ბათუმში, 27 წლის მშობიარე შორენა დევაძის გარდაცვალების მიზეზებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის განცხადებით, თუ გამოიკვეთება ექიმის ბრალეულობა, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
გორგილაძის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო საკითხის გარკვევაში ჩაერთვება და კონკრეტული დასკვნებიც გაკეთდება.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. მშობიარე გუშინ საღამოს შევიდა საავადმყოფოში. მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა, წარსულშიც მკვდრადშობადობის ორი შემთხვევით. როგორც ექიმები ვარაუდობენ, ნაყოფი ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი. ჩატარდა მშობიარობა, შემდეგ კი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დასკვნის შემდეგ იქნება გარკვეული კონკრეტული მიზეზები. თუ გამოიკვეთა ექიმის უყურადღებობა ან რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან გორგილაძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის შორენა დევაძე მშობიარობის დროს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც ახალშობილის გარაჩენა შეძლეს. გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებენ და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.