reportiori.ge - ერთი ვინმე ალისტრახოსა და მისი კუდების ამბავი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 18:32
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ერთი ვინმე ალისტრახოსა და მისი კუდების ამბავი
29 ივნისი, 2014. 16:28



სახელმწიფო მართვის სისტემა უაღრესად ფაქიზი და ამავდროულად საფრთხილო მექანიზმია. მცირეოდენმა გადაცდომამაც კი შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს. ადამიანის გონება გაცილებით უფრო მოქნილია, ვიდრე ნებისმიერი კანონმდებლობა. ყოვლად წარმოუდგენელია კანონში გათვალისწინებული იყოს რომელიმე მოცემულობის ყველა შესაძლო ვარიაცია, ამიტომაც, ხშირად (დელიკატურად ვიტყვი) პატიოსნებასთან მწყრალად მყოფი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, ზოგ შემთხვევაში, უაღრესად საჭირო საკითხის გადაწყვეტა.

 

ნაციონალური მოძრაობის 9-წლიანმა მმართველობამ ბევრი მანკიერება დანერგა მმართველობის სისტემაში, მათი აღმოფხვრა არც იოლია და საკმაო დროსაც მოითხოვს, რადგან მოგეხსენებათ, სარეველა ბალახს ყველაზე მძლავრი ფესვები აქვს. უფრო ხშირად პრეტენზიები გამოითქმის სამართალდაცმავი სტრუქტურებისა და სასამართლოების მიმართ: ვერ აღსრულებული სამართალი, არასწორად გამოტანილი განაჩენი და კაცმა რომ არ იცის რა დამსახურებისთვის გამოწერილი უშველებელი პრემიები, ის მცირე ჩამონათვალია, რამაც საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია.

 

ზოგად საუბარს გვერდზე გადავდებ და მინდა კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბრო. მე და რამდენიმე ჩემი კოლეგა „რეპორტიორში“ „ინფო-9“-დან მოვედით და კარგად გვახსოვს (ალბათ თქვენც) ვინმე ალისტრახოსა და მისი მიმდევრების ისტორია, როცა ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ და ყველანაირად გვიშლიდნენ ხელს. ამ ამბის გამოძიების  სურვილი უკვე მაშინ გაგვიჩნდა, მაგრამ რიგი გარემოებების გამო ვერ მოვახერხეთ; თუმცა, დღეს უკვე არაფერი გვიშლიდა ხელს და გულდასმით შევისწავლეთ ერთი ვინმე ალისტრახოსა და ამ სახელს ამოფარებული პირების (და ორგანიზაციის) ისტორია.

 

ჩვენს წინაშე რამდენიმე ამოცანა იდგა: როგორ და რა ვითარებაში მოხდა შპს „ინფო 9-“ისა და ი/მ „გიორგი ალთუნაშვილი“-სთვის (იგივე ალისტრახო) იდენტური ლოგოს მიკუთვნება; ვინ იდგა ამ არარსებული ორგანიზაციის უკან; ამბის კვლევის პროცესში ახალი ინტერესები გამოიკვეთა, რომლებიც არანაკლებ ყურადსაღები აღმოჩნდა; თუმცა მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

 

ამოცანა პირველი: როგორ და რა ვითარებაში მოხდა შპს „მეცხრე ინფო-9“-სა და ი/მ „გიორგი ალთუნაშვილი“-სთვის იდენტური ლოგოს მინიჭება.

 

ამოცანის ამოხსნა: შპს „მეცხრე ინფო-9“-მ სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო განაცხადი საქპატენტში შეიტანა 2012 წლის 7 აგვისტოს, 9 დღით ადრე ვიდრე პრაქტიკულად იდენტურ ნიშანზე განაცხადს შეიტანდა ი/მ „გიორგი ალთუნაშვილი“.

 

მოქმედი კანონმდებლობით უნდა მომხდარიყო ამ ნიშნის მხოლოდ შპს „მეცხრე ინფო-9“-ს სახელზე რეგისტრირება, ხოლო ი/მ „გიორგი ალთუნაშვილისათვის“ უარი უნდა ეთქვათ.

 

ირაკლი ღვალაძემ (საქპატენტის ხელმძღვანელი გახლავთ) თვითნებურად დაუკანონა „ინფო 9“-ის ლოგოს კანონსაწინააღმდეგო გამოყენება, ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში, ფსევდო „ინფო 9“-ის მონაწილე, ცნობილი ალისტრახოს თანამოაზრეებს,რომლებიც ამოეფარენ ი/მ „გიორგი ალთუნაშვილი“-ს სახელს. ეს იყო პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი. აქ ისმის ლოგიკური კითხვა, თუ როგორ გაიგეს ალისტრახომ და მისმა მეგობრებმა, რომ შპს „ინფო 9“-ს სარეგისტრაციოდ ჰქონდა შეტანილი განაცხადი. პასუხი ცალსახაა – მხოლოდ და მხოლოდ საქპატენტის თანამშრომლების ან ხელმძღვანელის, ირაკლი ღვალაძის მეშვეობით. მათ ჯერ გააგებინეს და შემოატანინეს, შემდეგ კი უპრობლემოდ კანონის დარღვევით დაურეგისტრირეს სხვისი ნიშანი.

