საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ევროპაში ემზადება. იგორ კოკოშკოვის შეგირდები ამჯერად სლოვენიაში გამართულ ტურნირში მონაწილეობენ. მასპინძლების გარდა ჩვენი მეტოქეები კანადისა და უკრაინის ნაკრებებიც არიან. საქართველოს ნაკრები ევროპის ამ ჩემპიონატსაც დანაკლისით ხვდება. რიკი ჰიკმანის და მანუჩარ მარკოიშვილის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა, გიორგი შერმადინი კი ჯერ ვერ ვარჯიშობს.
გუშინ ქართველებმა პირველი შეხვედრა ჩაატარეს უკრაინის ნაკრებთან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა და მათთან მიღწეული გამარჯვება ნამდვილად დასაფასებელია. კოკოშკოვმა ათი კალათბურთელი ათამაშა და მათგან საუკეთესოები „ძველი გვარდიის" წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა, ქება დანარჩენებსაც ეკუთვნით, რადგან კალათბურთი, მოგეხსენებათ, კოლექტიური თამაშია. საბოლოოდ ვიქტორ სანიკიძემ 35 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 3 პასი დააგროვა, ცინცაძემ 34 წუთში 11 ქულა და 5 პასი. მათ კარგად აუბეს მხარი შენგელიამ (12 ქ.), ფაჩულიამ (10 ქ.), ფაცაციამ (9 ქ.) და საბოლოოდ ჩვენებმა 70:62 იმარჯვეს. მომდევნო შეხვედრა მასპინძელ სლოვენიასთან 25 ივლისს თბილისის დროით 22 საათზე გაიმართება.