რამდენიმე დღის წინათ „ქრონიკა+“-მა ფრიად მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი მოიგო, თუმცა, ეს ფაქტი ვერ ფარავს იმ უსამრთლობების კასკადს, რომელსაც „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე „ასავალ-დასავალთან“ საუბარში ამხელს:
– სააკაშვილის ერთ-ერთი ზონდერი – დავით ხურციძე დიტო ჩუბინიძის მასალაზე გვედავებოდა და 10 ათას ლარს იმისთვის ითხოვდა, რომ, თურმე, მორალური ზიანი მივაყენეთ. საბედნიეროდ, სასამართლომ ჩვენი არგუმენტები გაითვალისწინა და პროცესი პრესის სასარგებლოდ სამართლიანად დასრულდა. თუ ე.წ. ზონდერი დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს, მზად ვართ, იქაც გავცეთ პასუხი! ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ, მართლაც რომ სამოქალაქო გმირობა გამოავლინა. წინა ადვოკატის შუა გზაში მიტოვებული საქმე სრულიად უსასყიდლოდ გააგრძელა და პროცესიც მოიგო. მადლობა მას ასეთი პროფესიული ღირსებისთვის! ვიცი, რომ იგივე პრობლემა აქვს „ასავალ-დასავალს“ და მინდა, აღვნიშნო – პრესასთან ბრძოლა ყველას ძვირად დაუჯდება! დიახ, პრესასთან თამაში ცეცხლთან თამაშს გავს! შეიძლება, სასამართლო პროცესი მედიამ წააგოს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი და საბოლოო ჯამში შედეგი იმდენად უარყოფითი იქნება, რომ მოგებული თანხა ამად არ ღირს
– რამდენიმე დღის წინათ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერეთ „ქართუ ბანკის“ გაყიდვასთან დაკავშირებით... რის საფუძველზე აცხადებთ, რომ „ქართუ ბანკის“ 30%-იანი წილის უკან ციხეში მყოფი მერაბიშვილი დგას?
– ლამის ჯვარს მაცვეს, ნაცმოძრაობის შპიონიც კი მიწოდეს, როდესაც თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ „ქართუ ბანკი“ იყიდება და ფინანსური აუდიტი ტარდება, მაგრამ მალე ეს ინფორმაცია თავად ნოდარ ჯავახიშვილმა დაადასტურა. მოგვიანებით მან ისიც აღნიშნა, რომ მყიდველები ებრაელი ბიზნესმენები არიან, ერთ-ერთი მათგანი კი შოთა შალელაშვილი გახლავთ...
– გაჟღერდა გია მიქელაძის გვარიც...
– გია მიქელაძე იმ გიორგი მიქელაძის მამაა, რომელიც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის ბიზნესპარტნიორი იყო და „იმედის“ 15%-იანი წილი ისე გადაუფორმეს, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხდია. იგი ასევე ფლობდა რამდენიმე ძალიან სერიოზულ კომპანიას თბილისში. მაქვს ინფორმაცია, რომ გია მიქელაძე, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, სწორედ ვანო მერაბიშვილის ფინანსებს განკარგავს, რაც არის, ე.წ. „შავი ფული“, რომელიც საქართველოდან გაჰქონდათ და სხვადასხვა ბიზნესებში აბანდებდნენ. შესაძლოა, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ ანათემას გადამცენ, ამიტომაც კიდევ ერთხელ დავაზუსტებ – ნოდარ ჯავახიშვილმა შალელაშვილის არსებობა დაადასტურა, ეს უკანასკნელი და გია მიქელაძე კი ერთ ჯგუფს წარმოადგენენ! ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის პარტნიორები ყიდულობენ „ქართუ ბანკის“ 30%-იან წილს, ანუ ვანო მერაბიშვილის ფული იდება და 30%-იანი წილის აქტობრივი მფლობელი ხდება! ალბათ, ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში არ არის მერაბიშვილისა და ამ ჯგუფის ბიზნესინტერესების თაობაზე. ახლა უკვე მისთვის ცნობილია, ვინ დგას ებრაელი ბიზნესმენების უკან და მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მიყიდის თუ არა თავის კერძო საკუთრებას ვანო მერაბიშვილს. იმედს ვიტოვებ, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ამ გარიგებას სერიოზულად გადახედავს! ისე კი, იმ გაუგებარი დანიშვნებისა და ბარდაგის შემდეგ, რაც ძალოვან უწყებებში ხდება, საერთოდ, აღარაფერი მიკვირს!
– ხშირად ისმის, მათ შორის თქვენი მხრიდან, რომ ძალოვან უწყებებში ნაციონალ ზონდერებს მნიშვნელოვანი თანამდებობები უკავიათ... რის საფუძველზე აკეთებთ ამგვარ განცხადებებს?