 

ამოცანა მეორე: საქმეში საქპატენტისა და მისი ხელმძღვანელის „ამოტივტივება“ დაემთხვა საქართველოს მთავრობასა და თბილისის საკრებულოში გახმაურებულ პრემიების ყბადაღებულ თემას. ამას ისიც დაემატა, რომ სრულიად შემთხვევით გაზეთ „ალიას“ 26 ივნისის ნომრის რუბრიკაში: ფაქტი, ამბავი, მოვლენა, სათაურით „საჯარო დაწესებულებების შემოსავლების ხარჯები“, ასეთი შინაარსის ინფორმაციას წავაწყდი:

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

 

2013 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ ინტელექტუალური საკუთრების დამცავი დოკუმენტების გაცემით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 836 400 ლარი. ცენტრში გასულ წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეულია 3 327 400 ლარის ხარჯი. 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საშტატო ნუსხით ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა განსაზღვრულია 104 ერთეულით.

 

მაშინვე გამკრა გულში: შემთხვევით, ეს პატიოსანი ხალხიც ხომ არ აჰყვა საერთო ფერხულს და სახელმწიფოს ჯიბისკენ ხომ არ გაექცათ ხელი და მადა-თქო.

 

ჩვენი ჟურნალისტები დაინტერესდნენ და აღმოჩნდა, რომ საქპატენტის ხელმძღვანელთა „მადა“ ბევრი არაფრით ჩამოუვარდება სხვების უეცრად გაზრდილ მოთხოვნილებებს.

 

ამოცანის ამოხსნა :

 

საქპატენტში დანერგილია პრემირების მანკიერი სისტემა, რომლის მიხედვით ე.წ. ელიტა, რომელიც ძირითადად შედგება ი. ღვალაძის ახლობელი პირებისაგან, წლიურად პრემიებს იღებს 4-ჯერ (ოთხჯერ) უფრო ხშირად ვიდრე სხვა თანამშრომლები. ი. ღვალაძის თვიური ხელფასი შეადგენს 3 750 ლარს (ანუ წელიწადში 45 000 ლარი) 2012-ში მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 120 000-მდე ლარი შეადგინა. 2013 წელს ი. ღვალაძემ პრემიის სახით 130 000 ლარი მიიღო. მრავალ კითხვას ბადებს ე. ქემაშვილის ანაზღაურება. 2011-2012 წწ. 9 თვის განმავლობაში მას ორი წამყვანი დეპარტამენტის (იურიდიული და სასაქონლო ნიშნების) უფროსის თანამდებობა ეკავა (ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქპატენტში, იმ დროს, ჯერ კიდევ მუშაობდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები ნ. ჭავჭანიძე, მ. ფანჩვიძე და სხვ.), იღებდა ორმაგ ხელფასს (2-ჯერ 2200), მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 72 ათას ლარს მიაღწია, ანუ მის წლიურ ხელფასს (26 400 ლარი) თითქმის სამჯერ გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ პრივილეგირებულთა კასტას მიეკუთვნებიან ღვალაძის და მისი მოადგილის, ეგუტიას მძღოლებიც. ღვალაძის მძღოლს უკავია ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა (თვიური სარგო 1 350 ლარი), ხოლო ეგუტიას მძღოლს, სპეციალისტის თანამდებობა (1 150 ლარი). ანუ აქვთ მეტი ან იმდენივე ხელფასი, რამდენიც საქპატენტის ბევრ კვალიფიციურ თანამშრომელს, მაგ. ექსპერტს ან იურისტს. მაგრამ განსხვავებით საქპატენტის ჩვეულებრივი თანამშრომლებისაგან, ისინი იღებენ მრავალჯერად პრემიებს და შესაბამისად აქვთ ექსპერტებზე გაცილებით მეტი შემოსავალი.

 

კიდევ ერთი საოცარი ფაქტი. საქპატენტის მცხეთაში გადასვლის შემდეგ თანამშრომლებს სატრანსპორტო ხარჯების დასაფარავად ეძლევათ დამატებით 250-250 ლარი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ თანხას იღებენ ღვალაძეც,ეგუტიაც და მათი მძღოლებიც.

 

პრემიების თემამ ავტომატურად გვიბიძგა საქპატენტის მუშაობით დავინტერესებულიყავით და შედეგად გაჩნდა:

 

ამოცანა მესამე: რას და როგორ საქმიანობს საქპატენტი?

