reportiori.ge - „ჰიმნი დედაენას“ იყო რეზო ლაღიძის მიერ შექმნილი ბოლო სიმღერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„ჰიმნი დედაენას“ იყო რეზო ლაღიძის მიერ შექმნილი ბოლო სიმღერა
10 ივლისი, 2014. 00:05

 

 

 

 


დღეს რეზო ლაღიძის დაბადების დღეა!


დიდი რეზოსი, ქართული სიმღერის ბუმბერაზის, ჭეშმარიტად უსაყვარლესი შემოქმედის, საუკუნის კომპოზიტორად რომ აღიარეს ამ ათიოდე წლის უკან. სავსებით დამსახურებულად და სამართლიანად!


ბედნიერი ვიყავი და ვარ, რომ მასთან მაკავშირებდა სიახლოვე. მეგობრობა-არა! უფრო სხვა, მამაშვილური ურთიერთობა, რომლითაც „ვსარგებლობდი" კიდეც... ზოგჯერ შეხუმრებით (არა ფამილიარობით), გვიან დარეკვის უფლებით, სადმე (რა თქმა უნდა მისთვის სასიამოვნო წრეში) დაპატიჟებით...


მის ზარს, თხოვნას, დავალებას, რეკომენდაციას კანონის ძალა ქონდა ჩემთვის, რამეთუ კარგად მქონდა გააზრებული,  ამ ნაბიჯის უკან ან მავანის ნიჭიერება იდგა (რომელსაც დიდოსტატის თვალი და სმენა უყოყმანოდ ამჩნევდა) ან ისეთი ტკივილი,  გაჭირვება-მოთხოვნილება, რომელიც აიძულებდა კეთილშობილებით აღსავსე და ერთობ გულჩვილ ადამიანს-საქართველოს მაშინდელი პარლამენტის დეპუტატს, „რკინის ქალამნები" ჩაეცვა და ნებისმიერი , მათ შორის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი მოურიდებლად შეეწუხებინა.


თავადაც უყვარდა და სიამოვნებდა ხელის გამართვა, თხოვნის შესრულება, მოფერება, გამხნევება... მეც, აკი ვთქვი ზემოთ,  „ვსარგებლობდი" მისი ამ თვისებით და შეკლული მყავდა ხელში: ამა თუ იმ კონკურსის ჟიურის წევრობა, რომელიმე ნიჭიერი ჭაბუკის მოსმენა და მისთვის რჩევის მიცემა, ახალგაზრდულ შეკრებებზე სტუმრობა და ასე შემდეგ: მაშინ ხომ სისტემატურად ტარდებოდა საზეიმო თუ ღირსშესანიშნავი თარიღებისა და იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები...


უარს არასოდეს გეტყოდა, ოღონდ... აი, ეს ოღონდ არის მთავარი. თუ სანადიროდ ან სათევზაოდ აპირებდა წასვლას და შენი თხოვნის შესრულებას შეეძლო ამ „წმინდა"  საქმისთვის ხელისშეშლა, განწირული იყავი შენც და შენი თხოვნაც. გამორიცხული იყო მისი დათანხმება. უკვე მისი „მტერი" იყავი და შეიძლებოდა „გამოგეტყუა" შენი პიროვნების ისეთი შეფასება, რომელთაგანაც ყველაზე რბილი და უწყინარი იყო სიტყვა „იდიოტო"... ნამეტანი შინაური უნდა ყოფილიყავი, ნამეტანი ახლობელი და საყვარელი, რომ ეს „წოდება" დაგემსახურებინა. ერთი სიტყვით, სანადირო-სათევზაოდ გამზადებულ რეზოს ვერავითარი ძალა ვერ შეაცვლევინებდა გადაწყვეტილებას, რამეთუ ის სულიერად მდიდრდებოდა ბუნებასთან უშუალო შეხებით, ის იყო მისი შემოქმედების წყარო, ბუნების ჰანგებით საზრდოობდა მისი შთაგონება, მისი მუსიკა, მისი სიმღერები...


და მაინც, იყო ერთი შემთხვევა, როცა ბუზღუნით, ჩემი პიროვნების „შემკობით" გულმოოხებულმა უარი თქვა სათევზაოდ წასვლაზე და როიალს მიუჯდა...


1977 წ;ის შემოდგომაზე აღინიშნებოდა სულმნათი იაკობ გოგებაშვილის უკვდავი „დედაენის" იუბილე. მასშტაბი დიდი. ემოციებით, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე დღეები და... ფინალი: ფილარმონიის დარბაზში დიდი საიუბილეო საღამო.


წინა-დღით გენერალური რეპეტიციას ვატარებთ. რა თქმა უნდა, ვღელავ, პასუხისმგებლობა ჩემზე და ჩემს გუნდზეა. რეჟისორი ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე ჩვეულებრივ სტიქიაშია, თან მამშვიდებს, თან სიურპრიზებით „ხუნძლავს" პროგრამას-რიტმი ჩინებულია, სილაღე, განათება მშვენიერი,  ლექსები იცოცხლე, დეკლამატორები-ერთმანეთზე უკეთესი, გულში ჩამწვდომი სიმღერები მთლიანად საქართველოდან, მშობლიური ბუნების ულამაზესი კადრები... თითქოს ყველაფერი წესრიგშია თითქოს  წარმატება გარდუვალი იქნება. მაგრამ...


აკვიატებულად მაწუხებს იმის ფიქრი, რომ რაღაც მარილი მაინც აკლია ამ „ფინალურ აკორდს"...


