reportiori.ge - საქართველო უცხოურ მასმედიაში (9-15 ივნისი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო უცხოურ მასმედიაში (9-15 ივნისი)
ავტორი:
16 ივნისი, 2014. 18:50


უკვე შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის საქართველოს მთავარი პოლიტიკური მოვლენის - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისადმი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მაინც და მაინც რაიმე განსაკუთრებული ყურადღება არ გამოუჩენიათ. ზოგადად წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, ფაქტები და მოვლენები კი გაშუქდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დიდი ინტენსივობით ან დაინტერესებით. გავრცელდა მხოლოდ სიტუაციის ამსახველი ოპერატიული ინფორმაციები, (ბრიტანული „როიტერი", „ბი-ბი-სი", ამერიკული „ბლომბერგი", რუსული „რია ნოვოსტი" და „ინტერფაქსი"...). მასალები ძირითადად დასავლურ ენებზე გადათარგმნილ და ქართული მედიით გავრცელებულ ადგილობრივი ექსპერტების თვალსაზრისს ეყრდნობოდა, შესაბამისად, უცხოელი პოლიტოლოგების ექსკლუზიური კომენტარები და ანალიზი გადმოცემული არ ყოფილა.



ალბათ, ამას თავისი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: პირველი - არჩევნების მეტ-ნაკლებად ზუსტი ოფიციალური მონაცემების უქონლობის გამო ანალიზისა და დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, ეს მხოლოდ ხმების დათვლის შედეგების გამოცხადებისას და მომდევნო დღეებში იქნება შესაძლებელი; მეორე -  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მაინც უფრო ლოკალური საშინაოპოლიტიკური  მოვლენაა და აქედან გამომდინარე, უცხოური გამოცემებისათვის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ამ მოვლენას საგარეოპოლიტიკური დატვირთვა არ აქვს.



რაც შეეხება უცხოურ მედიაში გაშუქებულ საქართველოს სხვა მოვლენებს, ამაზე ვრცელი საუბრის საფუძველი ნამდვილად არსებობს. დავიწყოთ „ნისლიანი ალბიონის" ნაპირებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტით.


რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივა: მითები თუ რეალობა



ირაკლი ღარიბაშვილის ბრიტანულ ვოიაჟს უფრო მეტად ფინანსურ-ეკონომიური   ხასიათი ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკური, თუმცა, ვიზიტის დროს სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი"-ს ტელეეთერით (პროგრამა BBC World News) გადაცემულ პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს თუ გავიხსენებთ, მასში ძალიან მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ შეფასებებს შევამჩნევთ. რა დასამალია და ამ შეფასებებმა საკმაოდ მწვავე გამოხმაურება გამოიწვია ქართველ ოპოზიციურ პოლიტიკოსებსა და ექსპერტ-პოლიტოლოგებში.


ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კორესპონდენტის შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ, ყირიმის მსგავსად, აფხაზეთისა და ‘სამხრეთ ოსეთის" შესაძლო „შთანთქმას", უპასუხა, რომ  საქართველოს ამ რეგიონების ყირიმთან შედარება შეცდომაა და რომ რუსეთი დაინტერესებული არ არის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის ანექსიით. გარდა ამისა, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ შექმნა „ძალიან საინტერესო პრეცედენტი რეგიონში: ერთის მხრივ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ამავე დროს, ვალაგებთ ურთიერთობებს რუსეთთან, ანუ ვაბალანსებთ".


როგორც „რადიო ფრანსე ინტერნაციონალე" („საფრანგეთის საერთაშორისო რადიო") აღნიშნავს,  სწორედ პრემიერის ამ „სენსაციურმა გამონათქვამმა" გააოცა ქართველი ზოგიერთი ექსპერტი. რადიოჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა გია ნოდიას, რომლის თქმით, პრემიერ-მინისტრი შეცდა, როცა თქვა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და რომ მოსკოვი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ანექსიას ვერ გაბედავსო. „ღარიბაშვილი რომ ჩვეულებრივი ექსპერტი ყოფილიყო, მაშინ გასაგები იქნებოდა მისი პოზიცია, მაგრამ იგი პრემიერ-მინისტრია და გამოდის მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარული ტელეარხით და ამბობს, რომ არაფერი გვემურებაო. რომც არ გვემუქრებოდეს, მას მაინც მკაცრად უნდა გაეფრთხილებინა რუსეთი, რათა საერთაშორისო საზოგადოებისაგან მხარდაჭერა განემტკიცებინა. ამის ნაცვლად ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ბედით „ბი-ბი-სის" კორესპონდენტია შეწუხებული, პრემიერ-მინისტრი კი მას ამშვიდებს".


პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი კი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოხატულ პოზიცია იწონებს და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების ფრთხილი ტონი გამართლებულია და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება: „ნაციონალები" და მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის მზად იყვნენ არა მხოლოდ გაეკრიტიკებინათ რუსეთი, არამედ სპეციალურად ცდილობდნენ მოსკოვის ხელოვნურად გაღიზიანებას. აშკარაა, რომ „ნაციონალები" ხელისუფლებისაგან რუსეთთან დაპირისპირებას ითხოვენ, მაგრამ ეს მათ არ გაუვათ. ხელისუფლების ამოცანაა რუსეთს დიალოგისთვის კარები არ დაუხუროს, ანუ თბილისი ყველა ხიდს არ წვავს. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, მჯერა, რომ საქართველოს მასში არასდროს არ გაწევრიანდება და რუსეთის იმპერიის ნაწილი არ გახდება, მაგრამ თავის მხრივ, რუსეთი იყო, არის და იქნება საქართველოს მეზობელი".


ლევან ბერძენიშვილის არგუმენტები ოპოზიციურ დეპუტატებისათვის დამარწმუნებელი არ არის. „რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ" ჩაიწერა პარლამენტის წევრის ნუგზარ წიკლაურის  თავლსაზრისიც: „იმ ინტერვიუში გაცხადებული პრემიერ-მინისტრის მთავარი პოსტულატი, თითქოსდა რუსეთს განზარახული არ აქვს საქართველოს ტერიტორიის ანექსირებაო, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ყველაზე პრობლემური განცხადებაა, [რაც კი ღარიბაშვილისაგან მომისმენია]. მე ვფიქრობ, რომ იგი უნდა ცდილობდეს ყველა ტრიბუნა გამოიყენოს, მით უმეტეს, ბრიტანული და ფრანგული მედიარესურსები. ყველას თვალსწინ უნდა მოახდინოს იმის დემონხტრირება, თუ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირთან და რუსეთთან  ურთიერთობებს ვაბალანსებთო, არადა, მათი ინტერესები ერთმანეთთან შეუსაბამოა. მოსკოვისა და თბილისის დაპირისპირება არ იყო მხოლოდ, როგორც ივანიშვილს ჰგონია, პუტინისა და სააკაშვილის დაპირისპირება, ესაა ორი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების შეუსაბამობა".


რადიოსიუჟეტის დასასრულს გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის პოზიცია, რომლის თანახმად, მან საფრთხის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას უმაღლეს დონეზე რუსეთთან დიალოგის დაუყონებლივი დაწყებისაკენ მოუწოდა. უკრაინის მოვლენების ფონზე იმ პოლიტიკოსის გაფრთხილება, რომელიც ვლადიმერ პუტინთან არაერთხელაა შეხვედრილი, მრავალმნიშვნელოვნად გაისმა, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უცხოურ მასმედიაში აისახა, ტრადიციულად, საქართველოსა და ევროსტრუქტურების ურთიერთობაა.


