reportiori.ge - ქართული დიპლომატიის უცნობი ფურცლები: რა მოხდა 1919 წლის 15 სექტემბერს არგენტინის პრეზიდენტის სასახლეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 10:34
ინტერვიუ
ქართული დიპლომატიის უცნობი ფურცლები: რა მოხდა 1919 წლის 15 სექტემბერს არგენტინის პრეზიდენტის სასახლეში
ავტორი:
15 სექტემბერი, 2014. 11:42



დღევანდელ დღე, 15 სექტემბერი, ქართული დიპლომატიის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია: 95 წლის წინათ, 1919 წლის 15 სექტემბერს შორეულმა სამხრეთამერიკულმა სახელმწიფომ არგენტინამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ოფიციალურად - დე-იურედ აღიარა.

 

 

რა მიზეზებმა განაპირობა კავკასიის ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს აღიარება, ვინ განახორციელა საქართველოს მხარდამჭერი ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი და როგორ იქნა აღქმული თბილისში არგენტინის გადაწყვეტილება?

 

 

ვესაუბრებით ქართული დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარს სიმონ კილაძეს.

 

 

 

- ბატონო სიმონ, საქართველოს დიპლომატიას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1918-1921 წლების მოვლენები, როცა ურთულესი პოლიტიკური პროცესების ფონზე, საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟი ნელა, მაგრამ შეუქცევადად მტკიცდებოდა. ამის დასტურია საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა არგენტინის მიერ...





- დიახ, გეთანხმებით, ქართული სახელმწიფოსათვის არგენტინის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვან აქტს წარმოადგენდა. საკმარისია ითქვას, რომ არგენტინა იყო პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც იმდროინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით იურიდიულად აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი. რასაკვირველია, მოგვიანებით საქართველო დამოუკიდებლობა სხვა სახელმწიფოებმაც აღიარეს, მაგრამ სამხრეთამერიკულმა არგენტინამ პირველმა გადადგა ნაბიჯი ამ მიმართულებით.

 

 

- შეიძლება კითხვა დაიბადოს - სად საქართველო და სად არგენტინა? საინტერესოა ის მიზეზები, რომლებმაც არგენტინის ხელისუფლებას ამგვარი გადაწყვეტილება მიაღებინა...

 

 

- საქმე ის გახლავთ, რომ იმდროინდელ არგენტინაში პოლიტიკური პროცესები ძალიან დინამიურად ვითარდებოდა, მაღალი იყო მოსახლეობის აქტიურობა - ჯერ კიდევ 1916 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში რადიკალური პარტიის („რადიკალურ-სამოქალაქო კავშირის“) კანდიდატმა იპოლიტო ირიგოიენმა გაიმარჯვა. მისი მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთობ პროგრესულ ხასიათს ატარებდა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ პროფესიით იურისტი პრეზიდენტი იპოლიტო ირიგოიენი ღრმა პატივისცემით ეპყრობოდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებს და მხარს უჭერდა ახალგაზრდა სუვერენულ სახელმწიფოებს, მისთვის მიუღებელი იყო რომელიმე სახელმწიფოს სამხედრო ძალით დაპყრობის იდეები. საინტერესოა, რომ მოგვიანებით იპოლიტო ირიგოიენს, მისი საერთო-სახალხო პოპულარობისა და მოსახლეობის გამაერთიანებელი მოღვაწეობის გამო, „არგენტინელი განდი“ უწოდეს. ერთი საინტერესო ფაქტი: 1919 წელს ბუენოს-აირესში გარდაცვლილი მექსიკის ელჩი სამშობლოში, იპოლიტო ირიგოიენის განკარგულებით, არგენტინის სამხედრო გემით წაასვენეს. სანამ მექსიკამდე მიაღწევდა, ხომალდისთვის აუცილებელი გახდა აშშ-ის მიერ ოკუპირებულ დომინიკანის რესპუბლიკის ნავსადგურში შესვლა. კაპიტანმა ვერ გარისკა, თუ რომელი ქვეყნის დროშა აეფრიალებინა ანძაზე - ამერიკელების თუ დომინიკანელებისა, ამიტომ  რადიოთი თავისი ქვეყნის ხელისუფლებას დაეკითხა. პრეზიდენტს რომ ეს მოახსენეს, მან იქვე გასცა განკარგულება: „აღმართეთ დომინიკანელთა რესპუბლიკის დროშა“. რა თქმა უნდა, ამ ფაქტით ამერიკელები აღშფოთდნენ, მაგრამ იმავდროულად ეს პრეზიდენტის პოლიტიკურ კრედოზეც მიუთითებს.

