ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქალაქ ტყიბულში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყებას დაესწრო.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, 2013-2015 წლებში ქალაქ ტყიბულის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაევალა. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ქალაქ ტყიბულის გაზიფიცირების სამუშაოებს ორ ეტაპად ახორციელებს.
სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 3 ივნისს დასრულდა. აშენდა 1292 გრძივი მეტრი შიდა გამანაწილებელი ქსელი და ბუნებრივი გაზის მისაღებად მომზადდა 4 საცხოვრებელი კორპუსი (230 აბონენტი), საავადმყოფო, სკოლა და სასამართლოს შენობა.
ამჟამად იწყება გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი. დაგეგმილია 89 206 გრძივი მეტრი გაზსადენის და შიდა გამანაწილებელი ქსელის აშენება, გაზიფიცირდება 5107 აბონენტი.
სამუშაოები დასრულდება 2015 წელს, რის შედეგადაც ქალაქი ტყიბული სრულად იქნება გაზიფიცირებული.