„გამოვუტყდი" ჩემს მოადგილეს, ჩემს მეორე „მეს"-თემურ ჟღენტს, მერე „შევბედე" ბიჭიკო ჩხეიძეს და... სამივემ თითქმის ერთად, დანანებით  „ვაღიარეთ", რომ ის „მარილი", რომელიც აკლია  აქაურობას და რომელზედაც „ვწუწუნებ" არის... სიმღერა „დედაენაზე" კონკრეტულად და ზოგადად- - მშობლიურ  ქართულ ენაზე... 

ჩხეიძემ მოკლედ მოჭრა: მორჩით ფანტაზიორობას, არ არსებობს ასეთი სიმღერა და მე საიდან გავაჩინო... ეს ერთი ,და მეორე- (დამარცვლით) უკვე გვიან არისო...

მართალს ამბობსო, ნოდარ-ბატონი, დაემოწმა თემურ ჟღენტი და მუდარით მიჩურჩულა, ნუ აგვირევ ამ დაწყობილ საღამოსო...

აღარაფერი მითქვამს. უკვე საკმაოდ გვიანი გახლდათ და სამსახურში დავბრუნდი.


... შუაღამეს ერთი საათი აკლია და ვურეკავ ჩემს უფროს მეგობარს, რეზო ლაღიძეს. ტრადიციული ბოდიში, გვიანი ზარისა გამო... მამშვიდებს, არაფერია, უკვე გავდიოდი სახლიდან, სათევზაოდ მივდივარო... კი მაგრამ, ვეკითხები,  ხვალ დედაენის იუბილეზე არ აპირებ მოსვლას? მაგ დროისთვის ფორმაში ვიქნები და, რა თქმა უნდა გესტუმრებითო...


ვატყობ, ფუჭია ჩემი მცდელობა. სათევზაოდ გამზადებულ ბატონ რეზოს ახლა რომ შევბედო დარეკვის მიზანი, არ ამცდება მისეული „ნაზი" შემკობა... მიხვდა, რომ რაღაც მაწუხებს და: დროზე მითხარი, რა გაწუხებსო... წვრი-წვრილად მოვუყევი როგორი საღამო იქნება, ვინ მონაწილეობს, ვინ ესწრება და ასე შემდეგ... მივდივარ კულმინაციისკენ... და ბოლოს. სიმღერა აკლია ამ ყველაფერს და, ხომ არ დაწერ-მეთქი...


პაუზა... რომელი საათიაო, მკითხა... შუაღამე იქნება სულ მალე-მეთქი... იუბილე როდის არისო... ხვალ-მეთქი ვუპასუხე. მერე, შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარო. მკითხა... სრულ ჭკუაზე რომ ვიყო, არ დაგირეკავდი, თანაც სათევზაოდ გამზადებულს-მეთქი... ისევ პაუზა! და... მართლა  გამოუსწორებელი „ვიღაცა" (!!!!) ხარო, მაგრამ... რა ვქნა, ჩემთვის ძალიან საყვარელიო. თანაც, ისეთ რამეს მთხოვო...  ქართულ ვაზს ვუმღერე... ტყესაც ვუმღერე და, ისე, დედაენით უნდა დამეწყოო და... კაი, კაი, ვიფიქრებო და გამოუმშვიდობებლად დამიკიდა ყურმილი.

... ღამის ოთხი საათია. ჩემს სამუშაო კაბინეტში ვზივარ თემურ ჟღენტთან და თანამშრომლებთან ერთად. „დარჩენილ კუდებს" ვამთავრებთ. სა უცებ ზარი... ვეცი ტელეფონს. რეზოს ხმა: გამოვიდა, შე ოხერო, გამოვიდაო...


სიხარულისგან ენა ჩამივარდა. გენიოსი ხარ-მეთქი, კომპლიმენტს არ ვიშურებ მისთვი. ის კი, უკვე საქმიანად: 11 საათზე ფილარმონიაში მომიყვან მუსიკალური სკოლა-ინტერნატის გუნდს, „რუსთავს" თავად მოვიყვან, ანზორ ერქომაიშვილი უკვე გავაღვიძეო...


ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სიჩუმეა. ნახევარი საათი დასჭირდა ანსამბლის მომზადებას, „რუსთავის" ბიჭებს კი უფრო ნაკლები და...

„აი, ია, აი თითი..."- გაისმა ბავშვების ტკბილი, გამაჟრჟოლებელი ხმა...

„ოი, დედა ენავ!!!"... დასჭექა „რუსთავმა"...

რეზოს გავხედე და... თვალებზე ცრემლი. ნოდარ ჩხეიძეს-თვალებზე ცრემლი... თემურ ჟღენტსაც წყლიანი თვალები... მივედი და რეზოს გადავეხვიე. მიჩურჩულა: არადა, რა თევზაობა ჩამიშალეო... მარა, ღირდა, ბიჭო, ამ სიმღერისთვის მისი გაცდენაო...


ალბათ ბევრია დღეს ცოცხალი, ვისაც ახსოვს, თუ რა ფურორი მოახდინა ამ სიმღერამ დედაენის საიუბილეო საღამოზე


ვიყავი ბედნიერი და ამაყი. არა მარტო იმიტომ, რომ მართლა მაგარი, იმ დროისთვის გამოკვეთილად ეროვნული საღამოს ჩატარების და გამარჯვებისა გამო. არამედ იმისთვისაც, რომ საქართველომ საჩუქრად მიიღო გენიოსის მიერ შექმნილი ჰიმნი, რომელიც  ადიდებს მშობლიურ ენას.


... მეორე დღეს საჩუქრად მივიღე რეზოს ხელით შექმნილი „დედაენის" ნოტები, სათანადო, გულისამაჩუყებელი წარწერით.

რამდენადა ვიცი, „ჰიმნი დედაენას" იყო რეზო ლაღიძის მიერ შექმნილი ბოლო სიმღერა.

 

 

აი, ისიც:

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016