reportiori.ge - რა ხდება პრეზიდენტის სასახლის კულუარებში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა ხდება პრეზიდენტის სასახლის კულუარებში?
ავტორი:
18 ივნისი, 2014. 18:37



რატომ წავიდა ლაშა აბაშიძე?

 

რატომ გაუშვა მარგველაშვილმა ვანო მაჭავარიანი?

 

13 ივნისი. პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გადადგომების სერია დაიწყო. 15 საათზე უკვე „გამოცხვა“ ორი ბრძანება: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით განთავისუფლდეს ლაშა აბაშიძე. ასევე, განთავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით.

 

2014 წლის მარტი. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ  გიორგი მარგველაშვილმა იმედები გაუცრუა, მან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრინციპულად განსხვავებული თვისებები გამოავლინა. ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილთან უთანხმოების მიზეზი მრჩევლის პოსტზე ვანო მაჭავარიანის დანიშვნა და მის მიერ ავლაბრის რეზიდენციის დაკავება გახდა:

 

„არ დავმალავ, უკეთესს ველოდი. პრეზიდენტთან პირველი ორი თვე საკმაოდ ბევრი პოლემიკა მქონდა. ჩვენს შორის გაუგებრობა მრავლად იყო. მას პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა და არჩევნების შემდეგ ამ ყველაფერს წინ უძღოდა მარგველაშვილის პანღური. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და უთხრა, სასამართლოში მოწმის დაკითხვის გადატანას „ნაციონალების“ გრიალი მოჰყვება, ამ საკითხს ვეტოს ნუ დაადებ, მე თუ არა, უმრავლესობას მაინც ეცი პატივიო, პრეზიდენტმა უპასუხა: მკიდია შენი უმრავლესობაო. აი, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, თავისივე ფავორიტი პრეზიდენტი საქვეყნოდ მიეჭირხვნა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას მარგველაშვილმა გაუგებარი პრესკონფერენციით უპასუხა, მას, ფაქტობრივად, არაფერი უთქვამს, თუმცა ეს „გაუგებარი“ პრესკონფერენცია იმ სასახლეში მოაწყო, სად შესვლაზე, თავის დროზე, პრინციპულ უარს ამბობდა! სამაგიეროდ, ვანო მაჭავარიანმა გამოიდო თავი:

 

„ბიძინა ივანიშვილისთვის ინფორმაციები დამახინჯებულად მიზანმიმართულად არის მიწოდებული და სამწუხაროა, რომ მან ეს თავად არ გადაამოწმა. იოტისოდენა სიმართლე არ არის იმაში, რაც მან თქვა. მე არსად არ წავსულვარ, ვმუშაობდი საპარტნიორო ფონდში, ბიძინამ ეს კარგად იცოდა და მეუბნებოდა, დარჩი, იმუშავეო. მე მაშინ მას ვუთხარი, რომ შიდა საქმეებში არ ვერევი. 20 წელია, ვმუშაობ საგარეო საკითხებზე. არავისთვის არასწორი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, სამწუხაროა, რომ მას ყველაფერი ასე შეუფუთეს, მაგრამ მაინც, მგონია, რომ ამ ყველაფერს ჩვენ დავარეგულირებთ. ეს არის გამიზნულად გაკეთებული და მე მართალი ვარ ჩემს თავთან, მას არასწორი ინფორმაცია მიუტანეს“.

 

მისივე თქმით, მან იცოდა, რომ ივანიშვილს მარგველაშვილთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა, თუმცა არა ასეთი სიმწვავით. საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილს რა უნდა გადაემოწმებინა, მიშა მაჭავარიანის ძმა რომ არის, თუ მამალი „ნაციონალების“ ბუნებრივ აგენტურას რომ წარმოადგენს? ვანო მაჭავარიანი ამბობს, თავად ივანიშვილმა დამტოვა თავის სამსახურშიო, ხოლო მარგველაშვილი აცხადებს, ჩემი მეგობარია, მე შევთავაზე, ჩემთან დარჩენილიყოო. მართალია, პრეზიდენტის ბრძანებაში წერია, ვანო მაჭავარიანმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვაო, მაგრამ თავად „დაზარალებული“ სხვა რამეს ლაპარაკობს:

 

„გიორგი მარგველაშვილთან სამუშაოდ მივედი მისივე თხოვნით, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ასევე, შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ვიყავით კოლეგები „ჯიპაში“. შესაბამისად, მისი თხოვნის საფუძველზე მე დავწერე განცხადება და გადავდექი თანამდებობიდან“.

