reportiori.ge - დემოკრატიული არჩევნები და აბობოქრებული ნარჩენები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დემოკრატიული არჩევნები და აბობოქრებული ნარჩენები
ავტორი:
16 ივნისი, 2014. 17:00


დღევანდელი საქართველო იმ კახელს მაგონებს, მესამე ცოლი რომ  დაასაფლავა, მერე ხელები მოიფშვნიტა, ჭირისუფალს და შეკრებილ ხალხს ნიშნის მოგებით  გადახედა და მრავალმნიშვნელოვნად ამოიოხრა - ესეც ასეე!

 

ერაყი ტერორისტების ტყვეობაში

 

სხვა ვითარებაში ასეთი რამ ალბათ არ დაგვემართებოდა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნების ინტრიგით გართულებმა გასულ კვირაში ყურადღება აღარ მივაქციეთ მეზობელ ერაყში განვითარებულ მოვლენებს: ტერორისტულმა ორგანიზაციამ, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო", პირდაპირი შეტევით აიღო ნინევიის პროვინციის დედაქალაქი მოსული (ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი) და სიკვდილით დასჯილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქი ტიკრიტი. ტერორისტები ბაღდადის აღებითაც იმუქრებიან. უკვე ლტოლვილია პროვინციის ნახევარ მილიონამდე მცხოვრები. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები აღჭურვილი არიან იმ საბრძოლო ტექნიკითა და შეიარაღებით, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენებით,  რომელსაც აშშ სირიის ოპოზიციას აწვდიდა.


საგულისხმო  ფაქტია, რომ ალ-ქაიდასთან დაახლოებული ეს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია თავგამოდებით იბრძოდა სირიის ოპოზიციის მხარეს, პრეზიდენტ ჰაფეზ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ.


პრემიერმა ნური ალ-მალიქმა პარლამენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მოსახლეობისთვის იარაღის დარიგების თხოვნით მიმართა, რათა „მოსახლეობამ თავის დაცვა თვითონვე მოახერხოს". კაცობრიობის (და მათ შორის, ჩვენს) გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება ერთობ საშიში, ყოვლად უპერსპექტივო და ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის ძირგამომთხრელი ქმედებაა. იმაზე უარესი, ჩვენმა მთავრობამ მშობლიურ თუ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით იარაღი თენგიზ კიტოვანსა და „მის ბიჭებს" რომ დაურიგოს.


სამწუხაროდ, ამერიკული ანტისადამჰუსეინური „დახმარების" შემდეგ ჩვენი მეზობელი ერაყის ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობა, საერთოდ, ბეწვზე დაეკიდა - არსებობს დიდი შანსი, რომ  მახლობელი აღმოსავლეთის ეს დიდი და მდიდარი ქვეყანა მსოფლიო ტერორიზმის ბუდედ და თავშესაფრად იქცეს. თუ ასე მოხდა, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად მომაკვდინებელი საფრთხე საქართველოსაც დაემუქრება. თუ ალაჰმა (და NATO-მ) ინება და ასე არ მოხდა, საქართველოს ძალიან სერიოზული პრობლემები მაინც შეექმნება.


კვლავ ძალიან მძიმე ვითარებაა მოძმე უკრაინაშიც. მართალია, რუსეთი ამტკიცებს, სხვის საქმეში არ ვერევი და არც ჩავერევიო (ფორმალურად არც ერევა!); დასავლეთის ქვეყნებიც თანადგომას უცხადებენ და რუსეთს  სანქციებით ემუქრებიან, მაგრამ ვითარება უკიდურესად დაძაბულია - მიმდინარეობს დაუნდობელი სამოქალაქო ომი არტილერიის, საბრძოლო ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით. იქმნება ნაირნაირი პარტიზანული, პატრიოტული თუ სეპარატისტული შეიარაღებული რაზმები. ყოველდღიურად იღუპება ათობით ადამიანი. მათ შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია. დღემდე უკრაინაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც კარგს არაფერს უქადის კონფლიქტის მოგვარებას, უკრაინის სახელმწიფოებრიობას, საქართველო-უკრაინის ურთიერთობას თუ საერთაშორისო სტაბილურობას.


იმედია, არჩევნებში გამარჯვებული საქართველოს ხელისუფლება და მომავალი გამარჯვებების რწმენით აღსავსე ოპოზიცია ამ საფრთხეების თავიდან აცილებაზე ერთად და ერთნაირი რუდუნებით იზრუნებენ.