„ნატოს მოეშვით, მიხედეთ ევროკავშირს"


ჩვენს ხელისუფლება ან საკუთარ თავს იტყუებს, ან მოსახლეობას შეგნებულად უნერგავს იმ აზრს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სექტემბერში დაგეგმილ სამიტზე საქართველო ან „მაპ"-ში ჩართავენ, ან სულ მთლად უკეთესი რამ მოხდება - პირდაპირ მიიღებენ ნატოს წევრად. რა „მაპი", რის „მაპი", გვეკუთვნის და მიგვიღებენ, ვინ ჰკითხავს ან ბარაკ ობამას, ან ანგელა მერკელს, ღმერთი ჩვენსკენ არის, ხედავს ყველაფერს და სურვილი შეგვისრულდებაო, - აი, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ თბილისური პოლიტიკური ელიტის - მმართველი პარტიის წევრ პოლიტიკოსთა და ზოგიერთი მინისტრის დამოკიდებულება ნატო-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივის მიმართ. არადა, ამ ფონზე „ქართული ოცნების" პროდასავლურ მთავრობას და თავგადაკლულ მედასავლეთე „ნაციონალებს" კიდევ ერთხელ „შემოულაწუნეს" - აზრზე მოდით, დაამთავრეთ „ნატო გვინდას" ძახილი, ევროკავშირს მიხედეთო.


ცნობილმა პოლიტოლოგმა, კავკასიის კონფლიქტების მკვლევარმა თომას დე ვაალმა აშშ-ის რადიო „თავისუფლება//სვობოდას" რუსულენოვანი სამსახურის „ეხო კავკაზას" კორესპონდენტთან ინტერვიუში საქართველოს ნატოსთან ურთიერთობების პერსპექტივაზეც ისაუბრა. აი, რას ამბობს იგი: „მე არასდროს არ დამიმალავს ჩემი აზრი, რომ საქართველოსთვის „მაპ"-ის მიცემის წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს უფრო მეტ პრობლემებს მოუტანს, ვიდრე სიკეთეს. თუ საქართველო ნატოში ინტეგრაციას აქტიურად გააგრძელებს, მაშინ თბილისი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ფუნდამენტურად დაშორდება: ცნობილია, რომ სოხუმს და ცხინვალს საქართველოს ალიანში გაწევრიანება არ სურთ. „მაპ"-ში ჩართვა კი, ჩემი აზრით, რუსეთის ზეწოლის რისკს ზრდის. მიმაჩნია, რომ თუ თბილისს ევროინტეგრაცია აინტერესებს, მეტი ყურადღება ევროკავშირს უნდა დაუთმოს, ეს საქართველოს ეკონომიკისათვის სასარგებლო იქნება. ევროკავშირთან ინტეგრაციით საქართველო ევროპულ ველზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. ამიტომაც ვამბობ, რომ მეტი ძალისხმევა ასოცირების შეთანხმებას უნდა მოხმარდეს და და არა „მაპ"-ზე ფიქრს".


თომას დე ვაალის აზრი, ალბათ, მიუღებელი იქნება ქართველი ნატოს სიყვარულით დამწვარი პოლიტიკოსებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად დადის ბრიუსელ-ვაშინგტონში და ნატოზე აქვს აგებული თავისი პოლიტიკური კარიერა, მაგრამ, მოლა ნასრედინის ცნობილი აფორიზმისა არ იყოს, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ და თავი დავირწმუნოთ, ნატო მიგვიღებსო, ამით ჩვენი სურვილი არ შესრულდება. სწორედაც რომ ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი და სხვები წყვეტენ ამ საკითხს, უცხოელი ექსპერტი კი მეგობრულად, ცივილიზებულად გვირჩევს, ოცნება არავის ეკრძალება, მაგრამ მიწაზე დაეშვით და მოვლენები რეალურად გააცნობიერეთო.   

საქართველოს ნატოური ოცნებების განუხორციელებლობაზე უფრო მწვავედ წერს რუსული გაზეთი „ნოვიე ვედომოსტი", რომელშიც გამოქვეყნებულია სტატია საკმაოდ მრავლისმთქმელი სათაურით „ნატოში... მაგრამ რისთვის? გასართობად?"


საქართველოში სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ნატოში შესვლის იდეას პრაქტიკული აზრი არ აქვს, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეგიონში საქართველოს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს: „ატლანტისტები საქართველოს ყველანაირად იყენებენ - ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მსოფლიოს სხვა და სხვა ცხელ წერტილებში არიან გაფანტულნი და ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობენ, ამის ნაცვლად კი თბილისი არაფერს ღებულობს. საქართველოს იმიტომ არ იწვევენ ნატოში, რომ ეს რუსეთისა და ირანის მკვეთრ უკმაყოფილებას და საპასუხო ზომებს გამოიწვევს. ეს ორი ქვეყანა ვერასოდეს ვერ შეურიგდება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზები განლაგდება და ისინი მათ უსაფრთხოებას დაემუქრებიან", - წერს გაზეთი.


ანალიტიკოსის აზრით, საქართველო ვაშინგტონისათვის აზერბაიჯანზე და კასპიის ზღვაზე გასვლას ნიშნავს, მაგრამ „ახალი ხელისუფლების პირობებში ასეთი კურსისი რეალიზება საკმაოდ გართულებულია. მიხეილ სააკაშვილის დრო, როცა ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა (ბოევიკების მომზადება, იდეოლოგიური დივერსიების განხორციელება...), უკვე ისტორიას ჩაბარდა. კასპიის ზღვის აუზის ხუთმა სახელმწიფომ (რუსეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და ირანმა) უკვე მოამზადა კონვენცია, რომლის თანახმად, მათ გარდა არცერთ სხვა სახელმწიფოს არ აქვს უფლება აქ სამხედრო ობიექტები განალაგოს. ასე რომ, კასპიის ზღვა ამერიკისათვის ფაქტიურად დაკარგულად უნდა ჩაითვალოს", - წერს ანალიტიკოსი.


მართლაცდა, აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობის გაცივების ფონზე, რომელიც ამერიკის ელჩის რიჩარდ მორნინგსტარის ცნობილმა განცხადებამ გამოიწვია, ატლანტისტთა გეგმების რეალიზება ამ რეგიონში ერთობ რთული იქნება. გარდა ამისა, ნატოს ავტორიტეტი ძალიან დაეცა უკრაინის მოვლენების გამო: აშკარაა, რომ ალიანსი რუსეთის ძალას უფრთხის. შესაბამისად, რეგიონის ქვეყნებს ეჭვები ებადებათ: „განა ასე გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, როცა ნატოს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია?", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი გამფუჭებელი მიხეილ საკაშვილი კი, რომელიც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს განერიდა, დღეს უცხოეთში დასეირნობს, - წერს უცხოური პრესა.


„ბედი სააკაშვილისა"


გერმანულ ჟურნალ „კონტრა-მაგაცინ"-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სერიოზული ბრალდებები აშშ-ის პროტეჟე სააკაშვილის მიმართ" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, რომელსაც „ბრალს სდებენ" სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში. პუბლიკაციაში (ავტორი ფლორიან შტუმფალი) გადმოცემულია ეჭვები, რომლებიც ექს-პრეზიდენტის მიერ ჩადენილი კანონდარღვევების შესახებ არსებობს. ისინი დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო თანამონაწილეობასთან პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილში და ე.წ. „სიკვდილის ესკადრონების" ჩამოყალიბებაში. ამას ადასტურებს ყოფილი დიპლომატი, ნატოში საქართველოს ელჩის ყოფილი მოადგილე ვახტანგ მაისაია, რომელიც 2009 წელს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ვითომდა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო იყო დაპატიმრებული. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს შექმნილი „სიკვდილის ესკადრონების" უკანონო მოქმედების შედეგად საქართველოში 100 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაშიც დაიბარეს, მაგრამ იგი არ გამოცხადდა.


ამჟამად მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში არსებულ უნივერსიტეტში მუშაობს და შეიძლება ითქვას, ვაშინგტონის მფარველობის ქვეშ არის, - აღნიშნავს ავტორი და განმარტავს, რომ განათლება ექს-პრეზიდენტმა თვითონაც აშშ-ში მიიღო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, შემდეგ კი მანჰეტენზე მდებარე საადვოკატო კომპანიაში მუშაობდა. არის ჭორები, რომ მას კავშირები ჰქონდა ისრაელის დაზვერვასთან, ნატოსთან... როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, მას ამერიკელი პოლიტოლოგი დანიელ კუნინი და ფრანგი რაფაელ გლიუკსმანი ეხმარებოდნენ. მიხეილ სააკაშვილი თავისი წინამორბედის ედუარდ შევარდნაძის დამხობაში და პრეზიდენტად არჩევაში მილიარდერ-სპეკულიანტ სოროსს, პენტაგონისა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებს  უნდა უმადლოდეს. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ აშშ შეშფოთებას გამოხატავს სააკაშვილის მიმართ პროკურატურის დაინტერესებით და აცხადებს, რომ „პოლიტიკური შურისძიება" არ უნდა მოხდესო, - აღნიშნულია სტატიაში.


მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჯერ კიდევ ჰყავს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი. სავარაუდოდ, ისინი ყველგან არიან: სამართალდამცველ სტრუქტურებში (სასამართლოებში, პროკურატურაში...), აღმასრულებელ ორგანოებში (სამინისტროებში), განათლების სისტემაში... მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ილიაუნის" პროფესორი ოლეგ პამფილოვი, რომელმაც ამ ბოლო ხანებში აზერბაიჯანულ მასმედიაში „ნაციონალური მოძრაობისა" და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სახოტბო სტატიების გამოქვეყნება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაციის სათაურია  „იმედგაცრუებული საქართველო", რომელიც 14 ივნისს  პოპულარულ ელექტრონულ გამოცემა Haqqin.az"-ში გამოქვეყნდა. ავტორი აღწერს როგორი კარგი სიტუაცია საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და როგორ გაუარესდა ვითარება „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. „მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემის ფონზე გახშირდა სკანდალური ფაქტები ხელისუფლების წარმომადგენლების რესტორნებში აღვირახსნილი ქეიფების შესახებ, ათობით ათასი ლარის ოდენობით დაუმსახურებელი პრემიების აღების თაობაზე... ადამიანებში სულ უფრო ძლიერდება იმის გაცნობიერება, რა ჰქონდათ და რა დაკარგეს... ტაქსით მგზავრობისას ყოველი ტაქსისტი მეუბნება: „ხალხმა ყველაფერი გაიგო და ითხოვს - მიშა, მოდი, დაბრუნდი", - წერს ოლეგ პამფილოვი.


დასავლეთისთვის უცნობი აფხაზეთი


ტრადიციულად, გასულ კვირაში უცხოური პრესის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში" შექმნილი ვითარება, სეპარატისტების დამოკიდებულება რუსეთთან, კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა.,,,


კვიპროსის გაზეთ „Cyprus Mail"-ში 12 მაისს გამოქვეყნდა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, კოლუმბიის უნივერსიტეტის ომისა და მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის ლინკოლნ მიტჩელის ანალიტიკური სტატია სატაურით „დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის პრობლემის იგნორირება არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს", რომელშიც იგი აფხაზეთში მომხდარ მოვლენებს ეხება. როგორც ავტორი წერს, ერთი შეხედვით სოხუმში განვითარებული მოვლენები შეიძლება უმნიშვნელოდაც კი ჩაითვალოს: კავკასიის მცირე, ღარიბ და ნახევრადაღიარებულ რეგიონში ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ მსოფლიო მოვლენების სათაურებში მოხვედრილიყო, მაგრამ აფხაზურ მოვლენებს თავისი კონტექსტი აქვთ, მათ მეტი ყურადღებით უნდა შევხედოთ, მით უმეტეს იმ გარემოების გამო, რომ დასავლეთი სულ უფრო მეტად აკრიტიკებს რუსეთს აგრესიული პოლიტიკის გამო.


აფხაზეთის კონფლიქტი მოუგვარებელია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. მსოფლიო ამ რეგიონს საქართველოს ნაწილად განიხილავს, თვითონ აფხაზები კი თავიანთ „რესპუბლიკას" დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, ფაქტიურად კი, თავისი არსით, აფხაზეთი რუსეთის კოლონიას წარმოადგენს.


