საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ცაგერის ისტორიული მუზეუმის ცხეთა-დეხვირის ღია ცისქვეშ მუზეუმში შუა საუკუნეების ციხის ნაშთებს, გალავანს და დიდი რაოდენობით ქვევრებს მიაკვლია.
ექსპედიციამ აგრეთვე ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებული ტერასული ტიპის ნაგებობები და ტიპიური კოლხური კერამიკის ნაშთები გამოავლინა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ჯგუფი უკვე მეორე წელია ცხეთა-დეხვირის ღიაცისქვეშ მუზეუმში კვლევით სამუშაოებს ატარებს. საქართველოში ეს ერთადერთი მუზეუმია, რომელიც ეთნოგრაფიულ ძეგლებთან ერთად სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებსაც აერთიანებს.
სპეციალისტები ძეგლზე ორ ჯგუფად მუშაობენ: ნაწილი იკვლევს შუა საუკუნეების დეხვირის ციხეს (ხელმძღ. რონალდ ისაკაძე), სადაც გალავანი და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობები გამოვლინდა. განსაკუთებით მნიშვნელოვანია აქ აღმოჩენილი, ვიზუალურად ძალიან კარგად შემორჩენილი, დიდი რაოდენობის ქვევრები, რაც მევენახეობის მძლავრ განვითარებაზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს რომ, სწორედ ეს მხარეა განთქმული ვაზის ისეთი უნიკალური ჯიშებით როგორებიცაა უსახელაური, ცოლიკაური, ლეჩხუმური ოჯალეში, ცხვედიანის თეთრი და სხვა.
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა მეორე ჯგუფი (ხელმძღ. ნინო სულავა) პარალელურად ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით დათარიღებულ ნასახლარს შეისწავლის, სადაც წელს ტერასულად გამართული ნაგებობა და ტიპიური კოლხური კერამიკაა აღმოჩენილი. აღნიშნული ტერიტორიის კვლევა გასული საუკუნის 70-იანი წლებში არქეოლოგ ლამარა სახაროვის მიერ დაიწყო. იმ დროისათვის ნასახლარის მცირემასშტაბიანი სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, რომლის დროსაც აღმოჩნდა ქვის უნიკალური ყალიბი, რომლის ანალოგი უცნობია. ყალიბში ჩამოისხმებოდა საინკრუსტაციო, მეანდრისებური (გადაბმული სვასტიკისებური) ფირფიტები, რომლებსაც ცნობილი კოლხური აბზინდების შესამკობად იყენებდნენ. ამ აღმოჩენის მიხედვით თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართკუთხა კოლხური აბზინდები მთიან კოლხეთში (ლეჩხუმში) მზადდებოდა. როგორც ჩანს, ნამოსახლარზე დამჯდარი მიწათმოქმედი-მესაქონლე მოსახლეობა ცხოვრობდა, რომელიც მეტალურგიასთან იყო დაკავშირებული.
(მოამზადა ანა ნოდიამ)