 

ამოცანის ამოხსნა :

 

2010 წლიდან, როცა საქპატენტის ხელმძღვანელობაში მოვიდა ირაკლი ღვალაძე და მისი გუნდი, პრაქტიკულად განახევრდა ქართველ გამომგნებელთა განაცხადები – თუ 2009 წელს მათი რაოდენობა შეადგენდა 256, 2012 წელს რაოდენობა გაუტოლდა 137-ს. გგონიათ  ქართველებს გამოგონების იშტამ გადაუარათ? არა, როგორც გამოირკვა ამას სულ ხვა მიზეზი აქვს:

 

– საფასურების მკვეთრი ზრდა (10-ჯერ) – 700 დოლარი;

– საქპატენტის გადატანა თბილისიდან მცხეთაში;

– გამოცდილი სპეციალისტების დათხოვნა:

– საკონსულტაციო და სხვა სერვისების შეწყვეტა.

 

ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, ამ და სხვა არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა  ასახვა ჰპოვა საქართველოს რეიტინგზეც ამ კუთხით. კერძოდ, 2010 წლის მდგომარეობით საქართველო პრაქტიკულად ლიდერი იყო რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სისტემისა და საინოვაციო სისტემის რეიტინგში. მას მე-100 ადგილი ეჭირა, მაშინ როდესაც სომხეთი 126-ე, ხოლო აზერბაიჯანი 118-ე ადგილზე იყო. 2013 წლის მონაცემებით კი საქართველო 124-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა, ხოლო სომხეთი 75-ე ადგილზე გადავიდა. რეიტინგში აღნიშნული ვარდნა ცალსახად უკავშირდება იმ არასწორ ცვლილებებსა და ქმედებებს, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.

 

ღვალაძის დაკომპლექტებული გუნდის მოსვლას 6 თვეში მოჰყვა „საქპატენტის“ 150-კაციანი კოლექტივის გამოყვანა საკუთარი შემოსავლებით აშენებული შენობიდან და ამ ორგანიზაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებების მთელი კასკადი (3-ჯერ), ვიდრე ის არ აღმოჩნდა მცხეთაში.

 

აქ უნდა ითქვას, რომ ეს შენობა აშენდა 1996 წელს (მის გახსნას ესწრებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების გენერალური დირექტორი, ამ სფეროს ლეგენდარული პიროვნება არპად ბოგში და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. რეპორტაჟი გადაიცა ევრონიუსით).

 

იმავდროულად პრაქტიკულად უმოქმედო გახდა წლების განმავლობაში დიდი რუდუნებით და სოლიდური სახსრების მობილიზებით შექმნილი „საქპატენტის“ ინფრასტრუქტურა: ბიბლიოთეკა, პოლიგრაფიული ბაზა, საკონფერენციო და სასწავლო სივრცე, საგამოფენო დარბაზი (სულ დაახლოებით 1 500 კვ.მ.).

 

საქპატენტის თბილისიდან მცხეთაში გადატანა გახდა სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი გამომგონებლებისა და სხვა განმცხადებლებისათვის „საქპატენტთან“ უშუალო და ოპერატიული კომუნიკაციისათვის და, შესაბამისად, საკონსულტაციო და საექსპერტიზო პროცედურების ნორმალურად წარმართვისათვის. საქპატენტის მცხეთაში გადასვლის შემდეგ სრულიად დაკარგა თავისი ფუნქცია ბიბლიოთეკამ, რომელიც გარდა საბიბლიოთეკო საქმიანობისა ეწეოდა საკონსულტაციო და საპატენტო/საინფორმაციო მომსახურებას (დაახლოებით 300 ძიება წელიწადში).

 

ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ჯერჯერობით ამ სტადიაზე იმყოფება, თუმცა საქპატენტისა და მისი ხელმძღვანელების საგმირო საქმეში „ქექვისას“ კიდევ ბევრ, ჩვენთვის, თქვენთვის და კიდევ „ვიღაცეებისთვის“ საინტერესოს წავაწყდით.

 

ამ ეტაპზე ფაქტების მოწოდებისგან თავს შევიკავებთ, რადგან დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება ჩვენი სტილი არ არის; თუმცა არც შორ უჯრაში გადადებას არ ვაპირებთ, რადგან დროა ალისტრახოების ეპოქა დასრულდეს და მეპურეს ხაბაზი დავარქვათ, ფეხსაცმლის მკერავს მეწაღე, სახელმწიფო ქონების მფლანგველს ბაცაცა, წარმატებული დარგის დამაქცევარისთვის სახელის მოგონება კი ჩვენი მკითხველისთვისა და სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიგვინდვია.

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016