სირიაში სამხედრო ოპერაცია გადაიდო თუმცა არ გაუქმებულა. მსოფლიო ლიდერები ოპერაციის მართებულებას განიხილავენ. ექსპერტები კი აცახდებენ, რომ შტატები სირიაში სამხედრო ოპერაციას აუცილებლად განხორციელებს და ეს მომდევნო კვირას მოხდება.
ბარაკ ობამას განცხადებით, სირიაზე იერიში შესაძლოა, აშშ-ის კონგრესის თანხმობის გარეშეც დაიწყოს. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სირიის პრობლემაზე დებატები 9 სექტემბერს დაიწყება, "ჩვენ ველოდებით, რომ წარმომადგენლობითი პალატა ამ საკითხს 9 სექტემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლის",-აღნიშნა ბონერმა. მისივე თქმით, კონგრესმენები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმით, რომ პრეზიდენტმა სირიაში საბრძოლო ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვა მათ სთხოვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის საკითხის განხილვას პეტერბურგში, 4-5 სექტემბერს დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტის მონაწილეებთანაც გეგმავს.
"მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა",- განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, აპირებს ამ საკითხზე ნებართვისთვის კონგრესს მიმართოს.
ობამას განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს სირიასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს. "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სვლა წინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც, რომელიც მთლიანად პარალიზებულია და არ სურს ბაშარ ასადის პასუხისგებაში მიცემა", - აღნიშნა ობამამ.