– ვაჟა ლილუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში კუდ-ის უფროსის მოადგილე იყო და რომლის სახელსაც უკავშირდება ფარული მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ჩაწერა, დღეს თავისუფლად დადის, მეტიც, მას აქვს მეორე პასპორტი დათო მეტრეველის სახელითა და გვარით, რომლითაც გადაადგილდება, მათ შორის, საზღვარგარეთ! უფრო მეტსაც გეტყვით – ხელშეუხებელია ლილუაშვილის ბიზნესები. მის ფულს ვიღაც აბრამიშვილი ატრიალებს. ვაჟა ლილუაშვილმა გასულ წელს შეიძინა მოსასმენი აპარატურა და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოიტანა. სად არის დღეს ეს აპარატურა დამონტაჟებული, ვის და რატომ უსმენს ეს ბატონი? კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და როგორც ჟურნალისტს, პასუხი გამცენ! აქვე უნდა გითხრათ, რომ ვაჟა ლილუაშვილის მარჯვენა ხელი ოთარ იმედიაშვილი, რომელიც სერიოზულ ინფორმაციას ფლობს ფარულ გადაღებებთან დაკაშირებით, დღესაც თავდაცვის სამინისტროში მოსმენების სამსახურის უფროსის მოადგილეა! საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, სერიოზულად დაფიქრდეს ამ კავშირებსა და ინფორმაციაზე, რასაც „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით ექსკლუზიურად ვახმოვანებ. მაინც, რა გადაიღეს ამისთანა, რომ ხელს ვერ ანძრევენ?
– პირადად თქვენ, რა ინფორმაციას ფლობთ ე.წ. ფირებთან დაკავშირებით?
– პირადი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ფირი პირადად მაქვს ნანახი – ერთ მინისტრზე, ორ დეპუტატზე და ორიც მაღალი თანამდებობის პირზე. ამის შესახებ ადრე გაზეთშიც დავწერე – ერთმა პიროვნებამ მწვანეზოლებიანი ფლეშკით მოიტანა ჩანაწერი ჩემთან და მანახა იმის დასტურად, რომ ეს ფირები ნამდვილად არსებობს. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელი და გვარიც იციან, ვინ მოიტანა ეს ფირები ჩემთან და ისიც იციან, კუდ-ის რომელმა თანამშრომელმა მისცა ამ ადამიანს ეს ფირები. ასე რომ, კეკლუცობას და სირაქლემას პოზაში ყოფნას თავი დაანებონ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს ძალიან გავბრაზდები და ამ ისტორიას სახელებითა და გვარებით მოვყვები.
ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გივი თარგამაძის მეგობარი და ვარშალომიძის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც მხოლოდ იმიტომ გააგდეს სამსახურიდან, რომ ერთ ცნობილ ოჯახის შვილს, ქმარს გაცილებულ ქალბატონს რესტორანში მიუვარდა.
რამაზ ნიკოლეიშვილი – „ნაცმოძრაობის“ „კასირი“ სად არის, იცით? ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობას კურირებს და 20 ათასზე მეტი აქვს ხელფასი. დიახ, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას და მარაბდა-კარწახის მშენებლობას დღეს ხუხაშვილის ნაცვლად, რამაზ ნიკოლეიშვილი აკონტროლებს!
დათუნა მხეიძე – ერეკლე კოდუას მარჯვენა ხელი, მისი დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. შეგახსენებთ, ეს ის მხეიძეა, რომლის სამსახურიდან გათავისუფლებასაც დაჟინებით ითხოვდნენ მაშინდელი ოპოზიციონერები თინათინ ხიდაშელი და სოზარ სუბარი.
გარკვეული ინფორმაციებისა და ჩვენებების სანაცვლოდ ასევე ელოდება მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას კახა ჩიხლაძე. ეს ადამიანი გამოძალვაზე ორჯერ არის ნასამართლევი და ფაქტები იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ თვით ერეკლე კოდუამაც კი ვერ დაიფარა.
ოთარ მირზოევი, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზეა, პირადად მონაწილეობდა ვაზაგაშვილის ლიკვიდაციაში.
ასევე ვფლობ ინფორმაციას, რომ დიმიტრი დარბაისელი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა მინისტრად მოგვევლინოს, რაც, ალბათ, საბოლოო შოკი იქნება. იმედი მაქვს, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლება ასეთ სისულელეს აღარ ჩაიდენს. ჩემი ინოფორმაციით, იგი ბათუმში გამართულ აღლუმზე საპატიო სტუმრების რანგში იყო მიწვეული და მთელი პირადი შემადგენლობა თვალებში შესციცინებდა, მეტიც, სუფრაზე საგანგებოდაც ადღეგრძელეს. საქმე ის გახლავთ, რომ დარბაისელი ხელისუფლებას პრემიების სკანდალის გასაჯაროვებითა და კახური ვერტიკალის ჩამოშლით ემუქრება!
მე მაინც მგონია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მთავრობის წმენდას დაიწყებს. სჯერა თუ არა ჩემი, კიდევ ერთხელ ვეუბნები ღარიბაშვილს, თუ საკადრო გადაადგილება არ მოხდება, რესპუბლიკელები, ნაციონალური მოძრაობა და ალასანია შიდა კარის გადატრიალებას მოაწყობენ. აგერ თქვენ და აგერ მე – ან ბიძინა ივანიშვილი აიღებს სადავეებს ხელში, ან ღარიბაშვილს ხელისუფლებას ჩამოაშორებენ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ გული შემტკივა ახალგაზრდა პრემიერზე, რომელსაც უდავოდ სუფთა წარსული აქვს და ვიდრე ურემი არ გადაბრუნებულა, დროულად გამოასწოროს შეცდომები!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი“