რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა. როგორც „რეპორტიორს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გეოლოგების დასკვნის საფუძველზე აღდგება.
ცნობისთვის, გუშინ დილის 5 საათზე, რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე მეწყერი განმეორებით ჩამოწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევთან 3 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწისა და კლდის მასის ჩამოშლამ მთლიანად გადაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთო.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრზე დაწყებულია შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს მიმდინარე სამუშაოებს.
დამეწყრილ ადგილს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან და მოამზადებენ შესაბამის რეკომენდაციებს.