reportiori.ge - Fest I Nova 2014 გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 18:55
კულტურა
Fest I Nova 2014 გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
15 სექტემბერი, 2014. 16:27



14 სექტემბერს კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2014-ს გახსნა.


ფესტივალს ასევე დაესწრო მინისტრის პირველი მოადგილე კახა კანდელაკი. Fest I Nova კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას" ორგანიზებით მოეწყო.


წლევანდელი, მე-6 ფესტივალის თემა - Opus Mixtum თანამედროვე ხელოვნების უსაზღვრო შესაძლებლობებით არის შთაგონებული. ლათინური ტერმინი ანტიკური ეპოქის არქიტექტურულ ექსპერიმენტებს უკავშირდება და შერეულ ნამუშევარს ნიშნავს, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებდა.



შერეული ტექნიკა თუ მულტიმედიური ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი სახასიათო ფორმატია და უფრო გაფართოებულ შინაარსებს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ მასალების ან ტექნიკური აღჭურვილობის შერევაა.



ექსპოზიცია წარმოადგენს როგორც არქიტექტურულ მოტივებზე აგებულ კონსტრუქცია-სკულპტურებს, ასევე სხვა ტიპის ნამუშევრებსაც - ინსტალაციებს, ვიდეოარტსა და პერფორმანსებს.



სხვადასხვა სახით გამოვლენილი მხატვრული სინთეზი მთავარი კომპონენტია ფესტივალზე წამორმოდგენილი ნამუშევრებისთვის, თუმცა, მონაწილეები არ არიან შეზღუდული რაიმე სახის მკაცრი მოთხოვნებით - მთავარი განმსაზღვრელი თავისუფლების ხარისხი და ნამუშევრით დემონსტრირებული არტისტული ხედვაა.



Opus Mixtum „არტ-ვილა გარიყულას" საექსპოზიციო სივრცეში რამდენიმე ეროვნულ პავილიონს გააერთიანებს; წარმოდგენილი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიისა და საფრანგეთის პავილიონები. ამასთან ერთად, ინსტიტუტ „სტრელკას" (მოსკოვის არქიტექტურისა და დიზაინის ინსტიტუტი) პროექტი, ასევე - ლატვიელი არტისტების პავილიონი და რამდენიმე ინდივიდუალირი პროექტი. ყველა პავილიონი კონცეპტუალურია და „გარიყულაში" კონკრეტული ქვეყნის მუდმივი კულტურული სივრცის შექმნას გულისხმობს.



ფესტივალის კურატორია მხატვარი და „არტ-ვილა გარიყულას" დამფუძნებელი ყარამან ქუთათელაძე. OPUS MIXTUM იდეის ავტორები არიან ყარამან ქუთათელაძე და არტ-კრიტიკოსი ხათუნა ხაბულიანი.




XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, შიდა ქართლის სოფელი ახალქალაქი შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და ფერთა პალიტრით ქართველ მხატვართა რამდენიმე თაობის შთაგონების წყარო იყო.



ათწლეულების მანძილზე დიდი მოურავის შთამომავლების „მარშლიაანთ სასახლე" თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა საზაფხულო ბაზად ფუნქციონირებდა და უამრავ მხატვარს უყრიდა თავს. 2000 წლიდან კი მხატვართა კომუნამ მდინარე თეძმის პირას „ბოლგარსკიაანთ სასახლეში" გადაინაცვლა, რომელიც მე-19 საუკუნეში, პოლონური წარმოშობის თბილისელმა სამოქალაქო ინჟინერმა ვასილი ბოლგარსკიმ ააშენა მეუღლისთვის. გასაბჭოების შემდეგ, ბოლგარსკი ხალხის მტრად გამოაცხადეს და დახვრიტეს. მისი ერთადერთი შთამომავალი მხატვარი ვერა ბელეცკაია - თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი თაობის წარმომადგენელი, გასული საუკუნის 80-იან წლებში გარდაიცვალა.



სწორედ მდინარე თეძმის პირას აგებულმა „ბოლგარსკიაანთ სასახლემ" მისცა ინსპირაცია მხატვარ ყარამან ქუთათელაძეს „გარიყულაში" „ბაუჰაუზის" ტიპის არტისტული გაერთიანების შექმნისთვის.



2000 წლიდან მოყოლებული გარიყულაში თავს იყრიან ხელოვანები მთელი მსოფლიოდან - იქმნება ერთობლივი პროექტები; იბმება პიროვნული კავშირები.




ბაუჰაუზის პრინციპებზე დაფუძნებული არტ-ცენტრი მოდერნიზმის, კერძოდ, თბილისური ავანგარდის გამოცდილებას იყენებს. მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების მეშვეობით სოციალური ცვლილებების ინიცირება და ახალქალაქის არტ-სოფლად, ფესტივალების ქალაქად გარდაქმნაა.



„გარიყულაში" დაიბადა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის შექმნის იდეაც, რომელიც არსებობის ექვსი წლის მანძილზე არაერთი ინოვაციური პროექტის დასაბამი გახდა. შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის გახსნილი ფესტივალი „Fest I Nova" „გარიყულას" საერთაშორისო არტ-სივრცეში დასამკვიდრებლად ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016