ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი გახდა. როგორც თუმანიშვილის თეატრის მსახიობმა ირინა გიუნაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, გაზეთ "სთეიჯის" (The Stage) თეატრის კრიტიკოსთა ედინბურგის ჯგუფის თავჯდომარე ნიკ ოდიმ, მისალოცი სიტყვა ქართულ ენაზე წარმოსთქვა:
"გამარჯობათ! მე ნიკ ოდი ვარ, გაზეთ „სთეიჯის" თეატრის კრიტიკოსთა ედინბურგის ჯგუფის თავჯდომარე. "სთეიჯი" დაარსდა 1880 წელს და დღემდე ბრიტანეთის თეატრალური დარგის წამყვან გაზეთად ითვლება. "სთეიჯის" ნომინაცია სამსახიობო ხელოვნებისთვის ერთადერთია რომლითაც ედინბურგის ფესტივალზე სამსახიობო ხელოვნება ჯილდოვდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ჟიურის გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო - თქვენთვის, როგორც დასისთვის, ამ ჯილდოს მინიჭებისთვის, თქვენს მიერ წარმოდგენილი "ცხოველების ფერმის" შთამბეჭდავი შესრულებისთვის. პატივი მაქვს "სთეიჯის" სახელით გადმოგცეთ ეს ჯილდო თქვენ, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასს. გილოცავთ!" - აღნიშნა ნიკ ოდისმა.