reportiori.ge - გოგლა ჟვანია: ზურას საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე და ეს პროცესი არ გადასცდება 2014 წელს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:27
ინტერვიუ
გოგლა ჟვანია: ზურას საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე და ეს პროცესი არ გადასცდება 2014 წელს!
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 14:50


რამდენიმე დღის წინათ პარლამენტარებმა გოგლა ჟვანიამ, ვალერი გელაშვილმა და კობა დავითაშვილმა წერილით მიმართეს სააკაშვილის მოსალოდნელი დაპატიმრებით აღშფოთებულ ოთხ ამერიკელ სენატორს. ვიდრე ჯონ მაკ-კეინი, ჯეიმს რიში, მარკო რუბიო და ჯინ შაჰინი საკუთარ რეაქციას გამოხატავენ, ჩვენ რედაქციაში სასაუბროდ მოვიწვიეთ გოგლა ჟვანია და ვალერი გელაშვილი.


გოგლა ჟვანია: - რადგანაც მეგობარი ქვეყნის მაღალი ავტორიტეტის მქონე სენატორთა პოზიცია ტენდენციურია, გვინდოდა, პირადი ისტორიების შეხსენებით მწარე სიმართლე გვეთქვა მათთვის. სამწუხაროდ, პირადმა ურთიერთობებმა გადაწონა სახელმწიფოებრივი ინტერესები. როგორ შესრულდება ქართველი საზოგადოების უპირველესი მოთხოვნა - სამართლიანობის აღდგენა - თუ მთავარი დამნაშავე არ დაისჯება?! სააკაშვილს დღეს ამერიკა კი არა, ცალკეული პოლიტიკოსები იცავენ. სააკაშვილის ხელისუფლებამ სერიოზული ფულის მოხვეჭა მოახერხა, რასაც დღემდე წარმატებით ხარჯავს ლობისტებში... სამაგიეროდ, პიარი „ქართული ოცნების" აქილევსის ქუსლია!


- საერთაშორისო საზოგადოების, უფრო სწორად, სენატორების მწვავე განცხადება სააკაშვილისათვის ბრალის წაყენებას მოჰყვა, თუმცა, ექსპრეზიდენტს ჯერჯერობით მხოლოდ ორ საქმეზე ედავებიან.

 

- 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების საქმეს კიდევ ბევრი სხვა ბრალდებაც დაემატება! ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გახმაურებულა.


- პირდაპირ გკითხავთ, წაუყენებენ თუ არა ბრალს მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას საქმესან დაკავშირებით?


- ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მინდა, რაიმე შეფასება გავაკეთო, მაგრამ აქვე გეუბნებით, ზურას საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე და ეს პროცესი არ გადასცდება 2014 წელს! ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური სამუშაოები მიდის. საკმაოდ ბევრი ნივთმტკიცება არსებობს, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. ამაზე მეტს, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.


- ერთია, ბრალის წაყენება, მეორე - რამდენად შეძლებს არსებული ხელისუფლება სააკაშვილის დაპატიმრებას?


- შეიძლება მყისიერად არა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა ოფიციალურად გამოცხადდება, მას აუცილებლად დააკავებენ. არ გამოვრიცხავ, რაღაც პერიოდი სააკაშვილი მიყრუებულ კუნძულებზეც მიიმალოს!


- მიყრუებულ კუნძულებზე კი არა, რამდენიმე დღის წინათ, სარფში თავის მომხრეებთან ერთად თათბირი გამართა.


- მან შესანიშნავად იცოდა, რომ ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრებოდა და ჩვეულ ტაქტიკას მიმართა. არადა, სააკაშვილი ისტერიკაშია! ეშინია იმის, რაც წინ ელოდება!


 ასე რომ, ბატონებო, იყავით ობიექტურნი! თუ თქვენ ძალიან გაწუხებთ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, სააკაშვილის ბედი, ჩამობრძანდით და გაეცანით სათანადო დოკუმენტაციას. ზერელე განცხადებით, სააკაშვილის მიერ მოწოდებული ცრუ ინფორმაციებით ნუ გამოიტანთ დასკვნებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ოფიციალური განცხადებების მიღმა პიროვნული ტრაგედიები დგას. პატივი ეცით თქვენს ქვეყანასაც! ნამდვილად არ გვსურს, თქვენი განცხადებების გამო, საზოგადოებაში მეგობარი ქვეყნის მიმართ უნდობლობა გაჩნდეს!


- სააკაშვილისთვის არაფერი გაქვთ სათქმელი?


- სააკაშვილს აწი საქართველოში მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებთან ექნება ურთიერთობა. ჩემთვის ეს ადამიანი დიდი ხანია, აღარ არსებობს!



ვალერი გელაშვილი: კრიმინალები და ყაჩაღები სააკაშვილმა თავის გვარში მოიკითხოს!

 

რამდენიმე დღის წინათ სააკაშვილმა აღნიშნა - არ მახსოვს, რომ ლანძღვა-გინებითი მიმოწერა გვქონოდეს ამერიკელ სენატორებთანო...

 

- ჩვენი წერილი პირადად სააკაშვილს შეეხო, კუდი აეწვა და ამიტომაც არის მისთვის სამარცხვინო და მიუღებელი, სენატორებთან რომ გავედით კონტაქტზე. სააკაშვილს პასუხისგებაში რომ მისცემენ, გგონიათ, საქართველოს ზიანი მიადგება?! პირიქით, სამართალი იზეიმებს! ბოლოს და ბოლოს ჩვენს სინამდვილეში დადგება დღე, როცა პირველი პირი დანაშაულების გამო პასუხს აგებს. დიახ, კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი პასუხს აგებს მთელი ერის წინაშე და ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ სენატორების მხარდაჭერა რეალურ სურათს ვერ შეცვლის! მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე სენატორის იმედად არის დარჩენილი. ცდილობენ, ხალხი დააჯერონ, თითქოს შეთქმულებას ამზადებენ და ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ცარიელი სიტყვებია. მკვდრები არ ცოცხლდებიან.


ისე კი, სააკაშვილი საქართველოს მცხოვრებთა შორის ყველაზე მდიდარია, რადგან ყველაზე დიდი ფული აქვს ბიუჯეტიდან მოპარული.


- თუმცა, მას შემდეგ, რაც თქვენი საქმე გაიხსნა და სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, მან უშუალოდ თქვენ გიწოდათ ყაჩაღი...

 

- სააკაშვილს ჩემზე კარგი რომ ეთქვა, ის იქნებოდა გულსატკენი. ერთადერთი ვიყავი, ვინც მას წინააღმდეგობა გაუწია. სხვასთან, ყველასთან გაუვიდა. ამიტომაც არის ჩემზე გამწარებული. 54 წლის ვარ და ვალერი გელაშვილზე არასდროს ყოფილა საქმე აღძრული.


- ისე, ბოლო დღეებში ნაციონალებს სალაპარაკო მიეცათ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა.

 

- გეგულებათ ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება? მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ევროპაში კრიმინალს რეკლამა არ უკეთდება. საქართველოში ოპოზიცია მკვლელობებსაც კი საკუთარი პიარისთვის იყენებს. კრიმინალები და ყაჩაღები სააკაშვილმა თავის გვარში მოიკითხოს.


P. S. ბატონ კობა დავითაშვილსაც დავუკავშირდით, თუმცა, პოლიტიკიდან წასულმა პარლამენტარმა კვლავ დუმილით გამოხატა თავისი პროტესტი, დუმილით, რომელიც ზოგჯერ სათქმელზე მეტია...


მოამზადა ნატო ფოცხიშვილმა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016