ერთ კაცს ვერ ნახავთ თბილისში, ვისაც ეცოდინება კოსტა-რიკის ნაკრების ესა თუ ის ფეხბურთელი სად თამაშობს. სად ჰქონდათ ჭკუა „პსჟ"-ს ხელმძღვანელებს კავანიში 60 მილიონი ევრო რომ გადაიხადეს. მაგ ფულით კოსტა-რიკის 23-ე ფეხბურთელს იყიდდნენ და ერთ-ორ ადგილობრივ მობურთელსაც გამოაყოლებდნენ. ეს ხუმრობით და რა დღე აყარეს ფავორიტებად შერაცხულ ურუგვაელებს, ალბათ ყველამ ნახეთ. ამ ჯგუფში, ინგლისელების იტალიელებთან წაგების შემდეგ, ვითარება იმდენად აირია, ძნელი სათქმელია რას უნდა ველოდოთ.თუ აქამდე სამი ფავორიტი მოიაზრებოდა, ეხლა ოთხივე გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი.
კოლუმბიელებმა გაამყარეს ის აზრი, რომ ბრაზილიაში სასეირნოდ არ ჩამოსულან. წარმოიდგინეთ, ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდი ჯექსონ მარტინესი, ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ფალკაოს არ ყოფნის პირობებშიც. ბერძნებთან შეხვედრაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გვარდადოსთვის ტყუილად არ იბრძვიან ევროპის გრანდები.
კოტ დივუარი მთელი საათის მანძილზე აგებდა იაპონიასთან , მაგრამ 64 წუთიდან „სპილოების" მძიმე არტილერიამ ზედიზედ გაისროლა და გუნდს 2:1 მოაგებინა. ორივე გამარჯვებული აშკარად აღემატება მეტოქეებს და სავარაუდოდ ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობაც ცნობილია.
ის, რომ ფეხბურთი მოულოდნელობებით არის სავსე და ბურთიც მრგვალია, ყველას მოეხსენება, მაგრამ სენსაციაც არის და სენსაციაც. ასეთ გაუთვალისწინებელ შედეგებს უილიამ ჰილის საბუკმეკერო კანტორაც კი ვერ ინატრებდა.