დღეს, ყველასთვის საყვარელ ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს 86 წელი შეუსრულდებოდა. მის საფლავზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პარაკლისი აღევლინა. პარაკლისს მწერლის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
ნოდარ დუმბაძე 1984 წლის 14 სექტემბერს, 56 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ყველასთვის საყვარელი მწერალი მისივე ინიციატივით დაარსებულ ბავშვთა ქალაქ "მზიურში" იყო დაკრძალული, 2009 წლის 14 სექტემბერს კი მისი ნეშტი „მზიურიდან“ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
მწერალს აღიარება პირველივე რომანებმა მოუტანა. რომანებისა და მოთხრობებისათვის 1975 წელს მას რუსთაველის პრემია, ხოლო 1980 წელს ლენინური პრემია მიენიჭა. ნოდარ დუმბაძის ყველაზე პოპულარული რომანებია „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“, „ნუ გეშინია, დედა!“,„თეთრი ბაირაღები“, „მარადისობის კანონი“.
დუმბაძის თხზულებები თარგმნილია მრავალ ენაზე.