 

ამ სკანდალური გადადგომების უკან დგას კულუარული არეულობა, ერთი ვერსიით, დაძაბულობამ მას შემდეგ იმატა, რაც უკრაინაში პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე ჩასული მარგველაშვილი ვანო მაჭავარიანმა მიხეილ სააკაშვილს შეახვედრა. ამაზე მაჭავარიანი ამბობს, რომ სრული სისულელეა, მე პრეზიდენტი არავისთვის შემიხვედრებიაო. მეორე ვერსიით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს „დაარტყა“ და მაჭავარიანიც ზედ მიაყოლა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს საკითხი ძალიან გააქტიურდა. ინკოგნიტო წყაროს თქმით, ლაშა აბაშიძე მუდმივად ჩასჩიჩინებდა მარგველაშვილს, ვანო მაჭავარიანი უნდა გაუშვა, მის გამო მოიმდურე ბიძინა ივანიშვილიც, ირაკლი ღარიბაშვილიც და საერთოდ, საკუთარ იმიჯსაც იფუჭებო. მარგველაშვილი ბოლომდე მაინც „ძმაკაცურს“ აწვებოდა, მაგრამ, როცა 13 ივნისს ლაშა აბაშიძემ თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, ისე, რომ პრეზიდენტი არც კი გაუფრთხილებია, იგივე პრეზიდენტი იძულებული გახდა, მაჭავარიანისთვის ღია კარისკენ მიეთითებინაო. მარგველაშვილს ეგონა, ლაშა აბაშიძე უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ მოტყუვდა. ამ საკადრო ბატალიებს წინ უძღოდა კიდევ ერთი ფაქტი, 26 მაისის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტი რესტორან „პურის სახლში“ დაპატიჟა, სადაც ბევრ რამეზე ისაუბრეს. ერთ-ერთი საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა იყო, მარგველაშვილმა მაშინ პირობა დადო, რომ ამ თემაზე ხმას აღარ ამოიღებდა, მაგრამ 27 მაისს გამოვიდა და განაცხადა, პრემიერ-მინისტრს ხელმოწერის უფლებას ერთჯერადად ვაძლევო. ამან ღარიბაშვილი ძალიან გააღიზიანა, მე არავის  უფლების მოცემა არ მჭირდება, ეგ ისედაც ჩემი პრეროგატივააო. მარგველაშვილმა პირობა არ შეასრულა და როგორც ამბობენ, მას ასეთი „ჩაშვება“ ხშირად სჩვევია, ანუ პირობას არასოდეს იცავს.

 

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის ძმაკაცი, ვანო მაჭავარიანი ფულის მითვისებაშიც დაადანაშაულა:

 

„მარგველაშვილმა ჩემი მოსვლიდან, ნოემბერში, მაჭავარიანი ჩვენთან მოიყვანა, მე მისთვის დრო დავკარგე. მერე კი გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან „ნაციონალური მოძრაობა“ გააბრაზა, თუ თქვენ არ დამასაქმებთ, ივანიშვილთან წავალო. მას ქრთამი გადაუხადეს, 7000 ლარი დაუნიშნეს საპარტნიორო ფონდში, მერე ნიკა გილაურმა შემომითვალა,რომ ეს კაცი ორჯერაც არ მოსულაო. ეს კაცი ჩვენთან მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შესაშინებლად მოვიდა. ვინ იყო მიშა მაჭავარიანი? ის მხოლოდ ხალხის ხმებს იპარავდა, მისი ძმა კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახე ხდება“.

 

ქრთამზე ციხეა, მაგრამ არა საქართველოში და არა „ნაციონალებისთვის“. გაუგებარი ფსიქიკისა და გაუგებარი მენტალიტეტის პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტია, მაგრამ არა საქართველოში და არა მარგველაშვილისთვის, რომელსაც მარიხუანით „დაბოლილი“ გარემოცვა ჰყავს და ხშირად თვითონაც ბოლდება. სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მიპასუხა: აქამდე რაც ჩავიფიქრე, ყველაფერი შევასრულე, ყველა გავარტყი, ახლა მარგველაშვილის ამბავში ვერ უნდა გავარტყაო? გაარტყა, ნამდვილად გაარტყა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, „გარტყმულგადებულები“ ჩვენ აღმოვჩნდით. შემეშალა, შევცდი, მარგველაშვილი შეიცვალა, თურმე ისეთი არ ყოფილა, როგორიც მეგონა.. ასთი ლაპარაკი საქმეს არ შველის. როგორც ვიცი, შეცდომებს ან ასწორებენ, ან ინანიებენ!

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა“

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016