reportiori.ge - მაიორ უინგფილდის საჩუქარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:34
სპორტი
მაიორ უინგფილდის საჩუქარი
07 ივლისი, 2014. 13:40



დიდი სლემის ტურნირები ყველაზე პრესტიჟულია ჩოგბურთის სამყაროში. ტრადიციულად, იმართება ოთხი ასეთი შეჯიბრება და მათგან ყველაზე ძველი და პოპულარული, უდავოდ, უიმბლდონში გამართული ასპარეზობაა. ისტორიკოსების ერთ ნაწილს თუ დავუჯერებთ, ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა, მეორენი ფიქრობენ, რომ თანამედროვე ჩოგბურთის მამამთავარი, დიდი ბრიტანეთის კავალერიის მაიორი უოლტერ კლოპტონ უინგფილდია. ამ პატივცემულმა ბატონმა 1873 წელს გამოაქვეყნა ახალი თამაშის წესები, რომელიც რამდენიმე სხვა თამაშის, კერძოდ, კორტ ტენისის, ბადმინტონის, ფაიფისა და კრიკეტის პრინციპებს ეფუძნებოდა. მაიორმა თამაშს „სფერისტიკა“ უწოდა (ბერძნულად ნიშნავს „ითამაშე ბურთი“). პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს ჩატარდა და სწორედ ეს შეჯიბრება გახლდათ თანამედროვე უიმბლდონის წინამორბედი.

 

წლევანდელ „უიმბლდონს“, როგორც ყოველთვის, არც სენსაციები დაკლებია და არც დრამატული ორთაბრძოლები.

 

სენსაციებით დავიწყებ. იქ, სადაც სერენა უილიამსი თამაშობს, ბოლო წლებში, დანარჩენი ჩოგბურთელები ძირითადად მეორე ადგილზე ფიქრობენ, რადგან სერენას ბალახის კორტზე დამარცხება, მხოლოდ მამაკაცური შესაძლებლობის მქონეთათვის არის შესაძლებელი, მაგრამ ყველას გასაოცრად მინიატურულმა ფრანგმა ალისია კორნემ მოწინააღმდეგის ტიტულები არად ჩააგდო და ორ სეტში დაამარცხა ფავორიტი. სხვათა შორის, ალისია ერთადერთი ჩოგბურთელია პლანეტაზე, ვისაც სერენასთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს. უილიამსის გავარდნის შემდეგ უპირობო ფავორიტებად, როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი მარია შარაპოვა და უიმბლდონის ექს-ჩემპიონი, ჩეხი პეტრა კვიტოვა ითვლებოდნენ. რუსი მეოთხედფინალამდე დაუნდობლად უსწორდებოდა მეტოქეებს, მაგრამ ამ ეტაპზე გერმანელ ანჟელიკ კერებერთან პრაქტიკულად „ძალათ“ წააგო. ჯერ იყო და თითქმის მოგებული ტაი-ბრეიქი დათმო, მერე კი მესამე, გადამწყვეტ სეტში, მისთვის არადამახასიათებლად ანერვიულდა, ზედიზედ დაუშვა ბავშვური შეცდომები და კიდევ ერთხელ დაემშვიდობა „უიმბლდონს“, რომელიც პირველად და უკანასკნელად ათი წლის წინ მოიგო.

 

მარიასგან განსხვავებით, ძალიან დამაჯერებელი და სტაბილური იყო ჩეხი ჩოგბურთელი. მან პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა მოწინააღმდეგეებს და ფინალშიც იოლად სძლია კანადელ ეჟენი ბუშარს. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, მისი ბოლოდროინდელი პროგრესი (სამივე წლევანდელ დიდ სლემზე, ნახევარფინალზე დაბლა არ დაშვებულა) იმის მაუწყებელია, რომ ქალთა საჩოგბურთო ჰორიზონტზე, ახალი ვარსკვლავის ამობრწყინებას უნდა ველოდოთ.

 

სენსაციები მამაკაცთა ტურნირსაც არ აკლდა. რაფაელ ნადალის ადრეულ სტადიაზე დამარცხებას მოულოდნელს უკვე ვეღარ დავარქმევ, თუმცა სენსაციაში მონაწილეობა ესპანელმა მაინც მიიღო, რადგან 19 წლის ავსტრალიელი კირგიოსის მიერ მსოფლიოს პირველი ჩოგანის ძლევა, დამეთანხმეთ – სენსაციაა.

 

მთავარი მოულოდნელობა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულის, ენდი მარის წაგება იყო, თუმა მის ბოლოდროინდელ წარუმატებელ გამოსვლებს თუ გავიხსენებთ, დიდად გასაკვირიც არაფერი მომხდარა. მისი მძლეველი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვია, რომელიც იქამდე მხოლოდ მარია შარაპოვას „ბოი-ფრენდის“ „ტიტულით“ იწონებდა თავს. მარია ყველა მის გამოსვლას ესწრებოდა, გულშემატიკივრობდა და ბულგარელმაც იმედი არ გაუცრუა.

 

ისე, მარია შარაპოვასთან ურთიერთობა დიმიტროვს აშკარად წაადგა, რადგან სადაცაა მოწინავეთა რეიტინგის ათეულში შეაბიჯებს.

 

ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. წლევანდელი ფინალი იყო ზუსტად ის, რის გამოც ჩოგბურთს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. არ დავმალავ, რომ ფედერერის ქომაგი ვარ, თუმცა არც იმდენად, ჯოკოვიჩის წარმატება მწყენოდა. ამ ორი ჩოგბურთელის დაპირისპირებაში არის შემოქმედება, კრეატივი და თუ გნებავთ რომანტიზმიც. ბოლო ხანს ვაჟთა ჩოგბურთი „წალეკა“ ძალისმიერმა სტილმა, 200-220 კმ/სთ-ის სიჩქარით მომწოდებლები იმდენად უინტერესოს ხდიან სპორტის ამ ულამაზეს სახეობას, რომ სპეციალისტები სერიოზულად ჩაფიქრდნენ, როგორ უშველონ ვითარებას. ისევ ფინალზე დავბრუნდები. ნოვაკი დღეს როჯერზე სტაბილურია და მისი გამარჯვებაც ამან განაპირობა. დაჯილდოებისას კი საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა: ბედნიერი ვარ, რომ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელს მოვუგეო.

 

 

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი კი ამ დროს ღიმილით შეჰყურებდა... თავის ტყუპ ქალიშვილებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016