შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ზღვაში შესვლა რეკომენდებული არ არის. ბათუმის სანაპიროებზე ბანაობა ორი დღით აიკრძალა.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, ომარ სურმანიძის განმარტებით, ზღვის სანაპიროებზე აღმართული წითელი ალმები დამსვენებლებს აფრთხილებს, აღნიშნული აკრძალვის შესახებ.
„დამსვენებლებს მოვუწოდებ, ფრთხილად იყვნენ. უსაფრთხოების მიზნით წითელი ალმებია აღმართული, რომელიც დამსვენებელს ამცნობს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. დღეს 3-დან 4 ბალამდე შტორმს ველოდებით, ხვალ შუადღემდე ზღვაში შესვლა რეკომენდებული არ არის", - აღნიშნა ომარ სურმანიძემ.
მისივე განმარტებით, დამსვენებლებს ზღვაში შესვლისგან თავშეკავებას სანაპიროზე მყოფი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ურჩევენ. სურმანიძის თქმით, თუ როდის მოიხსნება აღნიშნული აკრძალვა მოგვიანებით გახდება ცნობილი.