 

 





ჰოდა, სწორედ ასეთმა ადამიანმა - აპრეზიდენტმა იპოლიტო ირიგოიენმა  1919 წლის 15 სექტემბერს, რეზიდენცია „კასა როსადაში“ - ისტორიულ სასახლეში ხელი მოაწერა დეკრეტს, რომელიც მხოლოდ ორი პუნქტისაგან შედგება: „პირველი - აღიარებულ იქნეს არგენტინის რესპუბლიკის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობა; მეორე - ეს აქტი გამოქვეყნდეს სპეციალურ ბიულეტენში“. აქვე დავამატებ, რომ დეკრეტი რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდა არგენტინის გაზეთებშიც, მათ შორის „ლა რეპუბლიკაში“.

 

 

- საინტერესოა საქართველოს მთავრობის რეაქცია, როცა თბილისში არგენტინის გადაწყვეტილება გაიგეს...

 

 

- რადგან პირველი მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო, კავშირგაბმულობის მოშლილი მდგომარეობის გამო აღიარების ამბავმა საქართველოში საკმაოდ გვიან ჩამოაღწია:  პირველი ცნობა არგენტინის გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ („მთავრობის მოამბეში“) 1919 წლის 2 ნოემბერს, რომელშიც პარიზიდანაა გამოგზავნილი, საზავო კონფერენციაზე მყოფი საქართველოს დელეგაციის მიერ. როგორც ჩანს, დელეგაციამ სწორედ იქ შეიტყო არგენტინის პრეზიდენტის დეკრეტის არსებობა, ეს აცნობა გაზეთ „იუმანიტეს“, პარალელურად კი თბილისს. რასაკვირველია, ამ ფაქტმა საქართველოს ხელისუფლების დიდი მოწონება დაიმსახურა და სიხარული გამოიწვია. ინფორმაციის ტექსტი გავრცელდა თბილისში გამომავალ რუსული, სომხური და აზერბაიჯანული გაზეთების მეშვეობითაც.

 

 

მოგვიანებით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ბუენოს-აირესში დეპეშა გაგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „ბუენოს-აირესი. არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ცნობად მიიღო, რომ არგენტინის მტავრობამ ამა წლის 15 სექტემბრის დეკრეტით საქართველო აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამ ცნობას ჩვენი რესპუბლიკა შეხვდა უღრემესი სიხარულითა და მადლობის გრძნობით თავისი უფროსი დის - არგენტინის დემოკრატიული რესპუბლიკისადმი, რომელმაც შეძლო სხვა სახელმწიფოებზე უფრო ადრე გაეგო საქართველოს დემოკრატიის იდუმალი მისწრაფებანი და რომელმაც თავისი დეკრეტით დაბადა იმედი, რომ მის მაგალითს სხვა სახელმწიფოებიც მიჰყვებიან. გიძღვნით ღრმა მადლობას და არგენტინის დემოკრატიას გულწრფელად ვუსურვებ აყვავებას მომავალში“. დეპეშის ქართულენოვანი ტექსტი თბილისში იმ პერიოდში გამომავალ ყველა გაზეთში გამოქვეყნდა.

 

 

- საერთაშორისო რეაქცია თუ მოჰყვა არგენტინის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას?

 

 

- რასაკვირველია. ქართულ პრესაში გამოქვეყნდა იტალიური გაზეთების მასალების მიმოხილვა, რომელშიც ნათქვამია: „არგენტინის რესპუბლიკის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამ მხურვალე გამოხმაურება გამოიწვია იტალიის პრესაში. იტალიის გაზეთებმა ამ აქტს ვრცელი წერილები უძღვნეს, რომლებიც აღსავსეა მხურვალე სიმპატიებით საქართველოსადმი.  გაზეთი „მესადჟერო“ სწერს: არგენტინის მთავრობამ 15 სექტემბრის დეკრეტით ოფიციალურად იცნო არა მარტო დამოუკიდებლობა, არამედ აღიარა სახელმწიფოებრივი თავისუფლება საქართველოსი. ეს მოწმობს იმას, რომ ქართველი დემოკრატები ღირსნი არიან ნდობისა. ერთ წელზე მეტია, რაც არსებობს კავკასიის რესპუბლიკა, რომელმაც გამოიჩინა უნარი წესრიგისა და პროგრესისა. ჩვენს პოლიტიკურ ბეცებს კი არ სურთ ეს დაინახონ... არგენტინა აფასებს მდგომარეობას ობიექტური თვალსაზრისით და იძლევა მაგალითს, რომელსაც უნდა მიმართონ სხვა ნეიტრალურმა სახელმწიფოებმაც. სამწუხაროა, რომ იტალიის მთვარობა არ არის ამის ინიციატორი, თუმცა მას ჰქონდა ამისათვის ხელსაყრელი პირობები. ჯერ კიდევ არის დროს გამოსწორდეს ეს ნაკლი“.