აფხაზეთი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული - მის უსაფრთხოებას და ეკონომიკას რუსეთი უზრუნველყოფს, შესაბამისად, აქ პრორუსული განწყობა ფართოდაა გავრცელებული. ასე რომ, სოხუმის მოვლენები არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა სეპარატისტების პრორუსულ კურსს, უბრალოდ, აქაური მღელვარებები, ისევე როგორც უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, მომგებიანია რუსეთისათვის და ცუდია საქართველოსა და უკრაინის პროდასავლური ხელისუფლებისათვის.


საქართველო სულ მალე ხელს მოაწერს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. ჩვენ უკრაინის მაგალითზე დავინახეთ, რომ რუსეთს შეუძლია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც მის მეზობლებს ევროპულ გზაზე ბარიერებს უქმნის. ამ ფონზე ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას პოტენციურად უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს.


აფხაზეთის ახალ ხელისუფლებას შეუძლია საქართველოს პრობლემები შეუქმნას ადმინისტრაციულ საზღვარზე სიტუაციის გამწვავებით, რაც შესაძლებელია ადგილობრივი ეთნიკური ქართველების დევნაში გამოიხატოს. ამ მიზნით რუსეთმა აფხაზეთის ახალი ლიდერები  შეიძლება წააქეზოს კიდეც, სანაცვლოდ კი აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში [ყველანაირი] მხარდაჭერა აღუთქვას. გამორიცხული არაა საქართველოს მიმართ [მოსკოვის] დამოკიდებულების გამკაცრებაც. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვან პერიოდში - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ნატოს სამიტამდე - შეიძლება კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას. ცხადია, ამჟამად ჯერ ნაადრევია იმის ზუსტად თქმა, რომ ანქვაბის გადადგომა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის პოლიტიკის გამოხატულებაა, მაგრამ ეს შეიძლება მოსკოვის იმ გეგმის ერთ შემადგენელ ნაწილად იქნეს განხილული, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცისთვის ხელის შესაშლელადაა მიმართული.


თუ რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი ნატოს გაფართოებას, ამის მიზეზები ცნობილია. ადვილია იმის შემჩნევაც, როგორ რბილ და ხისტ მეთოდებს იყენებს რუსეთი ამ თვალსაზრისით. ექვსი თვის წინათ მოსკოვმა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს „რბილად" შესთავაზა, რომ მას უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, ექვსი წლის წინათ კი რუსეთი აგრესიულად შეიჭრა საქართველოში, რომელსაც ნატომ ალიანსის წევრობა აღუთქვა.

უახლესი ისტორიის გამოცდილების გათვალისწინებით, საჭიროა ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რა როლი შეასრულა რუსეთმა აფხაზეთის ლიდერის შეცვლაში და რატომ მოიქცა ასე.


დასავლეთი მეტ-ნაკლებად ყურადღებას აქცევს რუსეთის დიდ გავლენას აფხაზეთზე, მაგრამ უყურადღებოდ ტოვებს აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებს. როგორც კი კრიზისი დაიწყო, დასავლელი გავლენიანი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ რაიმე გაეგოთ და ინფორმაცია მიეღოთ სოხუმის დემონსტრაციების მამოძრავებელ ძალებზე, რუსეთის უხილავ როლზე და ახალი ლიდერების პოლიტიკურ მრწამს-განწყობებზე.


მაისის ბოლოს მომხდარი კრიზისული მოვლენების დროს დასავლეთს არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა რაიმე გავლენა მოეხდინა აფხაზურ საზოგადოებაზე და ასევე არავითარი შეხება არ ჰქონდა აფხაზეთის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ცხოვრების მნიშვნელოვან ფიგურანტებთან. აფხაზეთში დასავლური და საერთოდ რუსული გავლენის ალტერნატივის არარსებობა შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ აფხაზეთის ხელისუფლებას რომ საქართველოსთვის პრობლემების შექმნა ყოველთვის შეუძლია, ეს კი, ალბათ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც 13 ივნისს ლიბანის გაზეთ „დეილი სტარ"-შიც დაიბეჭდა.


„სამხრეთ ოსეთი": კურსი რუსეთთან გაერთიანებისაკენ?