 

არჩევნები დამთავრდა, ვემზადოთ არჩევნებისთვის


გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ: მას შემდეგ, რაც ქართველმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გაუგონარი უგუნურება და უპასუხისმგებლობა - ქვეყნის ბედი კიდევ ერთხელ არ ჩააბარა ლეიბორისტულ პარტიასა და მის ბელად შალვა ნათელაშვილს, ქალბატონმა ასმათ ტყაბლაძემ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა. არადა, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს თბილისის მერობამდე ხმების სულ რაღაც 98,6 პროცენტი დააკლდა!


რას ვიზამთ, ბატონ შალვას, ეტყობა,  ძალიან მოსწონს ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი. და, სხვათა შორის, არა მარტო მას.


გასულ კვირას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა 12 თვითმმართველი ქალაქის მერებისა და გამგებლების არჩევნები 50-პროცენტიანი ბარიერით. ამის დამსახურებაა, რომ ბევრგან მეორე საარჩევნო ტური გაიმართება. ჩატარებული არჩევნები იმითაც იყო გამორჩეული, რომ მას საქართველოში უნდა დაემთავრებინა  თვრამეტთვიანი ორხელისუფლებიანობა. უფრო პროზაულად - ხელისუფლებიდან საბოლოოდ გაეძევებინა ნაციონალური მოძრაობის ნარჩენები. თანაც, არა რევოლუციითა და ძალადობით, არამედ - დემოკრატიზმის მოთხოვნების შესაბამისად.


ნაციონალურმა მოძრაობამ ირმა ნადირაშვილის პირით ოფიციალურად განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნები თითქმის ყველა უბანზე გააყალბეს",  მაგრამ ეს თეორია რაიმე არგუმენტებით გამყარებული არ ყოფილა.


უნდა გავუგოთ „ნაცმოძრაობას" - ჩავლილი არჩევნები მათთვის ხელისუფლებაში დარჩენისა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთადერთი შანსი იყო. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ უმოტივაციოდ დარჩენილ „ნაცმოძრაობაში" ერთიორად გაიზრდება სეპარატისტული განწყობა და უნდობლობა ლიდერებისადმი (ბევრი „ლიდერი" და დამფინანსებელი ხომ ისედაც გაქცეულია ქვეყნიდან). თუ „ყოფილები" რიტორიკას, მიდგომებსა და ლიდერებს არ შეიცვლიან, მათი ადგილი მხოლოდ ისტორიაში, იატაკქვეშეთსა და საპატიმრო ადგილებში დარჩება.


ამ დროისთვის ზუსტი სტატისტიკა ცნობილი არ არის, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ პირველ ტურში თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში, მათ შორის თბილისში, კოალიცია „ქართული ოცნება" ლიდერობს.


არჩევნებამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები ზოგიერთ საარჩევნო ოლქში დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ, მაგრამ თუ ორიოდე შემთხვევას არ ჩავთვლით (ანაკლიაში და მარტვილის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე), განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.


არ გამართლდა ჭორები იმის თაობაზე, რომ ნაცმოძრაობა არეულობის მოწყობის მიზნით   ზუგდიდში  ასკაციანი „ზონდერჯგუფის" მობილიზებას აპირებდა. მშვიდობიანად ჩაიარა არჩევნებმა მარნეულში, სადაც წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას ნებსით თუ უნებლიედ ხელი შეუწყეს ნაცმოძრაობის ლიდერებმაც, „ქართულმა ოცნებამაც", ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელობამაც და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. განსაკუთრებით პროვინციულ-ანეკდოტურად გამოიყურებოდა კოალიციის ჟესტი მარნეულში საკუთარი კანდიდატის (თოფჩიშვილი) მოწინააღმდეგის (იმამყულიევი)სასარგებლოდ მოხსნის თაობაზე. საქმე ის არის, რომ ასეთ რამეს საარჩევნო კანონმდელობა არ ითვალისწინებს. ანუ არჩევნებამდე ორი დღით ადრე კანდიდატურის მოხსნა, უბრალოდ, შეუძლებელია.


მარნეული და, საერთოდ, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რაიონები ყოველთვის იყო გარანტირებული საარჩევნო ხმები მმართველი ძალისთვის. „თავისიანებით" კარგად გაჯერებული საარჩევნო გარემოს იმედად, „ნაცმოძრაობა" ამ სტერეოტიპის დანგრევას ამაოდ შეეცადა.


ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ამ არჩევნებით „ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ძალის, ისტორია დამთავრდა.


ასეა თუ ისე, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება ორივე პოლიტიკურმა ძალამ („კოალიცია", „ნაცმოძრაობა")  იზეიმა: ერთმა - დიდი უპირატესობა, მეორემ - დამატებითი დროის შესაძლო დანიშვნა.

 

ამომრჩეველთა   გულგრილობა და არჩეულთა გულმოდგინება


გასული კვირის არჩევნები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში ამომრჩეველთა უმაგალითოდ მცირე რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი თბილისში იყო. არ ვგულისხმობ ნაცმოძრაობის წევრებს და მათ მხარდამჭერებს - ისინი საარჩევნო ურნებთან სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ! არ გამოცხადდნენ, ძირითადად, კოალიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლები.


ეს ფაქტი „ნაცმოძრაობამ" მმართველი ძალის მიერ დანაპირების შეუსრულებლობით, ამის გამო მოსახლეობაში გაჩენილი ნიჰილიზმით, მმართველი პოლიტიკური ძალისადმი უნდობლობით ახსნა და კოალიციას უახლოეს მომავალში პოლიტიკური კრახი უწინასწარმეტყველა.


დამარცხებულმა პოლიტიკურმა ძალამ ეს თეორია, ეტყობა, გულუბრყვილოების საცთუნებლად და, რაც მთავარია, თავის დასამშვიდებლად შექმნა.


მოდი, არცთუ შორეული კომუნისტური წარსული გავიხსენოთ - ნებისმიერი დონის არჩევნებზე ამომრჩეველთა სულ მცირე 99 პროცენტი ცხადდებოდა. იმიტომ კი არა, რომ კომუნიზმი და კომუნისტები გულზე ეხატათ. იმიტომ ცხადდებოდნენ, რომ რეპრესიებისა ეშინოდათ. ამის გარდა, ასეთი ერთსულოვნება პოლიტიკური უმწიფრობასა და უიმედობაზეც  მიანიშნებს. თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში საარჩევნო ურნებთან ამომრჩეველთა 51-53 პროცენტზე მეტი არ მიდის. ვიმეორებ, ასეა მაღალი დემოკრატიის ქვეყნებში და არა კოლუმბიაში, ბელარუსში ან აზერბაიჯანში.


რახან ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი არჩევნებზე არ გამოცხადდა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგმულა, პოლიტიკა მეორე პლანზე გადანაცვლებულა და ამომრჩევლებს არჩეულთა იმედი გასჩენიათ. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის" აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, მათ უკან დასახევი გზა უკვე 2004 წლიდან მოიჭრეს და, როგორც მოგახსენეთ, ხსნას მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენაში ხედავენ. ამის დასტურად თუნდაც უგულავას ან გუნავას მაგალითი გამოდგება.


ეს არის და ეს.


ოღონდ, ჩემთვის გაუგებარია, რა ამოძრავებდა ნიჭიერ, განათლებულ და პატიოსან ახალგაზრდა კაცს,  დავით ნარმანიას, როცა მინისტრობაზე უარი თქვა და თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ჩაება. ამ ბრძოლის მოგებას ხომ მას არც მტერი და არც მოყვარე გამარჯვებაში მაინც არ ჩაუთვლის - გაიმარჯვა არა დავით ნარმანიამ, არამედ კოალიციის (ბიძინა ივანიშვილის) კანდიდატმა. არ მითხრათ, თუ ღმერთი გწამთ, ნარმანიას და კოალიციის ყველა დანარჩენ კანდიდატს შენი კეთილდღეობისთვის თავგადადების დაუოკებელი სურვილი ჰკლავსო.


ინტრიგნობაში თუ არ ჩამეთვლება, კიდევ ერთი რამ მაინტერესებს - სად იშოვის თბილისის ახალი მერი დაპირებული მილიონი ხის საყიდელ და დასარგავ ფინანსებს?


კარგი იქნებოდა, თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ბატონ ნიკანორს (მელიას) გაემარჯვა - მასთან გაცილებით მეტი და გაცილებით მძიმე შეკითხვები მექნებოდა.

 

 

 

მიხეილ დარახველიძე


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016