„კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" წარმოგიდგინათ კანდიდატი და დარწმუნებული ვარ, მას და ჩვენ მხარდაჭერა გვექნება", - ასე მიმართა „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ ოზურგეთში მოსახლეობას.
მისი თქმით, ოზურგეთში ზოგიერთი კანდიდატი სარგებლობს და ჭორებს ავრცელებს, თითქოს კოალიცია „ქართული ოცნება" უცხადებს მას მხარდაჭერას.
„ოზურგეთში, ზოგიერთი კანდიდატი, მიზანმიმართულად არ ვასახელებ სახელსა და გვარს, დახეტიალობენ მოსახლეობაში და ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ისინი სარგებლობენ კოალიცია „ქართული ოცნების" მხარდაჭერით. ჩემო ოზურგეთელებო, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში, ჩვენი კანდიდატი ოზურგეთში არის ბეგლარ სიორიძე და მთელი კოალიცია მას უცხადებს მხარდაჭერას", - განაცხადა კახა კალაძემ.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
„ჩვენ დღეს ვართ თავისუფლები, არავინ არ გვზღუდავს ვთქვათ ჩვენი მოსაზრება, არავინ არ იდევნება განსხვავებული აზრის გამო, პოლიტიკური შეხედულებების გამო, ეს ჩვენი მონაპოვარია. თქვენ არ იფიქროთ, რომ აქ მოვედით იმის გამო დაგავალდებულოთ გინდათ თუ არა 41 შემოხაზოთ, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ და ხედავდით საით მიდიოდა ქვეყანა და რა რეალობაა დღეს და საით მივდივარ. მე დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.