საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროკავშირის დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 7 ახალი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა.
შვიდი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ევროკავშირის მიერ 9 180101.99 ლარი იყო გამოყოფილი.
ჯამში 280 ბინიდან 20 ბინა სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცემათ. ბინები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტრომ გადაანაწილა და კენჭისყრა ჩაატარა.
სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ორი წელი მიმდინარეობდა, 350 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 60% ადგილობრივი მოსახლეობა გახლდათ.
პროექტით ასევე მოხდა საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დამონტაჟდა გარე განათება, ბავშვებისთვის გაკეთდა 2 სკვერი. თითოეულ კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, კეთილმოეწყო ტროტუარები, გაიმართა სანიაღვრე სისტემები.
ფოთში ახლადაშენებული შვიდი კორპუსი დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილე გიორგია მაშუკელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ილია დარჩიაშვილმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ და ფოთის არჩეულმა მერმა ირაკლი კაკულიამ გახსნეს და 280 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
ბინების გადაცემის ცერემონიალს ასევე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სიმონე ვოლკენი ესწრებოდა.