თითქოს რადამელ ფალკაომ და „მონაკოს“ ხელმძღვანელობამ საბოლოო წერტილი დასვეს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, მაგრამ გუშინ სარბიელზე გამოჩნდა „მძიმეწონიანი“ მოთამაშე „მანჩესტერ სიტის“ სახით, რომლის წარმომადგენლებმაც განაცხადეს, ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე მონეგასკები უარს ვერ იტყვიანო. ქალაქელებს ფული რომ არ უჭირთ არახალია, მაგრამ უეფას მიერ დაწესებულ „Feir play“-ის საზღვრებში რომ ჩაეტიონ, ვინმეს გაყიდვა მოუწევთ და ეს ვინმე, სავარაუდოდ, სტეფან იოვეტიჩი იქნება, რომლის თავის რიგებში ხილვაც ასე ძლიერ უნდა ტურინის „იუვენტუსს“.
ფალკაოზე პრეტენზიები მადრიდის „რეალსაც“ გააჩნია. ფლორენტინო პერესი გუნდში კოლუმბიური სუპერ-დუეტის შექმნაზე დიდი ხანია ოცნებობს. ყველაფერი მომავალ კვირაში გაირკვევა.
ცოტა უცნაური ცნობები მოდის პარიზიდან. „პსჟ“-ს მთავარ გმირს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ტურნირის „იუვენტუსში“ დაბრუნება მოსდომებია. შეგახსენებთ, რომ ბებერი სენიორას რიგებში შვედმა ორჯერ მოიგო სკუდეტო, თუმცა ორივე ტიტული ფედერ კალჩოს სკანდალის გამო გაუქმდა.
მადრიდის „ატლეტიკოდან“ ამ ზაფხულს ლონდონის „ჩელსიში“ სამი ფეხბურთელი წავიდა – ტიბო კურტუა, ფელიპე ლუისი და დიეგო კოსტა. ახლა მადრიდელებმა მოისურვეს ლონდონელთა ფეხბურთელის გადმობირება და თვალი გერმანელ შიურლეს დაადგეს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიბრწყინა, განსაკუთრებით კი ბრაზილიელთა რბევაში (2 გოლი). თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, „ატლეტიკოს“, სავარაუდოდ, შარშანდელი ტრიუმფის კიდევ ერთი შემოქმედი დატოვებს და ეს თურქი არდა თურანი იქნება, რომელიც ამპლუით ასევე მარცხენაფლანგელია.
სატრანსფერო სეზონის გახსნამდე ბევრი ვარაუდობდა,რომ მილანის „ინტერს“ მაურო იკარდის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. თუმცა დღემდე მისი ფასიც კი არ დასახელებულა. და აი, „ინტერის“ ბოსებმა გამოაცხადეს, რომ 21 წლის არგენტინელს 30 მილიონ ევროდ შეელევიან, ხოლო თავად „რომას“ თავდამსხმელ მატია დესტრას „დაუმიზნეს“. ამ უკანასკნელის ყიდვა არც ისე იოლი იქნება, რადგან ცოტა ხნის წინ რომაელებმა გერმანული „ვოლფსბურგის“ შეთავაზებული 20 მილიონი იცოტავეს.
სატრანსფერო სეზონი ახლა იწყებს „დუღილს“ და წინ ბევრი საინტერესო სიახლეც გველის. დაველოდოთ და ყველაფერს საკუთარი თვალით ვიხილავთ.