reportiori.ge - რუსუდან შარაძე: ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა სააკაშვილმა შეუკვეთა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:25
ინტერვიუ
რუსუდან შარაძე: ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა სააკაშვილმა შეუკვეთა!
ავტორი:
30 აგვისტო, 2013. 19:25

რუსუდან შარაძე: ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა სააკაშვილმა შეუკვეთა - აცხადებს მელიქიშვილის გამზირზე ჩაცხრილული პროფეროსის,  გურამ შარაძის, ქალიშვილი რუსუდან შარაძე, რომელიც „რეპორტიორის" საშულებით საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს საჯაროდ მიმართავს:

 

 

- გურამ შარაძე სააკაშვილის შეკვეთით მოკლეს! ეს რომ წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო, ჩემთვის იმთავითვე ნათელი იყო, უბრალოდ, 6 წლის განმავლობაში მოპოვებული მტკიცებულებებით, ფაქტებითა  და მოწმეთა ჩვენებებით, ეს ეჭვი კიდევ უფრო გამყარდა. ამ მკვლელობაში პატრულიც იყო ჩართული. მამა საკონტროლო გასროლით მოკლეს! სხვას ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა?! ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა სააკაშვილმა შეუკვეთა!


მამაჩემს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ,  იცოდნენ, რომ ყოველ კვირას, საჯარო ბიბლიოთეკიდან სახლში ფეხით მოდიოდა. მკვლელობა სპეციალურად დაგეგმეს მელიქიშვილის  ქუჩაზე, კამერების წინ, რომ შემდეგ გასასამართლებელი ალიბი ჰქონოდათ - მიშა, კამერების წინ, ასეთი ფორმით, რატომ მოკლავდაო. აქვე გეტყვით,  ამ მკვლელობის  თანამონაწილე, ნებსით თუ უნებლიეთ, „ალდაგიც" არის,  რომლის კამერებიც  სპეციალურად  ისე იყო დაყენებული, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი რაკურსიდან გადაღებულიყო და მკვლელის სახე არ გამოჩენილიყო. დანამდვილებით  შემიძლია ვთქვა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა ორმა ადამიანმა განახორციელა, თუმცა, მათ უკან იდგნენ თანამზრახველები და თანამონაწილეებიც. ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გიორგი ბარათელი მკვლელობის ადგილზე  არ იმყოფებოდა! მეტიც, ნამდვილი მკვლელი გიორგი ბარათელზე 15-20 სანტიმეტრით მაღალია. სააკაშვილის ხელისუფლებამ გიორგი ბარათელი ერთადერთი მიზეზით შეარჩია -  გურამ შარაძის მკვლელობას პოლიტიკური სარჩული არ დადებოდა და ხალხს ეფიქრა, რომ  მამაჩემი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოკლეს. 


-  გურამ შარაძის მკვლელი რომ გიორგი ბარათელი იყო, წინა ხელისუფლებამ დაადგინა... რა შეიცვალა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?


-  ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ცოცხალი გიორგი ბარათელი ვიხილეთ, რომლის ადგილ-სამყოფელს წინა ხელისუფლება ასაიდუმლოებდა. ბევრმა ახალმა მოწმემ მისცა ჩვენება. უზარმაზარი იმედი მაქვს, რომ მამაჩემის მკვლელობა  გამოძიებული იქნება, რისი იოტისოდენა იმედიც არ მქონდა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. მკვლელი როგორ გამოიძიებდა მის მიერ შეკვეთილ მკვლელობას?!.


- როდესაც სააკაშვილს გურამ შარაძის მკვლელობაში ადანაშაულებთ, ალბათ,  მასში, ზოგადად, სააკაშვილის ხელისუფლებას გულისხმობთ და არა კონკრეტულად მის პიროვნებას...


- პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, რომ გურამ  შარაძის მკვლელობის შემკვეთი მიხეილ სააკაშვილია!  6 წელია, სადაც ხმა მიმწვდა ვამბობ: მამაჩემი პირადად სააკაშვილის ბრძანებით დახვრიტეს! სააკაშვილი მკვლელია!!! ამ კაცმა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტად ითვლება, რატომ ერთხელ მაინც არ დამადანაშაულა  უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში?! ხმას ვერ იღებ... რც მისი გუნდიდადან დასცდენია ვინმეს სიტყვა ჩემს საწინააღმდეგოდ. მე არ ვამბობ, რომ თავი უნდა ემართლა, მაგრამ რომ ვამბობ მასზე, მკვლელია-მეთქი, რატომ არ მოახდინა რეაგირება?!


სააკაშვილი რომ მამაჩემს მოკლავდა, ამის შიში სულ გვქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ  არაერთმა ახლობელმა გვითხრა, გურამი ამბობდა, რომ სააკაშვილი მას ერთ დღეს თავიდან მოიცილებდა.  ის, ამ ფაქტს, თითქოს,  შეგუებული იყო,  შეგნებულად მიდიოდა ტყვიაზე...  


ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ მკვლელობა დათა ახალაიამ დაგეგმა და როგორც ჩანს, ორგანიზება მეგის ქარდავას დაავალა, რომელმაც თავის მხრივ დავალება მისცა ადამიანს, ვინც დღეს საქმეში ოქროს მოწმეა. ეს ადამინი, რომელიც ყოფილი პოლიციელი და მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი იყო, ამბობს, რომ მეგის ქარდავამ მას სამეგრელოდან ორი სპეცრაზმელის წამოყვანა დაავალა, ასახელებს კონკრეტულ სახელებსაც და გვარებსაც, რომელთაც მამაჩემი უნდა მოეკლათ... იმის გამო, რომ ამ კაცმა ეს და კიდევ სხვა დავალება არ შეასრულა, საშინელ რეპრესიებში მოჰყვა. როდესაც  დარწმუნდნენ, რომ იგი მათთვის სანდო აღარ იყო, პირადად გუნავამ სასიკვდილოდ სცემა, დიახ, სწორედ იმ თენგიზ გუნავამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და ისევ გუბერნატორად დანიშნა. ეს არის ზუსტად სააკაშვილთან მოჟღურტულე ხელისუფლების ნაწილის დამსახურება, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები და მკვლელები  ამდენს ბედავენ.


კიდევ ერთი მოწმე, ყოფილი პატიმარი გიორგი გათენაძე, რომელიც იმ ციხეში იხდიდა სასჯელს, სადაც  ბარათელი იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მელნიკოვმა მას  ბარათელის „დამუშავება"დაავალა. მათი გეგმის მიხედვით,  ბარათელს  უნდა ეთქვა, რომ გურამ  შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავამ შეუკვეთა. დააკვირდით, როგორი წრე იკვრება - მელნიკოვი, ქარდავა, გუნავა, ახალაია...  ეს ძაფი სააკაშვილამდე მიდის, რომელიც ქვეყნის პირველი პირი იყო და რომლის „მწვანე შუქის" გარეშე ასეთი საშინელებების ჩადენის  უფლებას, საკუთარ თავს ვერავინ მისცემდა... სამწუხაროდ, ეს ჩვენებები პროკურატურისთვის ცნობილია, მაგრამ გურამ შარაძის მკველობის ხელახალი გამოძიება დაწყებული არ არის!


- პირადად შეხვდით  გენერალურ პროკურორს?


- მასთან შეხვედრა არც მიცდია. ვიცი, იმას მეტყვის, რასაც ჟურნალისტებს ეუბნება. არჩილ კბილაშვილს გურამ შარაძის მკვლელობის თემაზე არაერთხელ დაუსვეს კითხვა, რაზეც პასუხობს, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, დახურული საქმის ხელახალი გამოძიების დაწყება  მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ  ახლად აღმოჩენილი გარემოებები იქნებაო. ახლად აღმოჩელი გარემოებები კი საკმარისზე მეტია! გაუგებარია, რას ელოდება პროკურატურა, რომ ხელახალი გამოძიება დაიწყოს.


სხვათაშორის, მოწმემ, რომელმაც მეგის ქარდავას წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თავდაპირველად, სამეგრელოს სამხარეო პროკურორთან, იოსავასთან, მივიდა. ამ ადამიანმა მოწმის ნათქვამზე ყურიც არ შეიბერტყა. თურმე, სააკაშვილის ყოფილი პროკურორი ყოფილა. ქვეყნის ატრიალება დამჭირდა, რომ ეს მოწმე სამეგრელოში დაეკითხათ, ვიდრე ლაშა ნაცვლიშვილი არ ჩაერია. სამწუხაროდ,  პროკურატურაში ჯერ კიდევ არის დარჩენილი ძველი, ნაძირალა, სისხლის სამართლის დამნაშავე პროკურორები.


ბიძინა ივანიშვილის გარდა, თითო-ოროლა ადამიანის იმედი მაქვს. რამდენიმე დღის წინ, ლაშა ნაცვლიშვილს შეხვდი. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, როცა დაწვრილებით შეისწავლის საქმეს, კომპეტენტურ პასუხს გამცემს. მჯერა, რომ ის არ მომატყუებს. კბილაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეტიც, მისი ღირსებაა,  რომ არის წესიერი და პატიოსანი ადამიანი. მაგრამ ეს ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. მამაჩემის საქმის გამოძიება რომ არ იწყება, მისი არამექრთამეობა და კარგი ადვოკატობა ვერ მიშველის!


გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა ერთ საათში შეიძლება და პირდაპირ მივლენ სააკაშვილამდე, მაგრამ, როგორც ვხდები, ამას ერიდებიან!  მესმის, რომ დღეს ვერ ხერხდება, ხელი დაადონ მკვლელობის შემკვეთ სააკაშვილს, რადგან მას ჯერ კიდევ იმუნიტეტი იცავს... გასაგებია ისიც, რომ საბოლოო შედეგი ნოემბრის ბოლომდე ვერ დაიდება და მამაჩემის გარდა, უამრავი სხვა მკვლელობაცაა გამოსაძიებელი, მაგრამ ვითხოვ ოფიციალურ პასუხს კბილაშვილისგან, - რატომ არ იწყება გამოძიება?!


ბატონო არჩილ კბილაშვილო, გაეცანით გურამ  შარაძის საქმეს და გამეცით პასუხი, არ არის საკმარისი ახალი გარემოებები, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოთ? მიპასუხეთ პირდაპირ, ან კი, ან არა! იქნებ, იურიდიულად არ არის  საკმარისი მტკიცებულებები,  ხომ უნდა ვიცოდე?!


სანამ გურამ შარაძის მკვლელობა არ იქნება  გამოძიებული, მამაჩემის მკვლელობის  შემკვეთი და შემსრულებელი არ იქნება მხილებული და გასამართლებული, არ მოვისვენებ. ჩემთვის არ არის  მთავარი, რომ ციხეში ჩაჯდნენ, მთავარია, მკვლელს მკვლელის სახელი დაერქვას!


დიახ, სანამ სააკაშვილს ოფიციალურად არ დაერქმევა გურამ შარაძის მკვლელი, იქამდე არ გავჩერდები! 

 

მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016