კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი 2 დღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ხევსურეთს - ბარისახოს, არდოტს, შატილსა და მუცოს.
გურამ ოდიშარია პირადად შეხვდა არდოტში დარჩენილი ერთადერთი ოჯახის წევრებსა და პირიქით ხევსურეთში დარჩენილ მოსახლეობას. მინისტრმა შატილის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მესაზღვრეებიც მოინახულა; ადგილობრივები მინისტრს არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ, მინისტრმა კი მათ სამინისტროს გეგმები გააცნო და საჩუქრად წიგნები გადასცა.
გურამ ოდიშარიამ და მარინე მიზანდარმა ყურადღება გაამახვილეს სოფელ მუცოზე; წლების განმავლობაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრიორიტეტებში მუცოც მოხვდა; ძეგლის რეაბილიტაცია საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იქნება; ამ პროექტის განხორციელების მიზნით სამინისტრომ უკვე დაიწყო არსებული მდგომარეობის შესწავლა და მომდევნო წლისთვის მუცოში შესაძლოა ფიზიკური სამუშაოებიც დაიწყოს.