რუსული „კომერსანტის" 10 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სპეცკორესპონდენტის, ჟურნალისტ ოლღა ალენოვას სტატია სათაურით „სამხრეთ ოსეთმა ხმა რუსეთს მისცა", რომელშიც „სამხრეთ ოსეთში" წინა დღეს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებია გადმოცემული.

ავტორი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა პარტია „ერთიანმა ოსეთმა", თუმცა აშკარაა, რომ ამომრჩეველმა ხმა იმდენად პარტიას კი არ მისცა, რამდენადაც სამხრეთ ოსეთის შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.


„ერთიან ოსეთს" პარლამენტში 34 ადგილიდან 20 ადგილი ექნება, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა. ამ პარტიის მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო სამხრეთ ოსეთის შეერთება რუსეთისადმი. სწორედ ამიტომ მისცა მას ხმა ელექტორატმა. „ჩვენთან ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. რაღაც თითქოს კეთდება, მაგრამ ყველაფერი ძალიან ნელა მიმდინარეობს, პერსპექტივა ბუნდოვანია. სოფელი კვდება, ხალხი გარბის, ამიტომაც ბევრი თავის იმედებს რუსეთს უკავშირებს, თუმცა ახდება თუ არა მათი ოცნებები, არავინ იცის", - ამბობს მედიაცენტრ „ირისთონის" ხელმძღვანელი ირინა გაგლოითი.


„პარტია „ერთიანი ოსეთის" ლიდერი ანატოლი ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთს ყველა სანსი აქვს რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად: „ჩვენ ვიმუშავებთ სახელმწიფო სათათბიროსთან და რუსეთის პოლიტიკურ ძალებთან. სამხრეთ ოსეთს სხვა გზა არ აქვს - მხოლოდ რუსეთთან ერთად. ჩვენ ვერ ავაშენებთ ეკონომიკას, თუ ის რუსეთთან არ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი უსაფრთხოებაც მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული - საქართველოს დღემდე არ აქვს ხელი მოწერილი არცერთი შეთანხმებისათვის, რომელიც თავდაუსხმელობის გარანტიას მოგვცემდა.


ამ არჩევნების მთვარი სიურპრიზია პარტია „ხალხის ერთობის" მიერ დაკავებული მეორე ადგილი, რომელსაც ცნობილი სპორტსმენი ძამბოლათ თედეევი ხელმძღვანელობს. მან 2011 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს მხარი პრეზიდენტობის კანდიდატს ალა ჯიოევას დაუჭირა და ხალხი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა საბოლოო ჯამში უშედეგოდ. ამ არჩევნებში „ხალხის ერთობის" წარმატებას შეიძლება სამი წლის წინანდელი მოვლენების გამოძახილად მივიჩნიოთ", აღნიშნავს ავტორი.

და ბოლოს, რომანტიკული თემა - უცხოელთა ჩანაწერები საქართველოს ბუნების, კავკასიის მთების, ქართული მითების შესახებ... 


უცხოელთა შთაბეჭდილებები საქართველოზე


შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში" 13 ივნისს გამოქვეყნდაა ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოს საიდუმლოებანი: ყაზბეგი - პრომეთეს მთა", რომელშიც ევროპელი ალპინისტების ყაზბეგზე (მყინვარწვერზე) ასვლის პერიპეტიებია გადმოცემული ვრცელი პუბლიკაცია მთასვლელთა შთაბეჭდილებებით იწყება, ერთგვარი იდილიური სურათით: ხელუხლებელი ბუნება, თვალწარმტაცი ხეობა, გუდაური, სნო, ჯუთა, გერგეთი, ყაზბეგის ფანტასტიკური პეიზაჟი, სტეფანწმინდა, ადგილობრივი კაფე და მისი მფლობელი ქალი - „68 წლის კეთილი ლუიზა".


სტატიის ავტორი სტეფანია გეიგერი მკითხველებს აცნობს ევროპელი მთასვლელების მიერ კავკასიის მთების დალაშქვრის ისტორიას მე-19 - მე-20 საუკუნეებში: 1891 წელს გერმანელი გეოგრაფის, ალპინისტისა და მკვლევარის გოტფრიდ მერცბახერის ექსპედიცია 1891 წელს, რომლის დროსაც იალბუზი იქნა დაპყრობილი. 1910 წელს ავსტრიელი მთასვლელების ჯგუფი სვანეთში უშბაზე ავიდა.


