზული ბერკეტი აქვთ. ასევე, ხელი მიუწვდებათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებზე. თუკი შედეგები მათთვის სასურველი არ იქნება, შესაძლოა, რევოლუციური პროცესებიც დაიწყონ – სხვა პარტიებიც აიყოლიონ და ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, მით უმეტეს, რომ ამის მცდელობები უკვე იყო.  ცოტა ხნის წინ კი, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი „მაიდანის“ მოწყობითაც დაგვემუქრა...

 

 

– ამ ფონზე თვალშისაცემია „ქართული ოცნების“ არცთუ წარმატებული პიარ-კამპანია...

 

– „ქართულმა ოცნებამ“ თავისი სისუსტე აღიარა. მაგალითად, კრწანისის გამგებელმა, ხათუნა ბერძენიშვილმა წინასაარჩევნოდ კონცერტი მოაწყო, რისთვისაც ადმინისტრაციული რესურსი და ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხები გამოიყენა. ამ დარღვევებზე საზოგადოებას არაფერი შეუტყვია და არც მთავრობის მხრიდან ყოფილა რეაგირება.

 

 

– მთავრობამ წინასაარჩევნოდ მორატორიუმი გამოაცხადა...

 

– გასაგებია, მაგრამ ეს ფაქტები აღნუსხული და არჩევნების მიერ გამოძიებული უნდა იყოს, რათა შემდეგში, ცდუნება სხვასაც არ გაუჩნდეს და, დაუსჯელობის სინდრომით შეპყრობილმა, იგივე არ გაიმეოროს.

 

 

– არჩევნებისადმი მოსახლეობის ინდიფერენტულობა არ შეიმჩნევა?

 

– საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნები დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა ხოლმე, თუმცა ვფიქრობ, ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ, რაც სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მოაგვარონ. ზოგიერთი პარტია ხალხს ლამის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას ჰპირდება, რაც გამგებლისა და მერის კომპეტენციაში არ შედის. მიმაჩნია, რომ არჩევნებზე იმაზე მეტი ხალხი მივა, ვიდრე უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიდა.

 

 

– „ნიკა, „ნაციონალებს“ ცაგერსა თუ ბათუმში კვერცხები ესროლეს...

 

– „ციხის კადრების“ მერე, „ნაციონალები“ სახლებიდან ვერ გამოდიოდნენ, ნელ-ნელა ძალა მოიკრიბეს, მაგრამ აღშფოთებული ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებიან. რა გასაკვირია, რომ კვერცხებს ესვრიან? ამ ადამიანებს ახლობლები მოუკლეს, ქონება წაართვეს, დაჩაგრეს. მათაც, შემთხვევა მიეცათ და, „ნაციონალებს“ ამ გზით გაუსწორდნენ. გაიხსენონ ცინიკოსმა „ნაციონალებმა“, ქვებს რომ ესროდნენ ოპონენტებს. კვერცხებს აშშ-ის პრეზიდენტებსაც ესვრიან, როცა რამე არ მოსწონთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ში დემოკრატია არ არის.

 

 

– საინტერესოა, რომ რიჩარდ ნორლანდმა კვერცხების სროლა კი არა, თავპირდასისხლიანებული ადამიანები ახსენა. გამოდის, რომ წიკლაურს გულისხმობდა?

 

– სწორედ ეს მაშფოთებს – თუ სადმე, რომელიმე „ნაციონალს“ ფეხი გადაუტრიალდება, ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ედება.

 

 

– პრემიერ-მინისტრს იმიტომ აკრიტიკებენ, რომ განაცხადა, „ნაციონალები“ უნდა ამოვძირკვოთ, „ნაციონალები“ რადარიდან ქრებიანო...

 

– პრემიერმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, საუბრობდა არა როგორც პრემიერი, არამედ, – კოალიცია „ქართული ოცნების“ მეთაური და, საერთოდ, სად იყვნენ თომას ჰამბერგერი და ურიცხვი საერთაშორისო ორგანიზაციები, როცა ხალხს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ქვეყნიდან ერეკებოდნენ? მაშინ ერთხმად გაიძახოდნენ, არჩევნები მაღალი ხარისხით ტარდებაო. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებზე ერთი ნეგატიური განცხადებაც არ გაუკეთებიათ. ქართველი მომთმენია – ელოდება სამართლიანობის აღდგენას და თუკი ეს არ მოხდება, მერე, კვერცხებს კი არა, სხვა რამესაც გაისვრის.

 

 

 

ესაუბრა ნათია გოგიტიძე

 

გაზეთი „ქართული სიტყვა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016