საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო. დაზარალებულ სოფლებში უკვე გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი თენგიზ თოფურიძე და არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობს.
ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარმა წყალდიდობამ მდინარე შოლას ადიდება გამოიწვია, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ასევე, სოფელ ბულბულისწყაროში წაღებულია ხიდი, რომლის აღსადგენადაც სამუშაოები უკვე დაიწყო.
ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აგრძელებს ინტენსიურ სამუშაოებს ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქის შედეგების ლიკვიდაციისათვის.
(მოამზადა ანა ნოდიამ)