„საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე არ იმოქმედებს" - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატმა, რაულ ხაჯიმბამ გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი უნდა დაკავდეს "სამხრეთ საზღვრის გაძლიერებით" და რუსეთთან ინტეგრაციით, როგორც "ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიით". მისივე განცხადებით, ის რომ ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, "ეს მისი პოლიტიკისადმი უნდობლობას იწვევს" და რეგიონში დაძაბულობას აძლიერებს. ხაჯინბა მიიჩნევს, რომ აფხაზეთმა უნდა გააძლიეროს ე.წ. საზღვარი საქართველოსთან და გააღმავოს თანამშრომლობა რუსეთთან.
"საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს.
თუმცა, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება მისი დასავლელი მოკავშირეების სრულ კონტროლქვეშაა. ეს კი გვკარნახობს ადეკვატური ზომების მიღების აუცილებლობასა და აფხაზეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვას", - აღნიშნა ხაჯიმბამ.