საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არაერთ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ ლოიალური არ უნდა იყოს.
„ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, იმიტომ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად საუბარი გვქონდა პოლიტიკურ ეთიკაზე. გუშინ და დღეს სამი ძირითადი ეპითეტი მივიღეთ – მატყუარები, კრიმინალები, დემაგოგები. რა თქმა უნდა, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ იგივე პასუხი მიიღოთ თქვენც. თუ ელოდებით, რომ როდისმე ვინმეს ოპოზიცია ეყოლება ლოიალური, ზრდილობიანი და დამხმარე, სამწუხაროდ, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიის ანა-ბანა თქვენთვის გასაგები არ ყოფილა “, – განაცხადა დარჩიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
დარჩიაშვილის თქმითვე, ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წლიან მმართველობაზე საუბარი უნდა შეწყვიტოს.