შიდა ქართლში ხანგრძლივი წვიმის შედეგად წუხელ მოვარდნილმა ღვარცოფმა ხაშურის რაიონი დააზარალა. პრობლემები განსაკუთრებით ქვიშხეთში შეიქმნა , სადაც ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. სტიქიის შედეგად ჩაინგრა სამანქანო ხიდიც, თუმცა ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩანგრეული ხიდი სამ სოფელს ცენტრთან აკავშირებდა. სტიქიის შედეგად დახოცილია შინაური ცხოველი და ფრინველი. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მუშაობას უხალოეს პერიოდში შეუდგება. ქვიშხეთში ამჟამად აღარ წვიმს და ადგილობრივების დახმარებას საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები შეუდგნენ.
"მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურმა წვიმამ და უხვმა ნალექმა გამოიწვია მდინარის ადიდება, გადმოვიდა კალაპოტიდან და წალეკა სავარგულები. წყალი შევიდა სახლებშიც. დაზარალებულია რამდენიმე ათეული ოჯახი, განადგურებულია მათ ეზოებში არსებული მოსავალი. ჩაინგრა მდინარეზე გადებული ხიდიც. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. დახოცილია მხოლოდ შინაური ცხოველი და ფრინველი. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად მოვახდინოთ პრობლემის მოგვარება. შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლის" - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა.