ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოები ინტენსიურად მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საჯარო ინფრასტრუქტურიდან, ზარალი ორ ხიდს მიადგა, საპრასია-ინაშაურის დამაკავშირებელი ხიდი ადიდებულმა მდინარე კვინწყალმა ჩაანგრია და უმნიშვნელოდ დაზიანდა ბარბათი-ვანი-დაფნარის 22-ე კმ-ზე მდებარე სოფელ ამაღლების ხიდი.
ვანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი, სამმართველოს თანამშრომლები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სპეციალურმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ სოფელ ამაღლების ხიდს, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა, რეკონსტრუქცია არ ესაჭიროება.
საპრასია-ინაშაურის ხიდი, რომელიც ადიდებულმა მდინარემ ჩაანგრია, ერთმანეთთან მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს აკავშირებდა. სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსის, თენგიზ თიფურიძის ინფორმაციით, მოსახლეობა ამ წუთისთვის სარგებლობს ამაღლება-ინაშაურის მოხრეშილი გზით. აღნიშნული ხიდი ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მისი აღდგენის, სხვა ინფრასტრუქტურული სამუშოების შესახებ მოთხოვნა, საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალიტეტმა უნდა წარადგინოს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აგრძელებს ინტენსიურ სამუშაოებს ვანის მუნიციპალიტეტში სტიქის შედეგების ლიკვიდაციისათვის.