საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კახეთში ალაზანი-აგრიჩაის მიწისქვეშა წყლების ტრანსასაზღვრო არტეზიულ აუზში განხორციელებულ საპილოტე პროექტს გაეცნო.
ელგუჯა ხოკრიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
მინისტრმა გურჯაანის რაიონის სოფლებში კალაურსა და ზეგაანში არსებულ რამდენიმე ჭაბურღილზე ჩეხეთის მთავრობისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დამონტაჟებული სარეჟიმო დაკვირვებების თანამედროვე ინოვაციურ რეჟიმში მომუშავე აპარატურაც დაათვალიერა.
ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის სინჯებიც აიღეს, რომლის მიზანი მიწისქვეშა წყლის ხარისხის განსაზღვრა და მისი რაოდენობის დადგენაა. აღნიშნული სადგურის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში იზომება წყლის ხარისხი, ტემპერატურა, მოცულობა, ელ-გამტარობა და დებეტი. კვლევის შედეგები კი, ონლაინ რეჟიმში ყოველ 10 წუთში ერთხელ მიეწოდება სააგენტოს მონაცემთა ბაზას.
წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ჭაბურღილზე ანალოგიური აღჭურვილობის დამონტაჟება.