შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად დაშავებული მთამსვლელი, მწვერვალ უშბიდან ჩამოიყვანეს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ უშბაზე, 4000 მ სიმაღლეზე დაშავდა პოლონელი ტურისტი და ითხოვს დახმარებას. პოლონელ მთამსვლელთა 5-კაციანი ჯგუფი უშბაზე ერთ-ერთი მარშრუტის გავლის დროს ქვათაცვენაში მოყვა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ფეხის ტრავმა მიიღო და მარშრუტის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შსს-ს სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდა და ხუთივე პოლონელი მთამსვლელი მესტიაში ჩაიყვანა. მაშველებმა პავახ პიენკოხსკი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.“ - აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებული ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.