 

 

გაზეთი „ტრიბუნა“ სწერს: „პირველი მთავრობა, რომელმაც ოფიციალურად ცნო საქართველოს ახალი სახელმწიფო, არგენტინაა... უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ პარიზის საზავო კონფერენციის მუშაობის დამთავრების შემდეგ სხვა მთავრობებიც არ დააყოვნებენ საქართველოს ცნობას და პირველ ყოვლისა, ამას გააკეთებს იტალიის მთავრობა“.

 

 

სხვათა შორის, როცა საქართველომ 1920 წლის ბოლოს ერთა ლიგაში (გაეროს წინამორბედ ორგანიზაციაში) გაწევრიანებისათვის განაცხადი წარადგინა, არგენტინის წარმომადგენელმა ჩვენს სურვილს მხარი დაუჭირა და ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა: „აუცილებელია ჩვენს ორგანიზაციაში იმ სახელმწიფოების მიღება, სათათბირო ხმის უფლებით მაინც, რომლებსაც დამოუკიდებელი მმართველობის ორგანოები გააჩნიათ“. სამწუხაროდ, არგენტინის წარმომადგენელი უმცირესობაში აღმოჩნდა, ხმების უმრავლესობით საქართველო ერთა ლიგის წევრად არ მიიღეს.

 

 

ბატონო სიმონ, როგორ განვითარდა არგენტინასთან ურთიერთობა 1921 წლის შემდგომ, როცა რუსეთის ჯარებმა საქართველოს  ოკუპირება მოახდინეს და საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს?

 

 

საქართველოდან იმ დროს ბევრი ემიგრაციაში წავიდა, მათ შორის რამდენიმე ოჯახი მეგობარ არგენტინაშიც ჩავიდა და იქ ცხოვრება დაიწყეს. სხვათა შორის, იმ წლებში არგენტინა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ განვითარებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მოგვაინებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა 1946 წელს საბჭოთა კავშირსა და არგენტინას შორის დიპურთიერთობა დამყარდა, საქართველოს საკითხი მივიწყებულ იქნა, თუმცა ორი ქვეყნის კავშირები ისევ აღდგა 1992 წლის 8 ივნისს, როცა დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. საქართველოს საელჩო ბუენოს-აირესში 2012 აპრილიდან მუშაობს. რაც შეეხება არგენტინის მხარეს, 2009 წლის მარტიდან საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდება თურქეთში არგენტინის საელჩოდან. ამჟამად არგენტინაში დაახლოებით 30-მე ქართველი ცხოვრობს.

 

 

- ამას წინათ, როგორც ხელისუფლება იტყობინებოდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არგენტინას ეწვია. რას გვეტყოდით მოკლედ ამ ვიზიტის შესახებ?

 

 

- 2014 წლის 20 აგვისტოს, პარაგვაიში ვიზიტის განხორციელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტი არგენტინის რესპუბლიკა ეწვია. გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკტორ ტიმერმანის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, გელა სეხნიაშვილი. საღამოს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა არგენტინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგელებს.

 

 

მე ყურადღებით გავეცანი ვიზიტის მასალებს და მინდა ვთქვა, რომ დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობა ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლოა. ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობის დიდი პოტენციალი აქვთ, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ეკონომიკის - სოფლის მეურნეობის სფეროში.

 

 

ამასთან მინდა ისიც ავღნიშნო, რომ არცერთ შეხვედრასა და გამოსვლაში, არცერთ ინტერვიუში, რომლებიც დელეგაციის წევრებმა არგენტინულ გაზეთებს მისცეს, ნახსენებიც კი არ არის საქართველოსა და არგენტინის ისტორიული ურთიერთობების ამსახველი ფაქტები, არაფერია ნათქვამი იპოლიტო ირიგოიენის შესახებაც, რომელმაც იმ შორეულ წლებში საქართველოს პირველმა გამოუცხადა სრული პოლიტიკურ-სამართლებრივი და დიპლომატიური მხარდაჭერა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი დელეგაციის წევრები ამ მხრივ მოუმზადებლები იყვნენ. ეს, ალბათ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უყურადღებობითაა გამოწვეული.

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016