ბათუმის ახლად არჩეულმა მერმა გიორგი ერმაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება. მისი თქმით, კანონი გარკვეული თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.
„საკადრო ცვლილებები აუცილებლად იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონითაც განსაზღვრულია გარკვეული ტიპის ცვლილებები, გარკვეული თანამდებობების პირების უფლებამოსილების შეწყვეტა. დელეგირების ფარგლებშიც განსაზღვრულია, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ახალი თანამდებობების პირების დანიშვნა. საკადრო ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება გარკვეულწილად ქალაქის არჩეულ მერსაც ექნება, გარდა ამისა, განყენებულ ორგანოს, მაგალითად, - სასწავლო ცენტრებს. კონკურსის სხვა საშუალებებიც არსებობს, რომ ობიექტურობა იყოს დაცული“, - განაცხადა ერმაკოვმა.
მისი თქმით, ბათუმის ისტორიაში ქალაქს პირველად ჰყავს არჩეული მერი, რაც მისალოცია. ის ბათუმელებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას პირდება.
„ქალაქის არჩეული მერი არის ყველას მერი, განურჩევლად პარტიული წარმომადგენლობისა და შეხედულებებისა. მთავარია, ადამიანები, რომლებიც ქალაქს ემსახურებიან იყვნენ ღირსეულები, კომპეტენტურები, პროფესიონალები. იმდენი პრობლემაა ქალაქში დაგროვილი, აუცილებლად 24 საათის განმავლობაში მოუწევს ყველას მუშაობა ამ პრობლემების გადასაწყვეტად, მაგალითი კი იქნება ქალაქის მერი“, - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.