სტატიაში აღნიშნულია, რომ ყაზბეგი ქართველებისათვის არა მხოლოდ უბრალო მთაა, არამედ რაღაც ეროვნული სიწმინდის ტოლფასი ადგილი. ყაზბეგი მითებითაა შემოსილი, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი ბერძნებიდან მოდის: „პრომეთემ ზევსს ცეცხლი მოსტაცა, რათა ადამიანებისთვის მიეცა, ზევსმა კი იგი დასაჯა  და ყაზბეგზე სამუდამოდ მიაჯაჭვა".


ავტორი დეტალურად აღწერს ალპინისტთა თავშესაფარ „ბეთლემს", რომელიც ყოფილ მეტეოსადგურის შენობაშია მოთავსებული: „ბეთლემის 50-მეტრიანი მასიური შენობა ღრუბლებში მცურავ ხომალდს მოგვაგონებს... აქ სხვა და სხვა ეროვნების ხალხი ირევა, მათ შორის, როგორც ჩანს, ხშირად მომსვლელებიც: აქ არიან რუსი ალპინისტებიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რამდენიმე წლის წინათ რუსეთთან ომი ჰქონდა, მათ არავინ არაფერს ერჩის, პოლიტიკური უთანხმოება ქვემოთ ხეობაში რჩება, აქ ყველა ტოლერანტობას ამჟღავნებს. აშკარაა, ამ შემთხვევაში თავისი კვალი აქვს დატოვებული ყოფილი საბჭოთა მოძმე რესპუბლიკების ალპინისტთა ურთიერთსოლიდარობას. აქ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, უცხოელები ანუ დასავლეთევროპელები მარტო ჩვენ ვართ, ამიტომ ძალიან დიდი პატივისცემით გვექცევიან".

ამ მაჟორული ნოტით დავასრულოთ გასული კვირაში საქართველოს შესახებ უცხოურ მასმედიაში გამოქვეყნებული მასალების მიმოხილვა.


ალბათ, მკითხველისთვის საინტერესოა გაიგოს - ქართული სინამდვილის ამსახველი რა თემები იქნება დომინირებადი საზღვარგარეთის პრესაში დღევანდელი ორშაბათიდან მომავალ ორშაბათამდე? დიდი სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ მასალები გამოქვეყნდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების შესახებ (ამჯერად უკვე კომენტარებით და შეფასებებით), კვლავ იქნება გაშუქებული ევროინტეგრაციის პრობლემატიკა, ტრადიციულად - საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული მოვლენები და სხვა...



წყაროები:

1. „ბი-ბი-სი" (დიდი ბრიტანეთი), https://www.youtube.com/watch?v=qSwYtdZbQGw;

2. „რადიო ფრანსე ინტერნაციონალე" (საფრანგეთი), http://www.russian.rfi.fr/kavkaz/20140614-intervyu-premera-gruzii-sochli-slishkom-primiritelnym-s-rossiei;

3. „რადიო სვობოდა // ეხო კავკაზა" (აშშ), http://www.ekhokavkaza.com/content/article/25421507.html

http://nvdaily.ru/info/26433.html;

4. „კონტრა მაგაცინ" (გერმანია), http://www.contra-magazin.com/2014/06/georgien-schwere-vorwuerfe-gegen-den-us-schuetzling-saakaschwili/;

5. „ჰაკინ.აზ" (აზერბაიჯანი), http://haqqin.az/news/24254;

6 „საიპრის მეილ" (კვიპროსი), http://cyprus-mail.com/2014/06/11/ignoring-abkhazia-wont-make-it-go-away/

7. „კომერსანტი" (რუსეთი), http://kommersant.ru/doc/2489806;

8. „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი" (შვეიცარია), http://www.nzz.ch/lebensart/outdoor/der-berg-des-prometheus-1.18320683



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016