დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოსვლის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გამო, მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში წუხელვე ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მინისტრები სიტუაციას ადგილზე ეცნობიან. ინტენსიური წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო სტიქიის ზონაში სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
დევდორაკისა და თერგის ხეობის პირველადი დათვალიერება გამთენიისას ვერტმფრენით განხორციელდება, რა დროსაც ზარალის მასშტაბების შეფასება და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებების დადგენა მოხდება. დილიდან ადგილზე ვითარებას გეოლოგების ჯგუფის წევრებიც შეისწავლიან და პირველად შეფასებას დადებენ.
"სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის ტექნიკა, რამდენიმე საათში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. მოხდება თერგის კალაპოტის გაღრმავება. კლდოვანი მასის ჩამოწოლის შედეგად ამ დრომდე გადაკეტილია 17 მაისის სტიქიის შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საგანგებოდ მოწყობილი დროებითი საავტომობილო გზა. ხეობაში ამ დრომდე ყველა სახის საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია", - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
დევდორაკის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ ჩამოწვა. ოფიციალური მონაცემები დაშავებულების ან დაკარგულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.
დარიალში მეწყერი 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.