გერმანული კერძო დეტექტიური სააგენტო 30 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს ჰპირდება მას, ვინც ივლისში, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიური "ბოინგის" შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებას ეკონომიკური დანაშაულებების საგამოძიებო სააგენტოდან დეტექტივი იოზეფ რეში აწარმოებს. სააგენტო ეძებს ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ ჩამოაგდო მალაიზიური თვითმფრინავი და ვინ გასცა მისი ჩამოგდების ბრძანება, ასევე, ვინ მფარველობს ამ დანაშაულს.
გამომძიებლები აპირებენ იმის დადგენასაც, რა დაემართა დანაშაულის უშუალო შემსრულებლებს. გამოცემის ინფორმაციით, არაფერია ცნობილი იმის შესახებ, თუ ვინ დგას ამ კერძო გამოძიების უკან.
დეტექტივები სავარაუდო ინფორმატორებს მოუწოდებენ, ინფორმაცია წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე არც ელექტრონული ფოსტით მიაწოდონ და არც ტელეფონის საშუალებით.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიის პროკურატურა მუშაობს ვერსიაზე, რომ თვითმფრინავი "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტით არის ჩამოგდებული.